ზვიად გამსახურდია


იგავები


თერსიტეს გაცოცხლება

აინშტაინის ფარდობითობის თეორიის განვითარების შედეგად ადამიანებმა ბოლოს და ბოლოს შექმნეს მრავალგზის ნაწინასწარმეტყველევი "დროის მანქანა", რომელმაც შესძლო გარდასულ ჟამთა ისტორიული პირების, აგრეთვე მხატვრულ ნაწარმოებთა გმირების გაცოცხლება. ახალი აგრეგატი საკმაოდ კაპრიზული აღმოჩნდა. თავდაპირველად იგი არ ემორჩილებოდა თავის შემქმნელთა ნებას და თვითნებურად მოქმედებდა. ყველაზე პირველად მან გააცოცხლა ცნობილი ისტორიული პირი, ძველ საბერძნეთში მცხოვრები კუზიანი თერსიტე, აგამემნონის, აქილევსის, ოდისევსის თანამოლაშქრე ტროას ომში, რომელიც გამოირჩეოდა არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი სიმახინჯით და ღვარძლიანობითაც. შურით შეპყრობილი გამუდმებით ლანძღავდა გმირებს, აქილევსს, ეანტს და სხვათა, რამეთუ თავად სულით ჯაბანი იყო და არ ხელეწიფებოდა მათგვართა საქმეთა ჩადენა. სწორედ, ამიტომ უთავაზა მას ოდისევსმა თავისი კვერთხი და ჩააჩუმა სამუდამოდ.

ასე რომ, ეს ვაჟბატონი გააცოცხლა დროის მანქანამ ყველაზე ადრე. თერსიტეს წარბიც არ შეუხრია ახალი ადამიანის დანახვაზე, მას ერთი წუთითაც არ ეუცხოვა ახალი გარემო და წამსვე განაგრძო ძველი საქმიანობა. მან მიმოათვალიერა გარშემო მყოფნი და დაუწყო ძებნა ყველაზე მეტად ღირსეულებს. მისი ლანძღვა-გინების და ცილისწამების პირველ ობიექტად იქცა თავად "დროის მანქანის" გენიოსი გამომგონებელი. შემდეგ სხვა ნიჭიერ და ღირსეულ ადამიანებსაც მიადგა იგი. ბოლოს ისე მოაბეზრა ხალხს თავი, რომ მეცნიერებმა გადაწყვიტეს თერსიტეს "ანულირება", ანუ ისევ წარსულში გადაყვანა, მაგრამ ამაოდ. გამოირკვა, რომ მათ მანქანას შეეძლო მხოლოდ წარსულიდან გამოხმობა სავალალო აჩრდილებისა, მათი უკანვე ჩადენა კი წარსულში მას აღარ ხელეწიფებოდა. მაშინ თერისტემ თავად გაანდო მათ თავისი მდგრადობის საიდუმლო: "მე ზოგადადამიანური მოვლენა ვარ, ყველა დროისთვის დამახასიათებელი, ამიტომ თქვენ ვერასგზით ვერ მოახერხებთ ჩემს ლოკალიზებას მხოლოდ წარსულში. მე რომ შემთხვევითი, ან არატიპიური მოვლენა ვყოფილიყავი, მაშინ შესძლებდით ჩემს ანულირებას. ამჟამად კი მე უფრო შევძლებ თქვენს ანულირებას, ვინაიდან თქვენისთანები უფრო ეკუთვნიან წარსულს, ვიდრე ჩემისთანები. ამაოდ ზრუნავთ, ვინაიდან ჩემია აწმყო და რაც მთავარია, მომავალი". ამის შემდეგ თერისტე თავისუფლად დაპარპაშებს და ცდილობს თავისი საკუცთარი "დროის მანქანის" გამოგონებას, რომლითაც შესძლებს ყველა ღირსეული და პატიოსანი ადამიანის გადადენას წარსულში.


ორი ლომის ამბავი

ერთხელ ცირკის მხეცები ზოოპარკში ჩამოატარეს, სურდათ ენახათ, თუ ვით შეხვდებოდნენ მათ გალიაში დამწყვდეული თვისტომნი. ერთი ყველაზე სამაგალითოდ გაწვრთნილი ლომი თავის მოძმის გალიასთან შეჩერდა და უთხრა: "ეჰ, რარიგ მებრალები, ძმობილო, აქ ჩამწყვდეული, გაძვალტყავებულხარ, თვალებში შუქი ჩაგქრობია ნიადაგ ერთ ადგილას გდებით და გალიაში წრიალით. წამოდი ჩვენსას ცირკში, ჩვენი ბატონი კარგად გაჭმევს, არაფერს მოგაკლებს, საზოგადოებაც დიდი გეყოლება. აბა, აქ გდება რას მოგცემს, შენს სანატრელ უდაბნოში, ხომ იცი, მაინც არავინ გაგიშვებს, რახან აქ მოხვედი, სიკვდილამდე აქ უნდა გალიო დღენი შენნი".

"ეჰ, ძმობილო, რარიგ გადაუგვარებიხარ კაცს, თავისუფლება მონობაზე რომ გაგიცვლია. ისევ ის მირჩევნია, აქ ვიჯდე მოწყენით, ვიდრე კაცის მონა ვიყო და მისი მათრახის ტკაცუნზე ვიხტუნო და ვიჯამბაზო. აქ ის მაინც ვიცი, რომ არავის მონა ვარ და იმასაც ვერავინ ამიკრძალავს, ხანდახან დავიქუხო გულდარდიანმა და უდაბნოს სევდა განვიქარვო, შენ კი ხმის ამოღებაც აკრძალული გაქვს, რათა შენმა გრუხუნმა ცირკის მაყურებლები და მომსახურენი არ შეაშფოთოს. ჩვენი მოდგმა მაინც გადაშენების გზაზეა დამდგარი, მალე ასპარეზი ლომ-ვეფვთა ნაცვლად ვირთხებსა და ტურა-მელიებს დარჩებათ, ასე, რომ, აქაც მშვიდობიანად დავლევ ჩემს დღეებს".


თევზები და გველთევზა

იყო ერთი გველთევზა, რომელსაც ფარფლ-ქერეჭი თევზისა ჰქონდა, შხამი და საზრიანობა კი - გველისა. გველთევზა ნაპირზე ცხოვრობდა და ხანდახან თუ ჩააკითხავდა წყალში თავის მოძმეთ. თევზებმა უთხრეს: "რა გინდა მაგ ხრიოკ ნაპირზე, გადმოსახლდი ჩვენთან, წყალში, განა ვერ ვხედავთ, ვით იტანჯები მანდ უწყლობით, შენ აქ გვჭირდები თევზებს, შენი ადგილი აქ არისო".

"განა წყალი არ მირჩევნია ამ უხეირო სამკვიდრებელს, წყლისათვის დავბადებულვარ, მაგრამ ამ ნაპირზე თქვენთვის სახიფათო, ვერაგი მეთევზეები რომ მომრავლებულან, ჯერ იმათ უნდა დავუგესლო ფეხები, რათა ვეღარ შესძლონ წყალში ბადის გადმოსროლა და თქვენი ერთიანად განადგურება. როდესაც მათ ფეხს ამოვუკვეთავ ამ ნაპირზე, მეც თქვენთან გადმოვალო წყალში საცხოვრებლად. მანამდის კი, მეც რომ თქვენსავით წყალში ვიცხოვრო ნიადაგ, შხამს დამიკარგავს წყალი და მტრებს ვეღარ მოგაშორებთ, ამიტომაც გამიწირავს თავი და აქ, ამ ნაპირზე ვარ ჩასაფრებული, ფათერაკი რომ აგარიდოთ. თქვენმა და ჩემმა შემოქმედმა გველად იმადაც მაქცია, რომ თქვენ წყალში იცხოვროთ და განამრავლოთ თევზთა მოდგომა, მე კი აქედან უნდა გიყარაულოთ. საზიანოა ეს ჩემთვის, მაგრამ ჩვენი მოდგომის გადასარჩენად ასე არისო საჭირო".


არწივი და ბაყაყები

ერთ წუმპეში ბაყაყები ამბობდნენ, არასოდეს გვინახავსო არწივის ფრენა. ამის მიზეზი შემდეგი იყო: რამდენჯერაც დააპირა არწივმა აფრენა, ისეთი შხუილი შექმნეს მისმა ფრთებმა, რომ ელდანაცემი ბაყაყები წყალქვეშ გაუჩინარდნენ. შემდეგ კი, როდესაც ისინი თავს ამოჰყოფდნენ წყლიდან, არწივი უკვე ღრუბლებში იყო. ამის გამო ბაყაყები ამტკიცებდნენ, არწივმა საერთოდ არ იცისო ფრენა (სამაგიეროდ მათთვის ფრენის ხელოვნების მწვერვალი იყო ჭაობის ნემსიყლაპია, რომელიც ჭაობის ზედაპირს არ სცილდება და ამის გამო "გველისთავის მპარსველსაც" უწოდებს ხალხი).


ბრმების ქვეყანა

ბრმათა ქვეყანაში ცხოვრობდა ერთი თვალხილული ექიმი, რომელმაც იცოდა ბრმათა მკურნალობა. ნაცვლად იმისა, რომ მისთვის კლინიკა მიეცათ, იგი შინ ჰყავდათ დამწყვდეული და არ აძლევდნენ უფლებას ხალხში გასულიყო და უსინათლოთათვის ემკურნალა, ვინაიდან ამ ქვეყნის ხელმწიფე და დიდებულნი არწმუნებდნენ ხალხს: "თქვენ თვალხილულნი ხართ, ხოლო ის ერთი მეტიჩარა, რომელიც ვითომდაც თვალის ახელას გპირდებათ, თავად არის ერთადერთი ბრმა ჩვენს სამეფოში და სახლშიც იმის გამო გვყავს დამწყვდეული, რომ თვალხილულები არ დაგვიბრმაოს და გარდა ამისა, თავად არ გადაიჩეხოს სადმე და არ დაშავდესო".




დაბრუნება