ივანე ჯავახიშვილი
ქართველი ერის ისტორია
პირველი ტომი
შესავალი
ქართველთა პოლიტიკური თავგადასავლის მთავარი მომენტები I ს-მდე ქ. წ.
საქართველოს პოლიტიკური ისტორიის მკაფიო სურათის აღდგენა ჯერჯერობით მხოლოდ I ს-იდან ქ. წ. შეიძლება. ამ ხანამდე ცნობების მეტისმეტი ნაკლებობისა და შემთხვევითობის წყალობით ამ ისტორიის მხოლოდ ზოგიერთი მომენტების გამორკვევაა შესაძლებელი. უფრო საგულისხმო შედეგებს გვაწვდის უცხო მწერალთა ცნობებისა და ლინგვისტიკური ანალიზის შედეგი ჩვენი ერისა და კავკასიის იმგვარადვე, როგორც მცირე აზიის ეთნოლოგიური და ისტორიულგეოგრაფიული პრობლემების გამოსარკვევად. მაგრამ ყველა ამ საკითხზე მსჯელობა ცალკე ნაშრომში გვაქვს, რომელიც "ქართველი ერის ისტორიის" შესავალი წიგნი სახით იქნება გამოქვეყნებული1. ამიტომ აქ მხოლოდ ზოგადი მიმოხილვა-ღაა საჭირო.
XI ს-იდან მოყოლებული მუსკები, ტაბალები და კასკები, რომელნიც მერმინდელ მესხთა, იბერთა და კოლხთა წინაპარი ქართველი ტომები იყვნენ, უკვე პოლიტიკურ ასპარეზზე ჩანან და ხშირად ძლევამოსილ ბრძოლას აწარმოებენ ასურელების წინააღმდეგ. IX ს-იდან მოყოლებული ამ ბრძოლაში უკვე ასურელები იმარჯვებენ, მათ დამორჩილებასაც ახერხებენ და ყმად-ნაფიც სახელმწიფოებადაც ხდიან, ყოველწლიურ ხარკსაც ადებენ. ასურული წარწერებიდან ჩანს, რომ მუსკებს, ტაბალებსა და კასკებს ამის შემდგომაც თავიანთი პოლიტიკური მდგომარეობის გამოსწორება არა ერთხელ უცდიათ, მაგრამ ასურეთის მბრძანებლები კვლავ მათ დაჰპატრონებიან. ამ ბრძოლას კიმერიელთა მცირე აზიაში VII ს-ში შესევამ მოუღო ბოლო: დაამხო მაშინდელი მბრძანებლებიცა და ქართველ ტომთა უკანასკნელი ტალღაც ჩრდილოეთისაკენ წასწია. ამ დროიდან მოყოლებული მუსკებისა, ტაბალებისა და კასკების სახელი მცირე აზიაში ქრება და ქართველთა მოსახლეობის ასპარეზი შავი ზღვის სამხრეთ აღმოსავლეთ სანაპიროთი და ამიერკავკასიით-ღა განისაზღვრებოდა. I
რა დამოკიდებულება არსებობდა ურარტ-ხალდების სამეფოსა და ქართველთა შორის, ჯერ არა ჩანს. დაახლოვებით V — IV ს. ქ. წ. ლიხთამერეთში პოლიტიკური ჰეგემონია იბერთა ტომს მოუპოვებია. ასურეთის მემკვიდრე ახემენიანთა სპარსეთის მბრძანებლებს თავისი უზარმაზარი სამფლობელოსთვის მოსხები, ტიბარენნი, მაკრონები და მოსინიკებიც დაუმორჩილებია. მათი მიწა-წყალი მე-19 საგამგეო ოლქად უქცევიათ და ყოველწლიურად 300 ქანქარი ჰქონიათ ხარკად დადებული. თუმცა კოლხებს დამოუკიდებლობა შეუნარჩუნებიათ, მაგრამ მაინც სპარსეთისათვის ხარკი ნებაყოფლობით უძლევიათ. ხარკს გარდა ყველა ამ ტომებს სამხედრო დახმარებაც ჰქონიათ დაკისრებული2. იბერებს კი თავიანთი დამოუკიდებლობა მთლიანად დაუცავთ.
IV ს-ში სამხრეთ კავკასიაში მდებარე ქართული მოსახლეობის მიწა-წყლის ზოგიერთი თემი, რომელიც აქამდე ქართველებს ეკუთვნოდათ, უკვე ჩრდილოეთისაკენ წამოწეულ სომხებს ჩაუგდიათ ხელში. ქ. წ. მეორე საუკუნიდან მოყოლებული კი სომეხთა ორი სახელმწიფოებრივი ერთეულიც გაჩნდა. 189 წ. ანტიოქოზ დიდის სატრაპებმა არტაქსიმ და ზარიადრმა სომხეთის ორი სამეფო შექმნეს, მეზობლებს მიწები წაართვეს და, ამგვარად, თავიანთი სამფლობელოს საზღვრები საგრძნობლად გააფართოვეს. ამ გარემოებამაც ქართველთა სამფლობელოს საზღვრები სამხრეთითაც და სამხრეთ-დასავლეთითაც თვალსაჩინოდ შეამცირა ისე, რომ თუ მანამდე საქართველოს სამხრეთის საზღვრად მდ. არეზი, ანუ არაქსი ითვლებოდა, ამ დროიდან მოყოლებული მოსაზღვრე ხაზი გაცილებით უფრო ჩრდილოეთით მდებარეობდა.
II ს. დამლევს მცირე აზიის პოლიტიკურ ასპარეზზე პონტოს მეფე მითრიდატე გამოდის. 120 წ. ქ. წ. ჯერ კიდევ 11 წლის ყმაწვილი იყო რომ გამეფდა და განსაცდელისა და გაჭირვების შემდგომ თანდათანობით თავისი ჭკუითა, მამაცობითა და გასაოცარი ენერგიით დიდი სახელმწიფო შეჰქმნა. თავისი ასული მან სომხეთის მეფეს ტიგრანს მიათხოვა, რომელთანაც პოლიტიკური და სამხედრო კავშირი შეჰკრა. 94 წ. ტიგრანმა სომხეთი გააერთიანა და მითრიდატეს დახმარებით სპარსეთის ყმად-ნაფიცობისაგან განთავისუფლდა. ტიგრანმა და მისმა სიმამრმა, პონტოს მეფემ, შეთანხმებით დასაპყრობად განზრახული მიწაწყალი ურთიერთშორის გაინაწილეს: პონტოს მეფემ მცირე აზია, ყირიმი და შავი ზღვის სანაპიროები და საბერძნეთი გაიხადა თავისი მოქმედების ასპარეზად, ტიგრანმა ასურეთი და შუა აზიაII. მითრიდატემ სხვათა შორის კოლხეთიც დაიპყრო, ტიგრანმა ქურთისტანი, ადარბაგანი, ასურეთი და კილიკია ჩაიგდო ხელში. გასაოცარი სისწრაფით ორი დიდი სახელმწიფო შეიქმნა. მაგრამ მითრიდატესა და ტიგრანის მტარვალურმა ქცევამ, შემზარავმა და დაუნდობელმა სიმკაცრემ და დაპყრობილი ქვეყნების ხარკით მეტისმეტმა დატვირთვამ, დასასრულ, ტიგრანის პოლიტიკურმა სიბეცემ ასე ბრწყინვალედ დაწყებული და ასეთი განმაცვიფრებელი სისწრაფით შექმნილი საქმე მალე მოსპო და მთელი მონაპოვარი გაანიავა. ორივეს აგრესიულმა პოლიტიკამ სომხეთს სპარსეთი გადაჰკიდა, მასვე და პონტოს მეფეს კი რომის სახელმწიფო. 74 წლიდან რომთან ატეხილ ბრძოლაში ტიგრანმა მითრიდატეს წინდაუხედავად დახმარებაზე უარი უთხრა და ამით საერთო მტერს საუკეთესო საშუალება მისცა ისინი ცალცალკე და სათითოოდ დაემარცხებინა. კაბეირთან დამარცხებული მითრიდატე რომ თავისი სიძის ტიგრან დიდის სამეფოში შეიხიზნა, იმან თავის სიმამრს თავისთვან მისვლაც-კი არ სთხოვა და სანაპირო თემში გაატარებინა დრო.
69 წ. რომის სარდალმა ლუკულლმა ეხლა უკვე სომეხთა მეფეს აუტეხა ომი, რომელიც ტიგრანის დამარცხებით დამთავრდა. ყველა დაპყრობილი ქვეყნები ჩამოერთვა და ჩამოეცალა და მას მხოლოდ საკუთრივ სამხრეთიღა შერჩა.
იმედ-დაკარგული ტიგრანი უკვე მზად იყო რომაელებს უსიტყვოდ დაჰმორჩილებოდა, რომ მითრიდატემ გაამხნევა და რომაელებთან ბრძოლის განახლება გააბედინა. რომაელების დასამარცხებლად მითრიდატემ ბრძოლას ფართო ხასიათი მიანიჭა და უნდოდა ეს ომი რომის აგრესიული, დამპყრობელობითი პოლიტიკის მოსაგერიებლად და მოსასპობად გაერთიანებული აღმოსავლეთის მიერ წარმოებულ ბრძოლად ექცია. ასეთ მოწოდებაზე ალბანელებს, კოლხებს და იბერებსაც მითრიდატესა და ტიგრანისათვის მხარი დაუჭერიათ და მიჰშველებიან.
არტაშატთან 68 წ. ქ. წ. მომხდარ ბრძოლაში, რომელსაც ლუკულლის წინააღმდეგ სომეხთა მეფე ტიგრანი აწარმოებდა, ტიგრანის მოკავშირეთა შორის მონაწილეობას მარდთა ცხენოსანი შვილდოსნები და იბერთა შუბოსანნი იღებდნენ, რომელთაც მათ გულადობის გამო სხვებზე ყველაზე მეტად ენდობოდაო3. მითრიდატეს ჯარშიაც სხვებთან ერთად იბერნი და ქართველთა სხვა ტომებიც იღებდნენ მონაწილეობას და ფლოტსაც მასალა კოლხეთიდან მოსდიოდა.
მაგრამ სომხეთით უკმაყოფილო სპარსეთმა მითრიდატეს მოწოდებას არამც თუ მხარი არ დაუჭირა, არამედ პირიქით სწორედ რომთან შეთანხმება არჩია. ამას ტიგრან დიდის შვილის ტიგრან მცირის ღალატი დაერთო ზედ, რომელმაც თავისი მამა და ქვეყანა არ დაზოგა და ასეთი განსაცდელის ჟამს სპარსეთის მეფის კარზე გაიქცა, იქ მამისა და სომხეთის წინააღმდეგ მოქმედებდა და სპარსეთ-სომხეთის ყოველივე შეთანხმების ჩაშლას ცდილობდა.
უკვე ლუკულლმა რომაელთა ჯარითურთ ტავრი გადმოლახა და ჩრდილო ქვეყნები ფაზისამდის დაიმორჩილა4.
66 წ. ქ. წ. იანვარში რომის მთავრობამ ყველა ქვეყნები, რომელიც ლუკულლს ემორჩილებოდა, პომპეჲუსს ჩააბარა და თანაც დაავალა, რომ მითრიდატე და ტიგრან მეფეებთან ბრძოლა განეგრძო. პომპეჲუსმა რომ ფინიკიასა და ბოსფორს შორის მთელი ზღვის დასაცავად გემები ჩააყენა, მითრიდატეს წინააღმდეგ გაილაშქრა. მაგრამ ამ უკანასკნელმა შებრძოლება ვერ გაბედა5.
პომპეჲუსმა ნიკოპოლთან თავისი ჯარი მითრიდატეს ჩაუსაფრა და პონტოს მეფე საშინლად დაამარცხა. დამარცხებული მეფე მითრიდატე სომხეთისაკენ გაემგზავრა ტიგრანთან თავის შესაფარებლად, მაგრამ ტიგრანმა მას სომხეთში შესვლაც აუკრძალა და 100 ქანქარის ჯილდო შეჰპირდა, ვინც მის თავს მიუტანდა. ამიტომ მითრიდატემ ევფრატის სათავეს გზა აუქცია და კოლხეთში გაიქცა6. ტიგრან მცირემ, რომელიც წინათვე თავის მამას განუდგა, პომპეჲუსი სომხეთში მოიპატიჟა და გახარებული რომაელთა სარდალს არეზის, ანუ არაქსის პირას დაუხვდა7. ასეთ პირობებში მისმა მამამ, ტიგრან დიდმა, დასწრება ირჩია, პომპეჲუსთან თითონ გამოცხადდა და სრული დამორჩილების ნიშნად მუხლმოდრეკილმა თავისი დიადემა და გვირგვინი რომაელთა სარდალს გადასცა. ამგვარად, პონტოს სამეფოც და დაშლილი დიდი სომხეთის გადარჩენილი ნაწილიც რომაელების ყმად-ნაფიც ქვეყნებად იქცნენ. ასე ადვილად მოპოვებული გამარჯვების შემდგომ ლტოლვილი მითრიდატეს ხელში ჩაგდება და მისი მოკავშირე ალბანეთ-იბერია-კოლხეთის დამორჩილება-ღა იყო საჭირო, რადგან რომის გაბატონების შიშით ისინიც შებრძოლების სამზადისში იყვნენ.
პომპეჲუსმა ალბანელებს გზის დანებება და თავიანთ ქვეყანაზე გავლის ნებართვა სთხოვა. ალბანელებმა ჯერ თანხმობა განაცხადეს, მაგრამ, როდესაც რომაელებს ზამთარმა მათ ქვეყანაში მოუსწრო, სულ ცოტა 40000 ჯარისკაცითურთ მტკვარი გადალახეს და თავს დაესხნენ. პომპეჲუსს ალბანელთაგან მტკვრის გადმოლახვისათვის ხელი არ შეუშლია, მაგრამ შემდეგ თვით ეცა ალბანელებს და დიდად დაზარალებულნი უკუაქცია. ამის შემდგომ ალბანელთა მეფე რომაელთა სარდალს მოებოდიშა. პომპეჲუსმა ეს დანაშაული აპატია და კვლავ დაეზავა, რომ იბერთა წინააღმდეგ გაელაშქრა8.
იბერნი რიცხვით ალბანელებს არ ჩამოუვარდებოდნენ, გულადობით კი მათზე მამაცნი იყვნენ9. ამასთანავე იბერებს ძალიან უნდოდათ მითრიდატესთვის ეამებინათ და ამიტომ პომპეჲუსის უკუქცევა ჰსურდათ. მაგრამ რომაელმა სარდალმა იბერნი დიდ ბრძოლაში ისე დაამარცხა, რომ დახოცილთა რიცხვი 9000 კაცს უდრიდა და 10000-ზე მეტი ტყვე ჩაუვარდა ხელთ და ამნაირად კოლხეთისაკენ, სადაც მას ფაზისთან სერვილიუსის მეთაურობით პონტოს ზღვის მცველი სამხედრო გემები დახვდნენ, გზა გაიკაფა10. ამგვარად, მთელი ამიერკავკასია იძულებული იყო რომაელებს დაჰმორჩილებოდა. პომპეჲუსის საქართველოში შემოჭრა და ამ დროიდან მოყოლებული ამბები ამ წიგნის IV თავშია მოთხრობილი და ამიტომ საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობის მიმოხილვა აქ ამაზე უნდა შევწყვიტოთ.
შენიშვნები
1 [წიგნი უკვე გამოქვეყნებულია. იხ. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორიის შესავალი, წიგნი პირველი: საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიულეთნოლოგიური პრობლემები, თბილისი, 1950, ქართველი ერის ისტორიის პირველი წიგნის მეხუთე გამოცემის რედ. შენიშვნა].
2 ჰეროდოტე, III, 94, 97.
3 პლუტარქოსის Vitae parallelae; ლუკულლოსი, XXXI. — ლატიშევი, I, 490.
4 პლუტარქოსის Vitae parall.: კიმონი, III. — ლატიშევი, I, 490.
5 პლუტარქოსის Vitae parall.: პომპეჲუსი, XXX და XXXI.
6 პლუტარქოსის Vitae parall.: პომპეჲუსი . XXXII. — ლატიშევი, I, 491.
7 პლუტარქოსის Vitae parall.: პომპეჲუსი . XXXIII. — ლატიშევი, I, 491.
8 პლუტარქოსის Vitae parall.: პომპეჲუსი . XXXIV. — ლატიშევი, I, 491.
9 პლუტარქოსის Vitae parall.: პომპეჲუსი . XXXIV. — ლატიშევი, I, 492.
10 პლუტარქოსის Vitae parall.: პომპეჲუსი . XXXIV. — ლატიშევი, I, 492.
კომენტარები
კომენტირებულია "ქართველი ერის ისტორიის" მხოლოდ ის დებულებები, რომლებიც თავის დროზე თვითონ ივ. ჯავახიშვილის მიერ იყო გადასინჯული ანდა შემდგომ კვლევა-ძიების შედეგად ახლებურად დასმული და დამტკიცებული. კომენტარებშივე დაზუსტებულია თითო-ოროლა თარიღი. მართალია, ისინი ადრინდელ გამოცემებშიც გვხვდება, მაგრამ, ალბათ, კორექტურულ შეცდომებს უნდა წარმოადგენდნენ. ტექსტში უცვლელად არის დატოვებული აგრეთვე ზოგიერთი ფაქტოლოგიური ხასიათის საეჭვო მითითება, კომენტარებში კი გატანილია რედაქციის მიერ აღდგენილი შესაძლებელი წაკითხვა. ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებულია როგორც ყველა ძველი გამოცემა, ისე ხელნაწერი. კომენტირებისას მითითებულია მხოლოდ აუცილებელი ლიტერატურა.
I ივ. ჯავახიშვილი კიმირიელთა შემოსევას მცირე აზიაში (ძვ. წელთაღრიცხვის VII ს) უკავშირებს ქართველთა უკანასკნელი ტალღის ჩრდილოეთისკენ გადანაცვლებას. "ამ დროიდან მოყოლებული მუსკებისა, ტაბალებისა და კასკების სახელი მცირე აზიაში ქრება და ქართველთა მოსახლეობის ასპარეზი შავი ზღვის სამხრეთ აღმოსავლეთ სანაპიროთი და ამიერკავკასიით-ღა განისაზღვრებოდა". ეს დებულება ჯერ კიდევ ივ. ჯავახიშვილის სიცოცხლეში მოიხსნა (იხ. ნ. ბერძენიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, საქართველოს ისტორია, ს. ჯანაში ა ს რედაქციით, თბ., 1946). არქეოლოგიურმა მონაპოვარმა და ინტენსიურმა კვლევა-ძიებამ დაადასტურა ქართველ ტომთა ავტოქთონობა საქართველოს ტერიტორიაზე.
II ივ. ჯავახიშვილს აღნიშნული აქვს, რომ "ტიგრანმა და მისმა სიმამრმა, პონტოს მეფემ, შეთანხმებით დასაპყრობად განზრახული მიწაწყალი გაინაწილეს ურთიერთშორის: პონტოს მეფემ მცირე აზია, ყირიმი და შავი ზღვის სანაპიროები და საბერძნეთი გაიხადა თავისი მოქმედების ასპარეზად, ტიგრანმა ასურეთი და შუა აზია". უძველესი წყაროებით დასტურდება ამიერკავკასიის ქვეყნების, იბერიის და სომხეთის შუა აზიასთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობა, მაგრამ შუა აზია არასოდეს არ ქცეულა ტიგრანის სამხედრო მოქმედების ასპარეზად. აქ, საფიქრებელია, შუა აზიის მაგიერ უნდა დაწერილი ყოფილიყო "შუა მდინარეთი", თუმცა შუა აზია დამოწმებულ კონტექსტში ფიქსირებულია როგორც "ქართველი ერის ისტორიის" I წიგნის ყველა გამოცემაში, ისე თვით ხელნაწერში.