თანამედროვე სამეცნიერო კვლევის ასოციაცია


ქართლის ცხოვრება
სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტომი 2, თბილისი 1959


ტექსტი გადმოღებულია ტიტუს პროექტის ელექტრონული გამოცემიდან პორფ. იოსტ გიპპერტთან შეთანხმებით:
TITUS Project, მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტი
ტექსტის აკადემიური ორიგინალის მისამართი: Zhamtaaghmc


ჟამთააღმწერელი


(გაგრძელება)

წინა ნაწილი



მესამეოცდაოთხე მეფე ვახტანგ ძე დავით აფხაზთა მეფისა,
ძისა რუსუდანისი, ბაგრატოანი

ხოლო ვითარ მოვიდა მეფე ვახტანგ ქართლს შემოკრბეს კათალიკოსი და ეპისკოპოსნი, და მთავარნი, და დაადგეს გჳრგჳნი მეფობისა თავსა მისსა, და დასუეს ტახტსა სამეფოსა, და აღასრულეს წესი კურთხევისა. და დაიპყრა ყოველი საქართველო ნიკოფსით დარუბანდამდე, თჳნიერ ჯაყელ-ციხისჯუარელისა ბექასი, და განიხარეს ყოველთა მკჳდრთა საქართველოსათა: "რომელ მოგუეცა ნათესავი მეფეთა ჩუენთა, პატიოსანი, ღმრთისმოყუარე, ტკბილი და მოსამართლე, ახოვანი და მჴნე, და სამჴედროთა ზნითა აღვსავსე". ამან აღიყვანა პატივსა ათაბაგობისასა და ამირსპასალარობისასა ხუტლუბუღა, და მიუბოძა ორივე ჴელი და განგება სამეფოთა. ხოლო დავით დაშთა თათართა შინა ტაჩარ ნოინისთა, ჭირთა და იწროებათა შინა, და დედოფალი დედა მათი დაშთა სკორეთს, და სხუანი ძმანი მათნი მიმოიბნივნეს. ხოლო უმრწამესი ძე მისი გიორგი, რომელი უშვა ასულმან ბექასამან, წარიყვანა პაპამან მისმან ბექამან და აღზარდა საკჳრველი და უმჯობესი ყოველთა კაცთა მის ჟამისათა, ვითარ ქუემორე სიტყუამან ცხად ყოს.

და ვითარ გარდაჴდა ორი წელი, შეედვა სალმობა ბოროტი ყაენს არღუნს, რამეთუ განჴმეს ყოველნი ასონი მისნი, და მოლპესცა ჴორცნი, და ძუალნი აღმოსცჳვდეს, და განიყარა ყოველი გუამი მისი, და იყო ნახვა მისი უშუერ და საზარელ, და კნინღა მიმსგავსებულ იყო მკუდარსა. ვითარ სნეულობდა არღუნ ინება ხუტლუბუღა რათა დავით მეფე ყოს და მოდგამი მისი კერძო, და ეცადა ნოინთა წინა, რათა წარუღონ მეფობა ვახტანგს. ტაჩარ თანა-შეეწეოდა დავითს, და ოვსთა მეფის ძე, სახელით ფარეჯან, იგიცა ძლიერად შეეწეოდა დავითს. ამისთჳს საბრჭოდცა წარდგეს, თუ რომელსა მართებს მეფობა. ხოლო სხუათა მთავართა ქართველთა არა სთნდა მეფობა დავითისი, რამეთუ მტკიცედ დგეს ერთგულობასა ზედა ვახტანგისსა, ამისთჳს არა მოსცეს მეფობა დავითს, და ადგილ-ადგილ სოფელნი და ქუეყანა მოსცეს დავითს.

და ვითარ განძლიერდა ზეგარდამო რისხვა არღუნს ზედა, და სენი იგი განგრძელდებოდა ოთხისა თჳსა ჟამთა, განრღუეული -- თავით ფერჴადმდე, მოეწყინა ნოინთა, შეკრბეს და ზედა მიეტევნეს, და კარავსა შინა მოშთობისა მიერ სიკუდილსა მისცეს, მასვე დღესა და ჟამსა, რიცხუსა თჳსასა, ათორმეტსა მარტსა, რომელსა შინა პატიოსანი და სანატრელი ცხებული ღმრთისა მოწამე, ბრწყინვალე დიმიტრი მოიკლა. საცნაურ იქმნა, ვითარმედ ამისთჳს მოიწია სენი ბოროტი არღუნს ზედა, რომელ დასთხია სისხლი უბრალო მრავალი. და იკადრა ცხებულსა ღმრთისასა ჴელის შეხებად.

მოკუდა არღუნ, და ყოველნი განმზრახნი მისნი, რომელნი მეფისა სიკუდილსა თანაშემწე ყოფილ იყვნეს, ყოველნი მოისრნეს, და მიერითგან მიეცა ფლობა დავითს, და ნოინნი დავითისკენ იყვნეს. ეგრეთცა მტკიცედ ეპყრა მეფობა ვახტანგს. მაშინ წარავლინეს ნოინთა კაცი, და მოიყვანეს ყაენად ქეღთუქონ, ძმა არღუნისი, და დასუეს ტახტსა და ჴელთ უგდეს ყოველი საყაენო. ამან შეიყუარა კეთილად ვახტანგ რამეთუ ამისთჳს ჰგონა არღუნს ზედა მიწვნად რისხვა იგი სასტიკი. და ვითარცა ესე ესრეთ იქმნებოდა, მაშინ შეედვა მცირე რამე სენი ვახტანგ მეფესა, რომლისა მიერ შეისუენაცა. და მოკუდა მეფე ვახტანგ, სამ წელ ოდენ მეფე ყოფილი საღმრთოთა და საკაცობათა შინა საქმეთა სრული და შემკობილი, რამეთუ აღმზრდელიცა კეთილი და მეცნიერი ესუა, ფარსმანის შვილი.

ვითარცა ცნა დავით, დიმიტრი მეფის ძემან, სიკუდილი ვახტანგისი, განმწარდა სიკეთისა და სიჭაბუკისა მისისათჳს, და იგლოვა წესისაებრ, და ფრიად პატივ-სცა, და წარგზავნა გელათს სამარხოსა მეფეთასა. ვითარცა ესმა მამასა მისსა, მეფესა დავითს, სიკუდილი სასურველისა და ყოველთა მიერ შეყუარებულისა ძისა მისისა ვახტანგისი, უზომოთა ტკივილთა და მწუხარებათა მოიცვეს, რამეთუ შეუძლებელ არს. მითხრობად თჳთოეულისა გარდა ესოდენ მოიცვა მწუხარებამან რომელ ვერღარა პოვა ლხინება. და შემდგომად მცირეთა წელთა მანცა შეისუენა, პატიოსნითა სიბერითა აღსავსე[მან] და დაუტევა სამნი ძენი, პირმშო ვიდრემე კოსტანტინე, და მეორე მიქელ, და უმრწამესი ალექსანდრე, რომელი უშვა დედოფალმან, დიდისა პალიალოღოსის ასულმან კოსტანტინეპოლისამან და საბერძნეთისა მპყრობელ[ისა]მან. ხოლო მიიღო მეფობა კოსტანტინე, პირმშოებისა ძლით, რომლისა მეფობასა წინააღუდგა ძმა მისი მიქელ, და დაიპყრა ქუეყანა რაჭისა და არგუეთი, და დღეთა მათთა იშლებოდა სამეფო, რომელთა საქმენი არა მოჴსენებულ არიან, და არა ყვეს მშვიდობა, ვიდრე არა მიიცვალნეს, რამეთუ რომელსა ჟამსა დაიზავნიან, მყის შეიშალნიან.

ხოლო ჩუენ პირველივე გზა აღვლოთ მცირედ კერძო გარდამბიჯებელთა. დაჯდა რა ქეღათუ ტახტსა ზედა, განდგა ქალაქი საბერძნეთისა ტუნღუზალო: რა საბერძნეთით მოსრულ იყო ქეღათუ, ჰგონეს უცალოება ყაენისა, და განდგეს. მაშინ მოუწოდა ყოველთა სპათა მისთა, და მეფის დიმიტრის ძესა დავითს, და მთავართა ქართლისათა, და შევედრა ტახტი და ცოლი მისი და ხათუნნი ნოინსა ელგონს. ხოლო ხუტლუბუღა და სხუანი მთავარნი საქართველოსანი დაუტევნა მუღ[ა]ნს, რამეთუ ეშინოდა გამოსლვისათვის ბერქალთნასა, თჳთ წარვიდა, და დავით ძე დიმიტრისი თანა-წარიტანა. და ვითარ მიიწივნეს ტუნღუზალო ქალაქსა, გარემოადგეს ოთხ თუე, და ვერ-რა ავნეს. და ვითარ მისჭირდა, მეხუთესა თუესა იწყეს ძლიერად ბრძოლად; რამეთუ დავით და მცირედნი ქართველნი ბრძოდეს; წარიღეს ქალაქი და შიგან შევიდეს, სადა-იგი ქრისტიანენი ერთსა ყურესა შეკრებულ იყვნეს და ევედრნეს დავითს, რათა შეიწყალნეს და ყაენმან არა ბოროტი უყოს. ჴსმინა და მცველნი დაუდგინნა და დაიცვნა, და აღიღო ხარაჯა და საჭურჭლე ურიცხჳ, და მიერ წარმოვიდა. ხოლო მუნ ყოფასა ფარეჯანისა, იწყეს ოვსთა ოჴრებად, ჴოცად, და რბევად და ტყუენვად ქართლისა, და ქალაქი გორი წარტყუენეს და თჳსად დაიჭირეს ოვსთა. მაშინ შეკრბეს ქართლს ერისთავისა ბეგას ძესა ამადას წინაშე ყოველნი ქართველნი და მოდგეს გორსა.

და მრავალგზის შეებნეს, და ქალაქსა შინა. მრავალი კაცი მოკუდა, ოვსიცა და ქართველიცა, და დაწუეს გორი სრულიად. და ვითარ მისჭირდა ოვსთა ციხიდაღმან გარდმოუშუეს საბლით კაცი და წარავლინეს მუხრანს მდგომთა თათართა თანა, რათა შეეწივნენ. ვითარცა ესმათ, ჩამოდგეს შუა, შუელა ქმნეს და ზავი და მიერითგან შეიქმნა მტერობა შორის ქართველთა და ოვსთა, ვიდრემდის მეფეთა შორის ბრწყინვალემან დიდმან სახელგანთქმულმან გიორგი განასხნა და აღფხურნა. ხოლო ვითარ მოიწია ყაენი შინა, მოუწოდა დავითს და რქუა: "ვინათგან დასდევ თავი შენი მსახურებად ჩემთჳს, და სდგახარ ერთგულობასა ჩემსა ზედა მომიცემია მეფობა და სამეფო შენი ყოველი". და წარმოგზავნა ტფილისს, და დასუა ტახტსა მამისა მისისასა, და თანა წარმოატანნა სპანი საქართველოსანი, შანშე და ხუტლუბუღა, და ყოველნი დიდებულნი. და მოუწოდეს სამცხით ბექასა, და მან არა ინება მოსლვად, რამეთუ ფრიად განდიდებულ იყო, თჳთ არღარა წარვიდის არცა ყაენს წინაშე და არცა მეფის თანა, არამედ წარმოუვლინა ძე თჳსი პირმშო, სამცხის სპასალარი სარგის, და ყოველი ნამარხევი, რომელ აქუნდა მეფისა დიმიტრისაგან შევედრებული, და სარტყელიცა იგი დიდფასისა. მოვიდა სარგის და მოიღო ყოველივე დაუკლებელად მეფის დავითის. წინაშე. და დასუეს მეფე ტახტსა ზედა, და აკურთხეს კათალიკოსმან აბრაჰამ და ეპისკოპოსთა

მესამეოცდახუთე მეფე ქართლისა დავით, ძე დიმიტრი მეფისა, ბაგრატოანი ხოლო მოსცა ყაენმან დაჲ მისი ოლჯათ, რომელი ვახტანგს ცოლად ესუა. და დაიპყრა ყოველი სამეფო მამისა მისის დიმიტრისი, თჳნიერ ბექას სამცხის მპყრობელისა მთავრისა, ხოლო იგი პატივ-სცემდა მეფესა დავითს მრავალთა ნიჭთა და ძღუენთა წარმოუვლენდის. ხოლო დავით უმეტესთა ჟამთა იყვის წინაშე ყაენისა. დაღათუ ფარეჯან ოვსთა მთავარი მსახურებდა კეთილად მეფესა, არამედ აქუნდა[თ] მტერობა ქართველთა [და ოვსთა]: ესოდენ გარდაეკიდნიან ერთმანეთსა, რომელ რომელიცა მძლე ექმნის, მოკლის. მაშინ წარვიდეს ქალაქს ოვსნი ვაჭრობად, და ვითარ მოიქცეს, იხილეს გლახაკი, და მისცეს ქველის საქმე ოვსთა, რომელსა უპირველესსა ეწოდა სათხისა და მეორესა უზურაბეგ, და რქუეს: "გლახაკო, ევედრე ღმერთსაი რათა დღეს ჩუენი და სურამელის ბეგას შვილის ჴრმალი ერთგან შეიყარნენი, და ვითარ წარვლეს მცირედ, დახუდა ნადირობასა შინა მყოფი რატი მცირითა კაცითა, უსაჭურვლო. მყის ზედა მიეტევნეს, აღიღო თარი და დაუდგა სივიწრესა წყლის გასავალსა, და პირველ სათხეს უხეთქნა მუზარადსა, განუპო და ჩამოაგდო, და მოკუდა. მერმე უზურაბეგ მოუჴდა, ჰკრა მასცა მჴარსა ჯაჭჳანსა, განუკვეთა მჴარი, და ჩამოაგდო, და ყრმათა რატისთა მოაკუდინეს. იხილეს სხუათა ოვსთა და ივლტოდეს. ამისთჳს იტყჳს წინასწარმეტყუელი: "უფალი ამპარტავანთა შეჰმუსრავს", კუალად სხუა ჴმობს: "აღჴოცენინ უფალმან ყოველნი ბაგენი მზაკუარნი, და ენა დიდად მეტყუელი".

ხოლო მოვიდა მწოდებელი ყაენ თუქალისი წინაშე დავით მეფისა. და წარვიდა დავით წინაშე თუქალისა, რომელი იდგა მთათა არარატისათა. და ვითარ იხილა თუქალ დავით მეფე, პატივითა შეიყუარა. ინება, რომელ ფიცთა მიერ ქმნან ერთობა სიყუარულისა. დაამტკიცეს ერთობა, და წარმოვიდა მეფე შინა, და მისცა დმანისი, რომელ აქუნდა ხუტლუბუღას, ძმასა მანგასარისსა.

და ვითარ გარდაჴდა მცირედი ჟამი, წარვიდეს ნოინნი, რომელნი თუქალისაგან ლტოლვილ იყვნეს, ვითარ ნავროზ დიდისა არღუნის შვილი, რომელი იყო კაცი მჴნე, ძლიერი, ახოვანი, მანქანი, შემმართებელი უმეტესობისა, ალიყანის შვილი ყურუმჩი, რომლისა ძმა ბუღა მოეკლა თუქალს. ესენი მივიდეს ხუარასანს, არღუნის. შვილის ყაზანის თანა, რომელსა აქუნდა მამისაგან საუფლისწულოდ ხუარასანი. შეიყარნეს და ინებეს, რათა ყაზან ყონ მთავრად და ყაენად. შეკრბეს ესე ყოველნი, და წარმოემართნეს ბრძოლად ბაიდოსსა. და ვითარ ცნა მოსლვა ყაზანისა, მოუწოდა მანცა ლაშქართა, და წარვიდა თუქალცა სისწრაფლ. ვერღარა მიიცადეს მეფე, აქაცა დაიცვა ღმერთმან, რომე არა დახუდა. მიეგებნეს მცირესა ქალაქსა ზანბანს, შეკრბეს ურთიერთას და სწორი ძლევა იქმნა, უკუდგეს ორნივე და გაიყარნეს, რამეთუ ყაზან მუნ არა იყო, ნავროზ და ხუტლუბუღა წარმოევლინეს. ნავროზ ჴელთ იგდეს და ძლიერი ბრძოლა ყო ჯალირმან, და წარვიდა ყაზან ხუარასნით. ხოლო ევედრა ნავროზ თუქალს, რათა განუტეო, და ფიცით დაუმტკიცა, რათა ყაზან ჴელ-შეკრული მოსცეს. ირწმუნა და განუტევა. და ვითარ მივიდა ყაზანს თანა, შეკრა ქუაბი სპილენძისა, და წარმოგზავნა თუქალს წინა, რამეთუ ენითა თურქულითა ქუაბსა ყაზან ეწოდების. მოვიდა ქუაბი შეკრული საბლითა, განუკჳრდა და დაუმძიმდა თუქალს, რამეთუ მოსრულ იყო არარატისა მთათა.

მაშინ კუალად წარმოემართა ყაზან, უმრავლესითა სპითა, უგრძნეულად, და უჟანს დაესხა ბაიდოს. შეკრეს და მოაშთუეს, და მის თანა მრავალნი ნოინნი. ხოლო აქაცა დაიცვა ღმერთმან მეფე. და ვითარ ცნა სიკუდილი ბაიდო ყაენისა, თუქალ ივლტოდა და მივიდა სამცხეს, ბექასას, რომელი მთავრობდა ტასისკარითგან ვიდრე კარნუ-ქალაქადმდე. და შვილი წარგზავნა მეფისა დავითს წინაშე, და მას შევედრა. და ვითარ მოვიდა ყაზან ადარბადაგანს, რომელ არს თავრეზი, წარმოუვლინა მოციქული მეფესა და ბექასა, რათა მისცენ თუქალი და შვილი მისი, ერთგზის და ორგზის. და არა მისცეს, არამედ იურვეს, რათა შეუნდონ. და მოსცა პირი და ბეჭედი უვნებელობისა, და მისცეს თუქალი. ვითარ ცნა ყურუმჩი წარყვანა თუქალისა ურდოსა, მოეგება ელჩსა ყაენ ყაზანისსა ნაჴიდურს, და წარგუარა თუქალი, და მოკლა, სიკუდილისათჳს ბაიდოსა, ძმისა მისისა. და მეფემან დავით მოსცა შვილი მისი და ყოველი სიმდიდრე, რომელი შეევედრა თვსთა მთავრის ფარეჯანისა, რომელი იდვა ციხესა ატენისასა, რამეთუ ესე დაიმადლა ყაენმან ყაზან. გარნა მეფემან ვერ გულს-იდგინა წარსლვა ურდოსა შიშისათჳს, რომელ აქუნდა სიყუარული თუქლისი. და კუალად სხუაცა იყო შიში ურდოს წარსლვისა, რამეთუ ზემოჴსენებული იგი ნავროზ, არღუნ-აღას შვილი, მტერი იყო ყოველთა ქრისტიანეთა; რამეთუ ვისცა ჰგონებდა სჯულისა დატევებასა, დაჰპატიჟებდა და მუსულმანად მიაქცევდა, თჳნიერ ცნობისა ყაზან ყაენისასა. და კუალადცა რამე ბოროტი აქუნდა, ამისთჳსცა ბოროტად მოკუდა, ვითარ ქუემორე სიტყვამან ცხად ყოს.

ესე ნავროზ განდიდნა, თჳნიერ ყაენისა განაგებდა საქმეთა საურავთა, და აქუნდა მტერობა ქრისტიანეთა. და განემზადა სრულიად დაჴოცად და დაქცევად ეკლესიათა თავრეზსა და ყოველთა ქალაქთა შინა. და მოიყვანა ეპისკოპოსი მარღის ქალაქისა, ნათესავით და სარწმუნოებით ნასრანი, რომელი იყო კაცი მოწყალე და სახიერი, ფრიად სათნოებიანი, პირველთა ყაენთაგან პატივცემული, და მამად ყაენთაგან სახელდებული. ესე პყრობილ ყო და მრავალნი გუემანი და ბასრობანი შეამთხჳვნა დატევებისათჳს სჯულისა. ხოლო იგი ახოვნად წინააღუდგებოდა, და მოითმენდა შეურაცხყოფად სჯულისა მოამადის მიერ ქადაგებულისა. ამისთჳს ექსორიობად დაისაჯა, რამეთუ იყო ფრიად მოხუცებულ. ამას ზედა ესეცა შესძინა ბოროტი ნავროზ: წარმოავლინა კაცი ერთი უკეთური- ნათესავი მისი, რათა მოაოჴრნეს ეკლესიანი ყოველსა საქართველოსაც პირველად მოაოჴრნეს საყოფელი ყოვლად-წმიდისა ვარძიისა ღმრთისმშობელისა საყდარი, და ყოველსა საქართველოსა რაცა პოვოს, და წარმოიღოს რაცა რა პოვოს მას შინა სიმდიდრე, რამეთუ ჰგონებდა უზომოსა სიმდიდრესა, ოქროსა და ვეცხლსა, თუალთა და მარგალიტთა პატიოსანთა მრავალთა ვარძიას.

პირველად უკუე წარმოვიდა, და მოიწია ნახჭევანს, იწყო რღუევად ეკლესიათ. მოიწია რისხვა ყოვლად-წმიდისა ვარძიის ღმრთისმშობელისა მას ზედა, რომელ მოვიდოდა მოსაოჴრებლად ვარძიისა ღვთისმშობელისა და პატიოსნისა ჯუარისა დასამჴობლად. ამისთჳს მეხდატეხილ იქმნა, და განგალა მეხმან სრულიად, და დაიწუა ძუალითურთ. ესრეთ საკჳრველებითა დაიცვა სამყოფი თჳსი ვარძიისა ღმრთისმშობელმან. ხოლო ნავროზს. ზედაცა მოიწია რისხვა ღმრთისა, რამეთუ განრისსდა ყაენი ყაზან უსამართლობისათჳს. და ბოროტთა საქმეთა მისთთჳს იყო ყაზან ფრიად რამე კეთილ და უბოროტო გონება და სიმართლის მოქმედ, უფროს ყოველთა უწინარესთა ყაენთა, ესოდენ, რომელ ჯაჭჳ განება ორთა შეშათა ზედა და ეჟუნები მოება მრავლად, რათა გლახაკნი უღონონი და უქონელნი, ყაენისა და ნოინთა წინა მისლვისა უღირსნი და მოჩივარნი მივიდოდენ და შეარყევდენ შეშასა და ჯაჭუსა, და ესმოდის ყაენსა ჴმა ეჟუანთა და ცნის, რომელ სასჯელი უც გლახაკთა და შეურაცხთა კაცთა რომელი თჳთ განიკითხის პირისპირ. ესოდენ უყუარდა სამართალი, რომელ დღეთა მისთა არა იქმნებოდა მალი და უსამართლობა, არა დიდთა -- და არცა მცირეთაგან. ამისთჳს რისხვეული ნავროზ ივლტოდა ხუარასანს, რომელ დევნა უყო ზემოჴსენებულმან ხუტლუბუღა ნოინმან, მიეწია და მოაკუდინა იგი, და შვილი მისი, და ყოველი ნათესავი მისი, მოისპო ქუეყანით საჴსენებელი მისი, ვითარცა წერილ არს: "მოისპენ უღმრთოდ, რათა არა იხილოს დიდება ღმრთისა". და კუალად წარწყმდა საჴსენებელი მისი, და ესრეთ დამშჳდდეს თათარნი. იწყო ყაზან ყაენმან განგება ქუეყანისა სიმართლითა და მსჯავრთა კეთილთა.

ამათ ჟამთა წარმოავლინა მოციქული ყაზან ყაენმან, და იწყო მის წინაშე დავით მეფე. ხოლო იგი მსწრაფლ განემზადა, და მოიწია კახეთს და ჰერეთს. მივიდეს ჰერ-კახნი დიდებულნი და აზნაურნი დავით მეფის წინაშე, ერისთავი სამადავლა, კაცი ყოვლითა სამჴედროთა ზნითა შემკობილი, და მოისარი რჩეული, მსგავსი მოსომახოსა ებრაელისა, გინა ნეოპტოლემეოს პიღასი რჩეულისა, სახელოვანისა მირმიდონთ მოძღურისა, დაყო მცირედი ჟამი ჰერეთს, და განეზრახა ვაზირთა: "უკეთუ წარვიდე ურდოსა, გინა არა". დაუმტკიცეს ვაზირთა წარსლვა, ხოლო მეფემან არა ისმინა მათი და შეიქცა გარე, რამეთუ აქუნდა შიში თათართა ყაენის ხილვისა. და მოვიდა მთიულეთს, უკუდგა ჟინვანს შეკრა სიბა, და მცველნი დაუდგინნა. ხოლო მეფე დავით მთიულეთს დგა, და წარავლინა ძმა თჳსი ურწამესი ვახტანგ ელჩად წინაშე დიდისა ბათოს შვილის შვილისა ყაენისა, და უქადა გზა გამოსლვად ყაენის ზედა, და მან კეთილად შეიწყნარა, და უქადა ქუეყანა და საჭურჭლე მრავალი. ვითარ ცნა დავითის. უკუდგომა ყაზან, წარმოგზავნა ხუტლუბუღა მჴედართ-მთავარი, რომელსა იგინი ბეგლარ-ბეგობით უჴმობდეს, სპითა დიდითა. მოვიდეს და დადგეს ტფილისს, გაგზავნეს მოციქული მეფესა დავითს წინაშე, და ითხოვეს კაცნი სარწმუნონი მისანდობელად, და აძლევდეს ზავსა, და სთხოვდეს ერთგულობასა ყაზანისასა, და არა მიქცევასა მტერთა კერძო. და მან წარმოგზავნა კათალიკოსი აბრაჰამ, ბურსელი ივანე და ტფილისის. ყადი, და ითხოვნა მძევალნი და ფიცად მიჰპირდა. ხოლო მათ ფიცეს სჯულისაებრ მათისა, და მისცეს მძევლად ხუტლუბუღას შვილი სიბუჩი, ყურუმჩის ძმა არფა და სხუათა ნოინთა შვილნი. და მისცეს ბეჭედი ყაენისა, და სიმტკიცე უვნებელობისა. და იგი მოვიდა ნახვად მათდა, და აღუთქუა წარსლვად ურდოსა. ხოლო ხუტლუბუღა შეიწყნარა პატივითა და განუტევა. ხოლო დავით იქცა თჳსადვე, და მძევალთა მისცა ნიჭი დიდი და განუტევნა. და ვითარ მოიწია არე გაზაფხულისა, აწჳეს კუალად მეფე დავით ურდოსა, და არა ინება წარსლვად, რამეთუ აქუნდა შიში. ამისთჳს წარავლინა ძმა მისი ბადურ დიდისა ყაენისა თოხთას წინაშე. ვითარ ცნა ყაზან ყაენმან, კუალად წარმოავლინა მჴედართ-მთავარი ხუტლუბუღა, სპითა ურიცხჳთა. მოვიდეს სომხითს და კუალადცა აწჳეს მეფე მისლვად, და აღუთქმიდეს ნიჭთა დიდთა. და კუალადცა წარავლინა კათალიკოსი აბრაჰამ, ყადი ტფილისისა და ივანე ბურსელი, და აღუთქუა მისლვად. ცნეს თათართა რამეთუ მიზეზობდა, შეიპყრეს ივანე ბურსელი და მოკლეს, კათალიკოსი და ყადი განუტევეს უვნებელად, და მომართეს შესლვად მთიულეთს; მოაოჴრეს სომხითი, ქართლი, თრიალეთი, ერწო და დადგეს მუხნარს, ხერკს, ბაზალეთს, ერწოს და თიანეთს და ვერ ეტეოდეს სადგომად, და არბევდეს ქართლსა და ზემოჴსენებულთა ქუეყანათა. ტყუე ყვეს, რომლისა არა იყო რიცხჳ, და მოსრეს პირითა მახჳლისათა რავდენ პოვეს, და მიეცა ქუეყანა განსარყუნელად, ცოდვათა ჩუენთათჳს. რამეთუ ამას წელსა გამოჩნდა ვარსკულავი კჳმატი, ლახურის სახე, ჩრდილოთ კერძო, და დადგა ვიდრე ოთხ თუედმდე, და ყოველთა ღამეთა იხილვებოდა ვარსკულავი იგი ლახურის სახე, და იტყოდეს: "ლახურითა მოწყუედასა მოასწავებს".

კუალადცა ინებეს თათართა ზავის ყოფა მეფისა და გაუგზავნეს მოციქული, რათა მეფემან შეჰფიცოს ერთგულობასა ზედა ყაზანისსა, და არა მისცეს გზა ბათოს შვილის შვილსა დიდსა ყაენსა თოხთას, და ესრეთ ჟამად შინა იყოს, მისცეს სამეფო მისი. და ყვეს ფიცი და აღთქმა ურთიერთას, და წარმოგზავნა დედა თჳსი დედოფალი, და ძმა მისი უმრწამესი მანოველ, და კათალიკოსი აბრაჰამ და დედოფალი ცოლი მეფისა, ოლჯათ, წარმოავლინა, რათა წარვიდეს ურდოსა და იურვოს საქმე მისი. და მოიწინეს რა ურდოსა, იხილნა ხუტლუბუღა და პატივითა შეიწყნარნა. მსწრაფლ უკურიდა და მოსცა ტფილისი და სამეფო მისი, და წარვიდა ურდოსა და წარიტანა დედოფალი ოლჯათ და კუალად დამშჳდდა მოოჴრებული ქუეყანა.

და ვითარ გარდაჴდა ზამთარი იგი, და მოიწურა არე ზაფხულისა, წარმოავლინეს მოციქული მეფისა დავითის, წინაშე, რათა ცნან, უკეთუ არს ერთგულობასა ზედა ყაენისასა, ანუ არა. და ცნა კაცმან მან, რომელ ბადურ წარევლინა დავითს ყაენ თოხთას თანა, და გზა ექადა გამოსლვად. აცნობა ყაზანს, ხოლო იგი განწყრა და წარმოავლინა ყურუმჩი, და აღნაჯი ვინმე შინაური მისი, და შანშე მჴარგრძელი. და მოუწოდეს ძმასა დავითისსა მცირესა გიორგის, რომელი ესვა ასულსა ბექასსა, და მას აღეზარდა, რომელი მარტო ეშვა დედასა, ვითარცა მარტორქა, რამეთუ ვერ შემძლებელ იყო ბუნება დედათა სხჳსა ეგევითარისა შობად, ვითარ ქუემორე სიტყუამან ცხად ყოს. ხოლო ესე გიორგი იყო სახლსა ბექასსა, რამეთუ ესე ბექა განდიდებულ იყო, და აქუნდა ტასის-კარითგან ვიდრე სპერამდე და ვიდრე ზღუამდე: სამცხე, აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, ნიგალისჴევი, ხოლო ჭანეთი სრულიად მოსცა ბერძენთა მეფემან კომნინოსმან კირ მიხაილ, და ასული ბექასი ცოლად მიიყვანა; ამასვე აქუნდა უმრავლესი ტაო, არტანი, კოლა, კარნიფორა და კარი, ამათ შორის ქუეყანანი და ციხენი, არტანუჯი, და უდაბნონი ათორმეტნი კლარჯეთისანი, და დიდებულნი აზნაურნი და მონასტერნი, ყოველნი მას აქუნდეს, და ხარაჯას მისცემდა ყაზანსა, და ლაშქრითა შეეწეოდა. ამას სთხოვეს ყრმა გიორგი, რათა მოსცეს და მეფე ყონ ქართლსა დავითის წილ ძმისა მისისა, რომელი აღასრულა და მისცა, და თანა წარატანა ლაშქარი დიდი. ხოლო წარიყვანეს ესე გიორგი, და დასუეს მეფედ, და დაღათუ მცირე იყო, არამედ წინა-დაუსახვიდეს უძლეველობასა მეფობისასა და წინა-მოასწავებდეს.

მესამეოცდაექუსე მეფე ქართლისა გიორგი, ძე დიმიტრი მეფისა და ძმა დავით მეფისა, ბაგრატოანი ხოლო იყო ყრმა მცირე გიორგი მეფედ ტფილისისა. და ვითარ მოიწია გაზაფხული, კუალად წარმოავლინა ყაზან ყაენმან იგივე ხუტლუბუღა სპითა ძლიერითა და მრავალნი ნოინნი სხუანი, და დადგეს ზემოჴსენებულთა ადგილთა და მოაოჴრეს ქართლი უბოროტესად. ხოლო მეფე დავით დადგა ჴადას. მაშინ ქუენიფლეველი შალვა გამოექცა მეფესა, აღსავსე ნიჭთა მიერ მისთა, რომელნ მას ჟამსა მიენიჭნეს. არა მოიჴსენა წყალობა ეგოდენი, და მივიდა ხუტლუბუღა ნოინთანა. ხოლო მან განიხარა და პატივითა შეიწყნარა, და წინამმღურად გზისა აჩინა. და შევიდეს გზასა ხუარაზმის ჴევისასა, და განვიდეს მთასა შორის ცხავატსა და ცხრაზმის ჴევთა, რომელ არს ლომისა. და ვითარ ცნა დავით ორგულობა შალვა ქუენიფლეველისა; შედგა ციკარეს, რამეთუ ციკარე მტერთაგან შეუვალ იყო. ჩავლო ხუტლუბუღა, და განვიდეს ჴადას, და გარდვიდეს ჴევსა: და მიმართეს გუელეთს, რამეთუ მუნ შინა აგონებდეს მეფესა დავითს. და გარე-მოადგეს სტეფან-წმიდასა სოფელსა, და განგებითა ღმრთისათა განმაგრდეს, რამეთუ წინარნი თათართანი იყვნეს ქუენიფლეველი შალვა, და ოვსთა მთავარი ბაყათარ, და მუხნარს მდგომი თათარი ბანთანაღუთ. ხოლო ვითარ ცნეს, რომელ სტეფანიათ ვერას ავნებდეს და მეფე მუნ არა არს, ითხოვეს საზრდელი მცირე. სტეფანელთა მოსცეს. და აიყარნეს, და გარდამოდგეს ჴადას. სოლო მეფე ციკარეს იყო, დაამტკიცეს და დადგეს ერთგულობასა მეფისასა სურამელი აჰმადა, და ამირეჯიბი აბაზას-ძე ჭილა, და აზნაურნი ქართველნი და სომხითარნი, და დიდი ერთგულობა აჩუენეს.

ხოლო ვითარ ცნა ხუტლუბუღა მეფისა ციკარეს დგომა, განყო ლაშქარი, და რომელიმე წარავლინა ცხავტით გზასა, რათა ეგრეთ შევლონ ციკარესა, რომელი ესე შეუძლებელ იყო. მაშინ ქუემო შესრულთა ლაშქართა შევლეს გზა და განვიდეს ცხავატს. ვითარ ცნა მეფემან, წარავლინნა მცირედნი ლაშქარნი, და იქმნა ომი ძლიერი, და მოსწყდა თათარი ურიცხჳ, რამეთუ შემოსრულ იყვნეს ვიწროსა გზასა კაცი მეორე ვითარ ხუთასი, რომელნი ვერღარა გამოესწრნეს გზისა სივიწროისაგან. შეიპყრეს ხუთასივე: რომელნიმე მოკლეს და, რომელნი დარჩეს, მოჰგუარეს მეფესა. ხოლო სხუანი ივლტოდეს, და სპანი მეფისანი გამოვიდეს ჴადის თავსა, გორასა რასმე, რომელ არს ციკარეს პირისპირ, და იქმნა ომი ძლიერი. კეთილად ბრძოდეს შინაურნი მეფისანი, ჴადელნი, და ზოგნი ჴევით მოსრულნი რჩეულნი, და უმეტეს მოისრვოდეს თათარნი, რამეთუ დიდად ავნებდეს მთიულელნი, იყვნეს ფერჴითა მალი, ცხენოსანი ვერ შეუვიდოდა ნაომარი, და ქუეითად იბრძოდეს თათარნი, რომელთა შემწედ ყვა ივანეს ძე შანშე, და ოსნი რომელ სხდეს გორს, მესხნი ლაშქარნი, რომელნი წარმოევლინნეს სამცხისა მთავარსა ბექას: თორელნი, თმოგუელნი და ტაოელნი. და განგრძელდა ომი ვიდრე მიმწუხრადმდე. გზათა სივიწრითა არა აღერინნეს ურთიერთას, გაიყარნეს და უკუდგეს ჴადას თათარნი. და უშუელა ღმერთმან მეფესა, რამეთუ ცხავატით შესრული ლაშქარი ივლტოდა. და ვითარ ხუთასი ოდენ კაცი შეიყარა, და ხუტლუბუღასაცა დიდი ვნებოდა. იხილა სიმაგრე ქუეყანისა ხუტლუბუღა და ცნა, რომელ არა ეგების შესლვა ციკარეს; აიყარა ღამით გზასა ლომის თავისასა, დაესხა ქართლს, დაღათუ ვინმე დარჩომილ იყო, მოსრა და ტყუე ყო, და მოაოჴრეს ქართლი, და წარვიდეს ყაენს ყაზანს წინაშე.

ხოლო მოიწია რა არე გაზაფხულისა, წარმოემართა იგივე ხუტლუბუღა, სიტყჳთა ყაენისათა, სპითა უძლიერესითა, და მოიწია ტფილისს, და ეგულებოდა შესლვად მთიულეთს. და ვითარ ცნეს დიდებულთა ამის სამეფოსათა, განკრთეს და ეძიებდეს ღონესა, რათა განერეს პირისაგან თათართასა, ქუეყანა თუღა სადამე დაშთომილ იყო. შეკრბეს მეფესა დავითს წინაშე და მოაჴსენებდეს, რათა წარვიდეს ყაზანს წინაშე და ფიცი და სიმტკიცე აღიღოს უვნებელობისა. ისმინა მეფემან, და დაამტკიცა წარსლვა ურდოსა. სთხოვა ზავი და ფიცი, ხოლო მან დიდად განიხარა და აღუთქუა უვნებელად ყოფა მეფისა და დაცვა ქუეყანისა, უკეთუ ოდენ იხილოს ყაენი, მიერ წარმოგზავნონ დაცვული მშჳდობით. ამის პირსა შინა იყო ბურსელი ივანე, აღიღო პირი მტკიცე, და მოვიდა მეფეს წინაშე. იხილა რა პირი სიმტკიცისა, ქართველთა, ჰერ-კახთა, განეხარნეს და აწუევდეს წარსლვად, და მძევალთაცა აძლევდეს: ხუტლუბუღა" სარწმუნო კაცი არს და არა ეცრუვების აღთქმასა, ვჰგონებ კეთილად შეწყობასა". გარნა მეფემან არა ისმინა, რამეთუ შიში აქუნდა თათართა, და დადგა გუელეთს. ხოლო ვითარ იხილეს დიდებულთა მოოჴრება, უმრავლესნი წარვიდეს, კითხვითა მეფისათა, დაცვისათჳს ქუეყანისა. ხოლო ხუტლუბუღა კეთილად შეიწყნარებდა ვინცა მოვიდოდა. კუალად მოაოჴრა ქუეყანა ქართლისა ზემოჴსენებული, თჳნიერ მთიულეთისა, და წარვიდა ურდოსა.

ხოლო ვითარ მოიწია სთუელი, ჩამოდგა ცხრაზმის ჴევსა მეფე დავით, და აოჴრებდა მამულსა შალვა ქუენიფლეველისასა ორგულობისათჳს. მაშინ უღონო იქმნა ქუენიფლეველი და ევედრა სურამელსა მსახურთ-უხუცესსა [და] ქართლისა ერისთავს ჰამადას, რათა იურვოს მეფეს წინაშე. მოაჴსენა მეფესა და არა ინება მისთჳს დაჭირვა, არამედ მიუბოძა ჰამადას. გარდაიყარა თავსა ნაცარი შალვა და იტყოდა: "ესემცა არს მისაგებელი ორგულთა მეფეთასა". და შეუნდო მეფემან შალვას.

ამათ ჟამთა წარმოვიდა ძმა მეფისა ვახტანგ, რამეთუ იკლო რამე სიყვარული და სიკეთე ძმისა მისისა დავითისაგან, რამეთუ შეპყრობილცა იყო და პატიმრული ციხესა ჟინვანისასა. გამოიპარა და მოვიდა ივანე ბურსელისასა და რქუა: "არა-რა ბოროტი მიქმნიეს და შეურაცხება წინაშე ძმისა ჩემისა, აწე არა წარვალ ურდოსა, მტერთა მისთა თანა, არამედ წარავლინე კაცი წინაშე მეფისა ძმისა ჩემისა და აუწყე ჩემი შენსა მოსლვა. თუ ნებავს, და ფიცით შემაჯერებს, რომე არა ავი მიყოს და არა შემიპყრას, მის წინაშე მივალ, და მცირე სარჩომიცა მომცეს". ხოლო მან წარავლინა კაცი მეფისა დავითის წინაშე და მოაჴსენა ესე ყოველი. ხოლო მეფემან განიხარა და ფიცითა მოიმტკიცა, და წარიყვანა ძმა თჳსი, და კეთილად ხედვიდა. და კუალად ჰგონებდა განდგომასა, ამის ძლით, რამეთუ შაბურის ძმის ასული შეირთო ვახტანგ ცოლად. და ვერღარა თავს-იდვა ვახტანგ უპატიოდ ყოფნა, და წარვიდა ურდოს ყაზანის თანა. ხოლო მან კეთილად შეიწყნარა და მოსცა მეფობა. და წარმოატანა ხუტლუბუღა ნოინი სპითა უძლიერესითა, და მოვიდა ტფილისს. და მუნ შემოიპირნეს ყოველნი თათარნი და ქართველნი, და სამცხის ბატონის ბექას შვილი, სარგის სპასალრი, ტაოელნი, თორელნი, თმოგუელნი და სომხითარნი, რამეთუ შანშე პირველვე იყო მუნ.


დასასრული

ქართლის ცხოვრება