თანამედროვე სამეცნიერო კვლევის ასოციაცია


ქართლის ცხოვრება
სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტომი 2, თბილისი 1959


ტექსტი გადმოღებულია ტიტუს პროექტის ელექტრონული გამოცემიდან პორფ. იოსტ გიპპერტთან შეთანხმებით:
TITUS Project, მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტი
ტექსტის აკადემიური ორიგინალის მისამართი: Ist.azm.shar.


ისტორიათა და აზმათა მეტყუელებასა შინა შარავანდედთასა


(გაგრძელება)

დასაწყისი

პირველი ქმარი თამარისი


რათა სრულ იქმნას წყალობა და წადილი პატრონისა ტკბილისა და სახიერისა ლაშქართა და სპათა მისთა ზედა, შეიყარნეს შემჭირნენი და ზრახვა ყვეს ძებნა წაღმართისა და მოყვანა ქმრისა. რომლისათჳს ჴამდა თუმცა ყოფილიყო ჟამი გმირთა და გოლიათთა ყოფისა, ანუ-მე გარეშე წოდებულთა ელინთა სისხლისა დათხევისა, ანუ-მე გაჭრანი მიჯნურთა ცოფ-ქმნილთანი.

ვითარ თამთა თუმიანისთჳს, ვითარ ამირან ხორაშნისთჳს,ვითარ ხოსრო --შანშა ბანუისთჳს, ვითარ მზეჭაბუკ მზისათჳს ხაზართასა, ვითარ იაკობ რაქელისთჳს და იოსებ ასანეთისთჳს, დავით ბერსაბესთჳს და აბისაკისთჳს,ვითარ პელოპი მჴნედ მბრძოლი იპოდამისთჳს, ონომაოს ასულისა, ვითარ პლუტონ პერსეფონისთჳს, ვითარ რამინ ვისისთჳს, ვითარ ფრიდონ შაჰრინოს არნავაზისთჳს,ვითარ შადბერ აინლიეთისთჳს

და უჩნდა საჴამსოდ, თუმცა გამოჩენილ იყვნეს ვინმე ანუ გმირნი სახენი გმირთანი, ანუ მამანი სახენი მამათმთავართა შუენიერთა და კეთილად მბრძოლთანი, ანუ მსგავსნი გარეშეთანი, სისხლდამთხეველნი შეყუარებულთათჳს, ანუ მიჯნურნი ლომნი და მზენი, მჴეცებრ გაჭრილნი ამის მზისა და უმეტეს მზისა და თჳთ მათ მითხრობილთა მზედ და მნათობლად საგონებელთა უბრწყინვალესისა და უნათლესისათჳს.

გარნა ვინათგან ცუდ საგინებელ იქმნა და აღარ დაებადა ღმერთსა სწორი ამისი, არცა მგონიეს თუ დაბადებად არს, გამო-ვინმე-ჩნდა მეტყუელი მკჳდრთა ტფილისისათა შინა, თავადი და მეფეთ-მეფისაგან წყალობა-ჴელდასხმული და ამირა ქართლისა და ტფილისისა, სახელით აბულასან, და მეტყუელმან თქუა: "მე ვიცი შვილი ჴელმწიფისა ანდრია დიდისა რუსთ მთავრისა, რომელსა მონებენ სამასნი მთავარნი რუსთანი. და იგი, მცირე დარჩომილი მამისაგან, ექსორია-ქმნით დევნული გარდამოიხუეწა ბიძისა, სავალათად სახელწოდებულისაგან. და არს იგი ყივჩაყთა მეფისა სევინჯისა ქალაქსა".

მაშინ მომსმენართა მისთა უჴმეს ერთი მკჳდრთაგანი დიდ-ვაჭარი ზანქან ზორაბაბელ. მსწრაფლ მისრულმან ცვალებითა ზნეთათა წარმოიყვანა და მოიყვანა უწინარე პაემნითა მოყმე სახე-კეკლუცი, სრული ანაგებითა და მჭურეტთაგან საჩენი გუარისშვილად.ამისთა მნახველთა და გამცდელთა პატრიაქმან, დიდებულმან, ვაზირთა და სპათა მოაჴსენეს თამარს, და მათგან ნება-დაურთავი განმზადეს ქორწილი. რამეთუ თამარ ჭეშმარიტი იყო და მტკიცე სულთა ზედა, და ვიეთნიმე დაღონებულობით აწუევდეს ალექსის მოყვანასა ქმრად, რომელი ახლოს სთჳსობდა და მამულად მამის ძმისწული იყო ბერძენთა მეფისა -- ესე მას ჟამსა აქა მყოფ იყო, -- და შიშითა ამისის ქმნისათა ყოვლად უწადინელმან ქორწინებისამან იაჯა ჴსნა ქმროსნობისაგან. ხოლო არა მშუებელმან დედოფალმან და სპათა აიძულეს ქმნად. და ვითარ იყო ხუედრი და რიგი ულუმპიანობისა და შარავანდედობისა მათისა, ეგრეთ იქმნა ქორწილი სახედაუდებელი და იგავ-მიუწდომელი; სიმრავლენი სახეობათანი, ძღუნობანი და ნიჭებანი თუალთა და მარგალიტთანი, ოქროჭედილთა და უჭედელთანი, სიმდიდრეთა და ლართა კერულთა და უკერელთანი, მსგეფსამდი სხარული, შუება, ძღუნობანი, გაცემანი.

ხოლო მე ესეცა გაუწყო საბრალო და საძნაური საქმე: რამეთუ მოსრულ იყვნეს. ოვსთა მეფეთა შვილნი, შუენიერნი და სახე-კეთილნი მოყმენი, მოჰაჯენი და მთხოველნი, ღირსნი და მონდობილნი ჭაბუკობისანი, ვითარ: "ღირს რამცა ვიყავით მოწონებად და მიხდომად ბედსა ამას საზესთოსა". და ვინაცა უქმ იქმნა განზრახვა მათი წარსრულთა თჳსად მამულად ერთსა მათგანსა შეემთხჳა მოუთმენელი სურვილი და სიყუარული თამარისი. რომლისათჳს ვერ გამძლე, მივრდომილი საგებლად ბნედასა შინა, მიიწია აღსასრულად ნიქოზს საყდარსა შინა წმიდის რაჟდენისს, რომელი მუნვე დაკრძალეს.

და სხუანი რაოდენნი ჴელმწიფეთა ძენი ამისთჳს გაჭრით გამიჯნურებულნი და ხელქმნილნი ვერღარა სთმობდეს სურვილსა მისსა, ქვემორე სიტყუამან საცნაურ ჰყოს.

ამისდა შემდგომად ჴელ-ყვეს გალაშქრებად. და გავიდა ტფილისით მეფე რუსთა და უფროსღა აფხაზთა, და ააბეს დროშა სჳანი და ჴმარებული, და წარიძღუანეს ძელი ცხოვრებისა, მცველი და მფარველი მეფეთა სკიპტრისა. პირველ ილაშქრეს ქუყანასა კარისა და კარნიფორისასა და მოარბიეს ვიდრე ბასიანამდის და გამარჯუებულნი და აღვსებულნი შემოიქცეს და მოვიდეს წინაშე პატრონსა მას ღმრთივ-განათლებულსა, და აღივსნეს სიყუარულითა და სიხარულითა.

ამისგან უწინ მოვიდეს ლაშქარნი არანისა და გელაქუნისა თურქთანი ქუყანასა პალაკაციოს და ძაღლის-ჴევაი წოდებულსა და მომრბეველთა ზედა გამრეკელი კახას ძე მიუჴდა; და სჳსაგან თამარ უძლეველისა მცირეთაგან დიდნი იძლივნეხ გააქცივნეს, ამოსწყჳდნეს და მოიღეს არმაღანი წინაშე თჳთმპყრობელისა.

და მასვე ჟამსა მოვიდეს კარნუქალაქელნი, შამელნი და თურქნი გარმ[ია]ნისანი ცხენოსანნი და ქუეითნი, და აივსო შავშეთისა და კლარჯეთისა ქუეყანა. აქათ, შეიყარნეს გუზან აბშლასანის ძე ტაოელი და მის ქუეყანისა ლაშქარნი, და ბოცო და ვინცაღა იახლა, მიესწრნეს მესხნი და მარბიელ-გაშუებულთა შეებნეს მუნვე. ბედმან და სუემან თამარისმან სძლია, გააქცივნეს მუნცა და დაჴოცნეს. და მუნითცა მოიღეს ურიცხჳ კაცი და ცხენი წინაშე მეფისა ღმრთივ-გჳრგჳნოსნისა და დღითი-დღე აღმატებულისა და წარმართებულისა ამას შინა იხარებდეს, იშუებდეს, ნადირობდეს, მხიარულობდეს: ამისდა შემდგომად წარვიდეს მჴარგრძელნი, ძენი სარგისისნი და ვარამისნი, მოყმენი პირ-წაღმართნი, უხუცესნი ზაქარია და ზაქარია დალოცვილნი, ივანე და სარგის დაულოცველნი, და ილაშქრეს ქუეყანასა დვინისასა. და გამარჯუებულთა და ალაფაღებულთა მოეწივნეს ლაშქარნი დვინელნი [და სურამელნი]. და კმა იყო ლომისა სიფიცხედ, ვინაცა ბოლოდ გააქცივნეს. და გამარჯუებულნი და აღვსებულნი და სახელოვანნი მოვიდეს წინაშე მეფეთა და მათ წყალობის მყოფელთა გარდაიჴადეს მადლი.

შემდგომად ამისა გამოსლვასა ხანისასა ლაშქრობდეს ქუემონი ქუემოთ, და ზემონი ზემოთ, და შუანი შუათ, და ყოველგან ძლევა-შემოსით და გამარჯუებით. და კუალად მეფემან, შემყრელმან სპათამან ბრძანებითა თამარისითა, მიმართა [დვინად], მოაოჴრა ქუეყანა პართთა, და წარმომღებელი და გამომღებელი ქალაქისა და მას. შინა მყოფთა საუნჯეთა და ტყუეთა მოვიდა თამარს სუე-სრულსა და ნათელ-ბრწყინვალესა წინაშე, რომლისა თუალი უღამო და დღე უუკუნო, და საწადელ და საშუებელ სულისა და ჴორცთა. ამას შინა ოდესმე მოისვენიან ლაშქრობათაგან, და მშუებელნი გარდავიდიან იმერთა ქუეყანათა წესისაებრ და ჟამსა ოდესმე ჩავიდიან შარვანისა ზღვრამდე, და მოვიდის შარვანშა დიდითა ნიჭითა და ძღუნითა, და, ერთგან მომნადირებელნი მინდორთანი და მხიარულნი, კუალად განიყარნიან. და უბოძის საბოძუართა სიმრავლე და წარგზავნის პატივითა ძმებრივითა, და მონებდა და მსახურებდა იგი მონებითა ყმებრივითა.

შემდგომად ამისსა შეიყარა დიდძალითა ლაშქრითა და მიმართა გელაქუნად, რომელი ძნელ იყო შესამართებლად ზღჳს ქჳშასახეობითა თურქმანთათა; დაესხნეს, ამოსწყჳტეს და აღიღეს დიდძალი ნატყუენავი და იავარი. გამომართულთა მოეწია ყოველი თურქმანობა გელაქუნისა,წინაძღომითა შამელთა დიდებულთა როსტომ და იალღუზ-ალფესითა, რომელნი მას შინა დაემჭირნეს ყიზილ-არსლან ათაბაგსა. და ვითარ წყობა და რაზმი ერთმანერთს განეწყვნეს. იმათებურეს მოყმეთა თამარისთა: და უსწრობდა ბერი ყრმასა და ყრმა ბერსა, პატრონი ყმასა და ყმა პატრონსა; გააქცივნეს, და ამოსწყჳდნეს და დაჴოცნეს. და მოვიდეს თჳსადე სამეფოდ წინაშე მეფისა და დედოფლისა ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლისა, ჩრდილოეთისა [და სამჴრეთისა].

შემდგომად ამისსა წუევითა ასათ გრიგოლის ძისათა დიდი და სასახელო ილაშქრეს განძას ქუემოთ ბელაყნამდის, შემდგომად ზემო-კერძო რაჴსისა პირი მასისამდე. მუნცა დიდთა ლაშქართა მოწევასა შინა ისახელეს თავი ბუმბერაზთა ამის სამეფოსათა, თჳთ მეფისა უჭურეტელობასა შინა, ვარდან დადიანმან მსახურთ-უხუცესმან, ოთხსავე მჴარგრძელთა და სხუათა დიდებულთა და აზნაურთა დიდი დაჭირებული ომი გარდაიჴადეს, და გააქცივნეს და შემოიქცეს მუნითცა გამარჯუებულნი და აღვსებულნი სიხარულითა.

ამას ესევითარსა მშჳდობასა, მარჯუებასა და ზეობასა შემოვიდა უცხო რამე და უმსგავსი საქმე, შეუმსგავსებელი და დაუჯერებელი კაცთა გონებისაგან; შევიდა სატანა გულსა სუე-უბედურისა რუსისასა, სკჳთ-რამე სახელდებულისა, და სიტყჳთ აღიძრა წყენად თამარისა, ჴელმაიფეთა მზისა და მეფეთა ელვა-ცისკროვნებისა, და იუდა-მყოფელმან თავისა მისისამან აღარ იცოდა რამცა ექმნა. ძლეული და ტაძარ-ქმნილი შჳდთა სულთა. უბოროტესთა პირველისათა სოდომურიცა მოიპოვა ქცევა დაქცევითა დაქცეულმან და წარწყმედითა წარწემედულმან. ამას ესევითარისა უცხოსა და ურიგსა საქმისა შემოსლვასა შინა ითმენდა თამარ. წყნარი და ნარნარი ცნობიერი და გონიერი, და ორ წლამდის გინა უმეტეს იყო განსაცდელისა უცხოსა თმენასა შინა.

და ვითარცა უგრძნეს ესე ვაზირთა და დიდებულთა, განკჳრვებულთა ერთჴმა ყვეს მცნობელთა ამისთა, ვითარმედ ესე მისვე ძუელისა მტერისა არს, რომელმან მოაკულევინა ძმასა ძმა და მამასა შვილი და ექსორია-ქმნა პირველი იგი კაცი სამოთხით, ვითარ ესე აწ ხილულისა ამის სამოთხისა და უბრწყინვალესისა ედემისადა შეუმზადებია ექსორი-ქმნა, რამეთუ მისვე ძუელისა ხაკან სკჳთისა შემსგავსებულად მოსდგომია აქაცა. მუნ თუ იგი მოადგა დედოფალსა ქალაქთასა, აქა ესე დედოფალსა დედოფალთასა და მეფესა- მეფეთასა ბოლოდ რაღა თჳნიერ ამისსა. ვერღარა მინდობილთა უღონო ქმნილისა მის ეშმთა ბომონისა ჴელ-ყვეს ცრემლ-მდინარეობასა შინა თამარისსა ჯერცა მოწყალისა და გაურისხებელისასა, და წარიყვანეს ექსორია-ქმნად, გარნა აურაცხელითა ლარითა-სიმდიდრითა და საჭურჭლითა, ვინათგან რომელი სიკუდილსა ემართლებოდა და არავის მისცა სასიკუდინოდ, იგივე სიუხჳთა მზეებრითა არავის მიეშუა გაძრცუასა, და ვინაცა ჩასმული ნავითა ზღუად მიიწია კოსტანტინეპოლედ, და იყოფოდა ჟამთა რაოდენთამე მუნ.

ამისსა, შემდგომად უფროს და უფროს, უკეთ და უკეთ მთავრობასა და ჴელმწიფებასა ათქმევს ყოველსა მწირსა ჴელი საუფლო და მკლავი მაღალი, თანაშემწე და თანამძლე ბრძოლათა შინა, და არა-მსგავსებული ბედი და სუე პაპათა და მამათა მისთა, ნუ უკუე არცა ბედისა ოდენ მინდობილთა წარმართთა. რამეთუ ამას სძღუნობდეს ყოველნი მეფენი აღმოსავლით დასავლეთამდი ამისთჳს. ხელდებიან ყოველნი მსმენნი ესრეთ სახებრწყინვალეობისა მისისანი რამეთუ ბერძენთა მეფისა მანოელისა შვილი უხუცესი იყო გაჭრითა და გახელებით, არათუმცა ანდრონიკეს, ჟამსა მის მეფობისასა და მისგან ბერძენთა ამოწყუედისასა, შეეპყრა და განეპატიჟა იგი მოყმე პოლიკარპოს. მსგავსი -- ასურასტანისა და შუამდინარისა ანტიოქელისა მეფისა შვილი იყო: უკუეთუმცა ჰქონებოდა გზა მრავალ-გუართა ბარბაროზთა შუაყოფისაგან, წამსაცა შინა აქა პოვნილ იყო. კუალად სულტნისა ყიზილ-არსლანის. შვილთაგანი ერთი, ამბვისა სმენითა ჴელ-ქმნილი. ძალითღა-სამე დაიმჭირა მამამან სჯულისა დაგდებისა შიშითა.

ხოლო ახლო მყოფთა ესევითარი აქუნდა ტრფიალი, რომელ არცა უღირსთა უღირსობისა აქუნდა კდემა-რცხუენა, არცაღა თჳსთა თჳსობისა გავლენა. ვინაცა სახედ მზისა შარავანდნი ცისაგან იშუქებდეს მიწიერთა საჭურეტლად, ეგრეთვე ქუეყანისაგან თამარის ჴელმწიფობისა შარავანდთა ნათელთა ბრწყინვლებანი ეფინებიან იატაკსა ამას ზედა ცისასა.

მცნობელმან ამისმან სალდუხის ძის ძემან, სახელით მუტაფრადინ, აღარ დამხედმან მშობელთა არნებობისამან და დამგდებელმან მუჰამედისამან, სჯულისა ტკბილისამან, რომელმან მოზიდვითა კაცთათა უმოძღურა კაცთა საწუთრო ესე ნებასა ზედა თჳსსა, სურვილითა და სმენა-სატურფოთა სახეთაგან ძლეული მოვიდა წინაშე თჳიმფლობელისა, ყოველთა მეფეთა უზესთაესისა ამის თამარისა სამფლობელოთ თჳსით დიდითა ლაშქრითა, მრავლითა დიდებულითა. ხოჯაებითა და საჭურისითა, მონებითა და მჴევლითა, ბარგითა და სიმდიდრითა, საჴელმწიფოთა ძღუნითა კმასაყოფინელითა, თუალისა და მარგალიტისა, საჭურჭლეთა და ლართა თანა ავასებისა და ტაიჭებისა სიმრავლითა.

და წესისაებრ სახლისა საჴელმწიფოსა მიეგებნეს დიდებულნი პატივითა და სიყუარულითა, მოიყვანეს სრად სამეფოდ, რომლისა პაპა სალდუხ ეზდინი პაპასა ამათსა დემეტრეს, ჴელმწიფესა დიდსა და სახელ-განთქმულსა, ჭაბუკსა გორგასლიანსა, ძალითა და ღუაწლთა სიმრავლითა ჴელთ-ეგდო და მოეყვანა. აწ ამან სიტყჳთა, და ნუ უკუე არცაღა სიტყჳსა ღირსებითა. მოიყვანა ვითარცა მონა მოხარკე ნელიად და წყნარად და მიმყოვრებითრე უდარბაზა, რომელმან ნახვასავე თანა რამინისებრი აჩუენა ცრემლთა ნაკადთ-მრავლობა. დასუა პატივითა ტახტსა თანა ხელითა, და იქმნა სიხარული გამოუთქმელი, ვითა მართებს ნადიმსა და წყლიანობასა ამის სახლისა დიდებულთა მოყმეთა, უკლებლობასა მრავალგუართა სახეობათა, მუტრიბთა და მოთამაშეთა განწყობილობათა, ნიჭთა და საბოძუართა და შემოსათა ვინაცა იქმნა უჰამრავი. ამას ესრეთსა სიყუარულსა, პატივსა და ბოძებასა შინა დაყო ჟამი ზამთრისა სომხითს და ტფილისს მომწონებელმანლ სანადიროთა ქუეყანათა და მოყმეთამან თჳთ თავადის პატრონისამან, რომლისა სიკეთისა მითხრობა კაცთაგან შეუძლებელ არს და ჟამსა ღანუყობისასა თანაწარმტანელთა აჩუენეს საყოფნი სანადირონი, მინდორნი მოედანნი ქუემო კახეთისანი და რანისანი. და რანისა დიდებულნი მოყმენი და ლაშქარნი, განაღამცა მომწონებელნი და მაქებელნი, იშუებდეს და იხარებდეს და ადიდებდეს მომლოდენი ჟამისა მის პატრონისა მათისა უკუდავ-ქმნილისანი.

გარნა ვინათგან თამარ ამაყი და ლაღი, უჯერო შესატყჳსობისა, აზეებდა ფრთოვანებასა გონებისა გონებისა მისისა, შემოსრულთა ქალაქად სამეფოდ დაამჴუეს ქედმაღლობა ტრფიალისა მისისა, და წინა-უკმო საულისა იპოვა შვილი სალჩუკმანი: მან მძებნელმან კარაულებისა მამისამან პოვა მეფობა, ამან მძებნელმან მეფობისა და ზესთა მეფეთა მეფობისამან პოვა რომელი საულისა დანაკარგი ჴამდა.

იყო ვინმე ერთი ხარჭთაგანისა ნაშობი, რეცა სახელდებული შვილად მეფისა. და ვინაცა მთქმელთა არა უქმ-საგონებლობისათა. უფროსღა უქმ-მყოფელთა და დამასკუნელთა ქორწილისათა შერთეს და გარდაიჴადეს ქორწილი სახელოანი. შემოსასა თანა მრავალ-მრავალსა უბოძნეს ცხენნი და აკაზმულობანი სხუათა საქონელთა და სიმდიდრეთა თანა და ლართა, და წარგზავნეს თჳსად საყოფლად არზრუმად, გარნა თუ ვითარითაცრემლითა და ვითარითა გლოვითა, გამოუთქმელ არს კაცთა ენისაგან.

ხოლო შემდგომად ამისა რეცა დარბაზობისა სახედ მოვიდა შარვანშა აღსართან, რომელი მიჴდილ იყო ცნობათა სიყუარულისაგან და, სჯულისაებრ ძუელისა და თჳთ დღეთა ისლიმთასა, გუარისაგან განვლენილი, თჳსისა სჯულისა დაგდებად განმზადებული, მოქენე იქმნა ყოველთა საქმის მოქმედთა, მოძღურისა და კათალიკოსისა, მიუწდომელისა ქრთამისა მძებნელი. გარნა უქმ სადმე და ცუდ იქმნებოდის ზაკუანი ეშმაკისნი, ვინათგან აქუნდა თამარს სული მყოვარე და შეყუარებული ზენარისა მის ხუედრისა, და გონება, მშობელი სიტყჳსა, გონებისა მის დიდისა მიმართ აღემსჭუალა, და სეფე-გუარ ჰყოფდა ტაძარსა შჳდწილ განწმედილსა ღმრთისა სიტყჳსასა. და ყოველთა მამონისაგან ძლეულთა და ქმნად მაწუეველთა სირცხჳლეულ ჰყოფდა მომსმენელთა სატანას ზაკჳთ. წარმავლინებელმან წესისაებრ პატივითა და სიყუარულითა ნიჭ-მრავლობასა შინა მისცა მცნება: "კუალად აღარა შესძინედ ესევითართა თქმადი".


გაგრძელება

ქართლის ცხოვრება