თანამედროვე სამეცნიერო კვლევის ასოციაცია

ქართლის ცხოვრება
სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტომი 1, თბილისი 1955

ტექსტი გადმოღებულია ტიტუს პროექტის ელექტრონული გამოცემიდან პორფ. იოსტ გიპპერტთან შეთანხმებით:
TITUS Project, მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტი

ტექსტის აკადემიური ვერსიის მისამართი: Leontius Ruensis - Vitae Nino


ლეონტი მროველი

მოქცევა მირიან მეფისა და მის თანა ყოვლისა ქართლისა წმიდისა და ნეტარისა დედისა ჩუენისა ნინო მოციქულისა მიერ

[გაგრძელება]

[წინა ნაწილი]

თქუმული სიდონია დედა-კაცისა
რომელი იყო მოწაფე ნინოსი, რომელი-ესე იხილა და დაიწერა მოქცევა სასწაულითა მირიან მეფისა, და შევრდომა ნინოსი აღსარებისათჳს ქრისტესისა, ჯუარისა აღმართებისათჳს, ეკლესიათა აღშენებისათჳს და მას შინა სასწაულთა მისთათჳს.

თავი მეშჳდე, მამაო გუაკურთხენ


"და იყო. დღესა ერთსა ზაფხულისასა, თუესა ივლისსა ოცსა, დღესა შაბათსა, განვიდა მეფე ნადირობად მუხნარით-კერძო, და მოუჴდა უჩინო იგი მტერი, ეშმაკი, და შთაუგდო გულსა სიყუარული კერპთა და ცეცხლისა; და იგონებდა ყოველსა მსახურებასა მათსა და მახჳლითა მოწყუედასა ყოველთა ქრისტიანეთასა. და რქუა მეფემან ოთხთა თანა-მზრახველთა მისთა: "ღირს ვართ ჩუენ ღმერთთა ჩუენთაგან ბოროტის ყოფასა, რამეთუ უდებ ვიქმნენით მსახურებასა მათსა და მიუშჳთ ჩუენ ქრისტიანეთა გრძნეულთა ქადაგებად სჯულსა მათსა ქუეყანასა ჩუენსა: რამეთუ გრძნებითა ჰყოფენ საკჳრველებათა მათ. აწ ესე არს განზრახვა ჩემი, რათა ბოროტად მოვსრნეთ ყოველნი მოსავნი ჯუარ-ცმულისანი და უმეტეს შეუდგეთ მსახურებასა ღმერთთა მათ მპყრობელთა ქართლისათა; ვამხილოთ ნანას, ცოლსა ჩემსა, შენანება და დატეობა სჯულსა ჯუარ-ცმულისასა, და თუ არა მერჩდეს, დავივიწყო სიყუარული მისი და სხუათა-ვე თანა წარვწყმიდო იგი-ცა". და დაუმტკიცეს განზრახვა მისი თანა-მზრახველთა მათ, რამეთუ მჴურვალედ იყვნეს იგინი საქმესა ამას, და ნებვიდა პირველითგან და ვერ იკადრებდეს განცხადებად.

"ხოლო მეფემან მოვლო ყოველი სანახები მუხნარისა და აღვიდა მთასა ზედა თხოთისასა მაღალსა, რათა-მცა მოიხილა კასპად და უფლისციხედ. განვიდა თხემსა მთისასა. შუა-სამხრისა ოდენ დაბ/ნელდა მზე მთასა ზედა და იქმნა ვითარცა ღამე ბნელი, უკუნი, და დაიპყრნა ბნელმან არენი და ადგილნი. და განიბნივნეს ურთიერთას ჭირისაგან და ურვისა.

"და დაშთა მეფე მარტო, და იარებოდა მთათა და მაღნართა შეშინებული და შეძრწუნებული. დადგა ერთსა ადგილსა და წარეწირა სასოება ცხოვრებისა მისისა. და ვითარცა მოეგო თავსა თჳსსა ცნობასა, და განიზრახვიდა ესრეთ გულსა თჳსსა: "აჰა ესე-რა, ვხადე ღმერთთა ჩემთა და არა ვპოვე ჩემ ზედა ლხინება. აწ, რომელსა-იგი ქადაგებს ნინო ჯუარსა და ჯუარ-ცმულსა და ჰყოფს კურნებასა, მისითა მოსავობითა, არა-მცა ძალ ედვა-ა ჴსნა ჩემი ამის ჭირისაგან? რამეთუ ვარ მე ცოცხლივ ჯოჯოხეთსა შინა და არა უწყი, თუ ყოვლისა ქუეყანისათჳს იქმნა დაქცევა ესე, ანუ თუ ჩემთჳს ოდენ იქმნა. აწ, თუ ოდენ ჩემთჳს არს ჭირი ესე, ღმერთო ნინოსო, განმინათლე ბნელი ესე და მიჩუენე საყოფელი ჩემი; და აღვიარო სახელი შენი, და აღვმართო ძელი ჯუარისა და თაყუანის-ვცე მას და აღვაშენო სახლი სალოცველად ჩემდა, და ვიყო მორჩილ ნინოსა სჯულსა ზედა ჰრომთასა".

"ესე ყოველი რა წართქუა, განთენა და გამობრწყინდა მზე. და გარდაჴდა მეფე ცხენისაგან, დადგა მას-ვე ადგილსა, განიპყრნა ჴელნი აღმოსავლით ცად მიმართ და თქუა: "შენ ხარ ღმერთი ყოველთა ზედა ღმერთთა და უფალი ყოველთა ზედა უფალთა, ღმერთი, რომელსა ნინო იტყჳს; და საქებელ არს სახელი შენი ყოვლისა დაბადებულისაგან, ცასა ქუეშე და ქუეყანასა ზედა. რამეთუ შენ მიჴსენ მე ჭირისაგან და განმინათლე ბნელი ჩემი. აჰა ესე-რა, მიცნობიეს, რამეთუ გინდა ჴსნა ჩემი, ლხინება და მიახლება შენდა, უფალო კურთხეულო. ამას ადგილსა აღვმართო ძელი ჯუარისა, რომლითა იდიდებოდის სახელი შენი და იჴსენებოდის საქმე ესე სასწაული უკუნისამდე". დადაისწავა ადგილი იგი და წარმოემართა. იხილეს ნათელი და მოერთო ერი განბნეული. ხოლო მეფე ღაღადებდა: "მიეცით ღმერთსა ნინოსსა დიდება, რამეთუ იგი არს საუკუნითგან ღმერთი და მას მხოლოსა შუენის დიდება უკუნისამდე".

"ხოლო ნანა დედოფალი და ყოველი ერი განვიდა მიგებებად მეფისა. რამეთუ ესმა პირველ წარწყმედა და კუალად მოსლვა მშჳდობით, და მიეგებოდეს ქინძარას და ღართას. ხოლო ნეტარი ნინო დადგომილ იყო ლოცვასა მწუხრისასა მაყულოვანსა მას შინა, ჩუეულებისაებრ მისისა, ჟამსა თჳსსა, და ჩუენ მის თანა ორმეოცდაათი სული. და ვითარცა მოვიდა მეფე, იძრვოდა ქალაქი, და ჴმითა მაღლითა ღაღადებდა მეფე: "სადა არს დედა-კაცი იგი უცხო, რომელ არს დედა ჩემი და ღმერთი მისი მჴსნელი ჩემი". და ვითარცა რქუეს, თუ: "აქა მაყულოვანსა არს და ილოცავს", მოვიდა თჳთ მეფე და ყოველი იგი ლაშქარი, გარდაჴდა მეფე ცხენისაგან და ეტყოდა ნინოს: "აწ ღირს ვარ სახელის-დებად სახელსა ღმრთისა შენისასა და მჴსნელისა ჩემისასა".ხოლო წმიდა ნინო ასწავებდა და ეტყოდა მსწრაფლ თაყუანის-ცემად აღმოსავალით და აღსარებად ქრისტეს ძისა ღმრთისა.

მაშინ იყო გრგჳნვა და ტირილი ყოვლისა კაცისა, ოდეს ხედვიდეს მეფესა და დედოფალსა ცრემლოვანთა. და ხვალისა დღე წარავლინნა მოციქულნი საბერძნეთად მირიან მეფემან წინაშე კოსტანტინე ბერძენთ მეფისა და წიგნი ნინოსი ელენე დედოფალსა წინაშე. და აუწყეს ესე ყოველი სასწაული ქრისტესმიერი, რომელი იქმნა მცხეთას შინა მირიან მეფესა ზედა, და ითხოვნეს მოსწრაფებით მღდელნი ნათლის-ღებისათჳს. ხოლო წმიდა ნინო და მოწაფენი მისნი ქადაგებდეს ერსა მას ზედა დღე და ღამე დაუცხრომელად, და უჩუენებდეს გზასა ჭეშმარიტსა სასუფეველისასა".


გაგრძელება

დაბრუნება ისტორიის განყოფილებაში