ქართლის ცხოვრება
სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტომი 2, თბილისი 1959
ტექსტი გადმოღებულია ტიტუს პროექტის ელექტრონული გამოცემიდან პორფ. იოსტ გიპპერტთან შეთანხმებით:
TITUS Project, მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტი
ტექსტის აკადემიური ორიგინალის მისამართი: Zhamtaaghmc
ჟამთააღმწერელი
(გაგრძელება)
მესამეოცდაორე მეფენი დავით, ძე მეფის ლაშა-გიორგისა,
და დავით, ძე მეფის რუსუდანისა, ბაგრატოანნი
და ორნი დასხდეს ტახტსა ზედა და აზომ, რომელ მრავალი სიგელი იპოვების, და თჳთ მე მინახავს, რომელ სიგლებისა თავსა სწერია: "მეფენი ბაგრატოანნი", და "ნებითა ღ(მრ)თისათა, დავით და დავით". და ჴელიცა ორთავესი რთავს: "ჩემ დავითისგან მტკიცე არს, და ჩემ დავითისგანცა მტკიცე არს". ხოლო დასხდეს ორნივე მტკიცედ მეფედ, ვითარ ვთქუ, რომლისათჳს საეჭუელ იქმნა შანშესგან ლაშას ძისა დავითის სიყუარული, და ავაგისგან რუსუდანის ძისა დავითის მიმდგომობა. და ვერ განაცხადეს, რამეთუ ორნივე დავით და დავით სიყუარულსა ზედა ეგნეს და არა წინააღუდგებოდეს ერთმანერთსა, და მოჩილობდეს ულო ყაენსა და ხარაჯას მისცემდეს. ხოლო უპირატესი პატივი და ზემოჯდომა ლაშას ძესა დავითს ეპყრა ლაშას-ძეობისათჳს, დაღაცათუ უხუცესობისათჳს.
ვინათგან თათარნი არა დამშჳდნეს ყოველთა ნათესავთა სრვად და ოჴრებად, და თანამბრძოლ აქუნდეს ქართველნი წყობათა შინა სიმჴნისა მათისათჳს, ამისთჳს დიდსა ჭირსა შინა იყვნეს მეფენი და მთავარნი, დაუცხრომელად ებრძოდეს ურჩთა და უმეტეს ალმუთს მყოფთა. რამეთუ შჳდისა წლისა ჟამთა განგრძელდა ბრძოლისა ყოფა მათი, ამისთჳს წარავლინნა ულოცა ნოინნი, და მათ თანა მეფე, გიორგის ძე დავით, ქართველთა სპითა რათა ბრძოდენ ალმუთს ხოლო იგინი ამისნი მცნობელნი და მრავალთა ომთა მიერ შეიწრებულნი, ყოვლისა ღონისძიებისაგან უღონო-ქმნილნი, ივლტოდეს ეგჳპტედ, რომელ არს მისრეთი. რამეთუ აიღეს დედაწული და ხუასტაგი და ყოველი სიმდიდრე მათი, და მუნ დაამკჳდრნა სულტანმან მისრეთისამან, და აწ რომელ მულიმნი მისრეთით გამოვლენ, იგივე ალმუთელნი არიან, მუნ დამკჳდრებულნი.
და ესრეთ რა ჴელთ იგდო ულო ალმუთი და ყოველი ხუარასანი, ინება ამჴედრება ყოველთა ნათესავთა ურჩთა, და მოსრვიდა კაცთა ესოდენ, რომელ ათორმეტი დღე ოდენ დაყვეს ერთსა ადგილსა ზედა, ამისთჳს რომე მოკლულითა კაცითა აღყროლდის ადგილი იგი, რომელ დგის, ხოლო უმეტეს სპარსთა მოსწყუეტდის, რამეთუ საძაგელ უჩნდის რჯული მუსულმანთა. ხოლო ამას თანა აქუნდა სამართალი განმკითხველობისა, და ამას ულოსა თანა იყვნიან მარადის მეფენი ორნივე, დავით და დავით.
ხოლო იყო ესე ლაშას ძე დავით ტანითა დიდ და ახოვან და სხჳლ და მოისარი მაგრითა მშჳლდითა, უმანკო, წრფელი, და მალე-მრწმენ, და შემნდობელ ბოროტის მყოფთა. და რუსუდანის ძე დავით იყო ტანითა ზომიერ და თხელ, ფერითა ჰაეროვან და შუენიერ, და თმითა თხელ, ფერჴითა მალე, მონადირე რჩეული და კეთილად მსროლელი ნადირთა. ენა-ტკბილ და სიტყჳერ, უხუ და მდაბალ, ცხენსა ზედა მჴნე, და ლაშქრობათა შინა გამგონე, და სამართლის მოქმედ, უმეტესობის მოღუაწე. ესენი უმრავლესსა ჟამსა ულო ყაენს წინაშე იყვნენ, და ულო ლაშას ძისა დავითისთჳს უმეტეს მოყუარულ იყო, და რუსუდანის ძისა დავითისთჳს მოძულე. ხოლო ვითარ იყო რუსუდანის ძე ალატაღს, ულოს წინაშე, დაიპყრეს და წარმოავლინეს საზამთროსა ადგილსა ბარდავს. და ვითარ მოიწივნეს ნახჭევანს მიერ წარვიდა რუსუდანის ძე ორითა ოდენ კაცითა, რომელი იყო გურკლელი ამირეჯიბი, და სურამელი ბეგაი, რომელსა თათარნი სალინბეგობით უჴმობდეს, ესე იგი არს კარგი ბეგაი, წარვიდა აფხაზეთს. რამეთუ ლაშას ძე დავით ტფილისს იყო მას ჟამსა, და ვითარ მოიწია ნარინ დავით ქუეყანად ავაგ ათაბაგისა, შეურაცხითა შესამოსლითა, იხილა იგი მომავალი ნადირობას მყოფმან სუმბატ ორბელმან.
რამეთუ მოწყუედასა მას ორბელთასა მეფისა მიერ ლტოლვილი წარსულ იყო ნახჭევანს, სახელით ლიპარიტ ესე მიიწია ქუეყანად ელიგუნისად. ხოლო ელიგუ იხილა რა ლიპარიტ ორბელი, სიძედ შეიყვანა და ასული თასი იქორწინა რომელმან შვნა ორნი ძენი, რომელსა უწოდეს ერთსა ელიგუნ და ერთსა სუმბატ. და შვილად მიიყვანა ელიგუნ სემბატ. ამის სუმბატის შვილის შვილი სუმბატ შეემთხჳა დავითს, და წარიყვანა სახლად თჳსად, ხოლო დავით ევედრა სუმბატს, რათა არა განაცხადოს, და წარავლინოს აფხაზეთს, და თუალიცა მისცა იგი სახელოვანი, რომელ წარეტანებინა დედასა მათსა რესუდანს, და მან წარმოავლინა უნდოთავე შესამოსლითა შიშისათჳს თათართასა. და მოიწია თორს, ლიპარიტ თორელისასა, რომელსა დევის-ყურცა ეწოდებოდა, და მან უძღუნა ცხენი და შესამოსელი, და წარჰყვა ქუთათისს, ხოლო ვითარ ცნეს აფხაზთა, სუანთა, დადიანთა, ბედიანმან, რაჭის ერისთავმან და სრულიად ლიხთ-იმერთა, შემოკრბეს სიხარულითა დიდითა, და მეფე ყვეს დავით რუსუდანის ძე აფხაზთა, ვიდრე ლიხთამდე.
და აქა შინა შეიქმნა სამეფო ესე ორ სამთავროდ, გარნა ეგრეთცა იყვნეს სიყუარულსა ზედა ერთმანერთისასა, დავით და დავით, და დარჩა ლიხთ-აქათი ლაშას ძესა დავითს და ლიხთ-იმერი რუსუდანის ძესა. და მოიწყო ყოველი ქუეყანა, და მოიგო სიმდიდრე უზომო ლაშას ძემან, და წარმართა სახლი სამეუფო კეთილად, და მონებდა ყაენსა.
მაშინ წარმოავლინა ელჩი დიდმან ყაენმან, რომელსა ეპყრა ყივჩაყეთი და ოვსეთი, ხაზარეთი, რუსეთი და ბორღალეთი, ვიდრე სერბთამდე, დარუბანდამდე და ხატაეთამდე და მოუწოდა მეფესა დავითს. მაშინ წარვიდა წინაშე ბათოსა მეფე დავით, ნიჭითა უზომოთა, და დაუტევა განმგებელად სახლისა სამეუფოსა დედოფალი ჯიგდა-ხათუნ და მესტუმრე ჯიქურ. რამეთუ იყო ესე ჯიქური ერთგული მეფეთა, უმეტეს ყოველთა კაცთა (რამეთუ ჟამსა შინა ამისსა სრულიად სამეფოსა შინა მპარავი და ავაზაკი არა იპოვებოდა, და თუ სადა გაჩნდის, ძელსა ჩამოჰკიდიან), და სხუად არარა ნიჭთა მქონებელი. ესე განდიდნა მეფისა დავითის მიერ დიდად ერთგულობისათჳს, და ჴელთ უდვა სამეფოსა და სახლისა განგება, და დაუტევა ტფილისს, დედოფალს წინაშე, რომელმან აღაშენა ისანთა პალატი, განგებითა დიდითა, და ფხოელნი მოხარკე ყვნა. და მეჯორედ ყვნა კაცნი იგი მჴეცისა ბუნებანი.
და წარვიდა მეფე წინაშე ბათოსა, ხოლო მან პატივითა შეიწყნარა, და ყოველი სათხოველი აღუსრულა. და იყოფოდა მეფე წინაშე ბათოსა ჟამთა მრავალთა, და თჳთოეული თემის-თემისა ადგილი თჳთოეულსა კაცსა შევედრის, რომლისათჳს კახეთიცა პანკელსა თორღუას შევედრა, და ამცნო რათა ბრძანებასა დედოფლისასა ერჩდეს. ჰგონა თორღუამან არღარა მოსლვა მეფისა, უკუდგა პანკისსა ციხესა, და თჳსად დაიჭირა კახეთი, და არღარა მორჩილდებოდა დედოფალსა, და მესტუმრესა ჯიქურსა.
მაშინ შეიწყალა ყაენმან დავით მეფე, და მოსცა სუქური საჩრდილობელი, რომელი სხუასა არავის აქუნდის, თჳნიერ ყაენთა და ნათესავსა ყათსა, და მოუმცნო ულოს, რათა თჳნიერ ულუსისა ნოინისა კიდე ურდოს შესლვასა მეფის ზედათ არავინ დადგებოდის, რამეთუ ესე იყო წესი თათართა, რომელ ყაენს წინ არავინ დაჯდებოდის, არცა პურისა ჭამასა შინა. ესრეთ პატივ-სცა მეფესა, და წარმოავლინა სამეფოდ ქართლად. და ვითარ მოიწია ჰერეთს, მიეგებნეს ყოველნი წარჩინებულნი სამეფოსა მისისანი, ხოლო თორღუა შეშინებული უკუდგა პანკისს, ხოლო მეფე მოიწია ტფილისს, და იყო სიხარული ყოველთა მკჳდრთა საქართველოსათა. ხოლო თორღუას მოუწოდა მეფემან, და არა მოვიდა კარვად მეფის შიშსათჳს და მრავლგზის უწოდა, და ვერ ეძლო გულპყრობად მოსლვად. მაშინ განზრახვით ჯიქურისათა წარვიდა ხორნაბუჯელი, და მივიდა თორღუას სახლსა, რათა მას მიენდოს, ფიცითა მტკიცითა. ხოლო თორღუა რქუა: "წარვალ ალავერდს გიორგის წინაშე და მუნ შემომფიცე, და მუნ მიმინდევ". და წარვიდეს ორნივე. ხოლო თორღუა გამოება ფესუსა სამოსლისა ალავერდის მთავარმოწამისასა. და მივიდა ხორნაბუჯელი, შეჰფიცა და გამოჴსნა ფესჳსაგან. ხოლო თორღუამან რქუა: "რა იგი ჰყო ჩემ ზედა, ამან წმიდამან გიორგი გიყოს შენ. რამეთუ მარტო ვარ, და სიკუდილითა ჩემითა უმკჳდრო იქმნების მამული ჩემი, ეგრეთვე უმკჳდრო ჰყოს წმიდამან მთავარმოწამემან სახლი შენი". და წარმოიყვანა ხორნაბუჯელმან, ფიცთა მტკიცეთა მიერ შეკრულმან ტაბაჴმელას, და შეურაცხ-ჰყო აღთქმა და ფიცი იგი, და შეიპყრა ჯიქურმან, განზრახვითა დედოფლისათა, თჳნიერ მეფისა ცნობისა, და წარიყვანეს კლდე-კართა, და გარდამოაგდეს.
ხოლო ვითარ მიეგო ბოროტი ხორნაბუჯელსა ალავერდის მთავარმოწამისა აღთქმისა და ფიცისა გატეხისათჳს, იხილეთ, რამეთუ ესუა შვილი ხორნაბუჯელსა, სახელით შალვა, სიკეთე-აღმატებული. ამას შალვას ესხნეს შვილნი, და მყის დაიჴოცნეს, და ეგრეთ ბერი ხორნაბუჯელი მოკუდა მწუხარებითა და ჰხედავთ უმკჳდრობასა სახლისა მისისასა. და დარჩა მათი შვილი, სახელით შალვა, რომელი უკანასკნელ თათართა მიერ მოიკლა, და უმკჳდრო იქმნა სახლი მისი. და ესრეთ შური იგი ალავერდისა მთავარმოწამემან.
ხოლო ვითარ მოიწყო მეფემან სამეფო, წარვიდა ყაენს ულოს წინაშე ნიჭითა დიდითა, რომელი იხილა რა ულო ყაენმან, პატივითა შეიწყნარა, და ნოინთა თანა დააწესა წინა-სადგომად და ჯომად, და განმკითხველად და ბჭედ.
ამათ ჟამთა ინება ულო ყაენმან აღმჴედრება ბაბილოვანს ზედა, რომელ არს ბაღდადი, და ჴელმწიფესა ბაბილოვნელთასა ხალიფას ზედა, და მოუწოდა ყოველთა სპათა მისთა, და წარემართა ბაღდადს, ბრძოლის ყოფად ხალიფასა. მივიდა ქუეყანასა ბაბილოვნისასა, და ვერ წინააღუდგა ხალიფა, არამედ შეივლტოდა ბაღდადს, ხოლო ყაენი გარე მოადგა, და მოიცვა იგი ერთ-კერძო თჳთ ყაენი მოადგა წყალს აქეთ, და წყალს იქით ელგონ ნოინი, და ერთ-კერძო დავით მეფე, რამეთუ მის წინაშე იყვნეს ყოველნი წარჩინებულნი საქართველოსანი.
და ბრძოდეს ძლიერად, არა მრავალთა დღეთა, არამედ ათორმეტ დღე, აღიღეს ბაღდადი. მეფემან დავით უბრძანა ლაშქართა მისთა, რათა შეთხარონ ზღუდეთა ქუეშე. და შეთხარეს ზღუდესა შიგან, შევიდეს ქართველნი, და იქმნა ძლიერი ბრძოლა, და მოსრვიდეს სპარსთა ბაღდადელთა და შიში ფრიადი აქუნდა ბაღდადელთა და ესრეთ განახუნეს კარნი ქალაქისანი ქართველთა და თათართა და შევიდეს. ამისი მცნობელი ხალიფა, რომელ შევიდეს ქალაქად თათარნი, ივლტოდა ნავითა, წყალსა მას ზედა, რომელი ქალაქსა სდის. და ვითარცა იხილა ელგონ ნოინმან, რომელი იყო წყალსა იმიერ კერძო, მოუჴდა, და ვერ უძლო წარსლვად, არამედ უკუნ იქცა პალატად თჳსად. ესრეთ ადვილად რა ჴელთ იგდეს სახელგანთქმული იგი ქალაქი ბაბილოვანი, ვინ-მე მიუთხრნეს განსაცდელნი და ჭირნი, რომელ მოიწივნეს ბაღდადს ზედა მოსრნეს. მახჳლითა ესოდენი სიმრავლე, რომელ არა იყო რიცხვი, და სავსე იყვნეს უბანნი, ფოლოცნი და სახლნი მკუდართა მიერ, ხოლო სიმდიდრისა და ალაფისა მაშინ პოვნილთა ვინ-მე მიუთხრნეს? რამე, აღივსნეს თათარნი და ქართველნი ოქროთა, ვეცხლითა, თუალითა, მარგალიტითა, პატიოსნითა ლარითა და შესამოსლითა, სამსახურებელითა ჭურჭლითა, ოქროსა და ვეცხლისათა, რომელ არავინ აიღებდა, თვინიერ ოქროსა და ვეცხლისა, თუალსა და მარგალიტსა, და შეამოსელთაგან კიდე.
სხუანი ჭურჭელნი ჩინეთით და ქაშანით მოხმულნი, და მუნ შექმნილნი, სპილენძი და რკინა უპატიოდ იბნეოდა. და ესრეთ აღივსნეს ლაშქარნი, რომელ უნაგირი, კურდანი და ყოველი შეურაცხი სამსახურებელი თუალითა და მარგალიტითა და წყლითა ოქროთა განტენიან, და ზოგთა ჴრმალი ვადის პირსა მოსტეხდიან, და ქარქაში წითლითა განტენიან, და ზედა ნატეხნი ჴრმლისა ჩააგნიან, ზოგთა მკუდარი კაცი ბაღდადელი გამოწლიან და წითლითა ოქროთა, თუალითა და მარგალიტითა განტენიან, და ვითარ თჳსი მკუდარი განიყვანიან გარეშე ქალაქსა. და ესრეთ რა აოჴრებდეს, ჰჴოცეს და ტყუე ჰყოფდეს, მიიწინეს პალატად ხალიფისა. გამოიყვანეს ხალიფა და ძენი მისნი, ცოლნი და ყოველი სიმდიდრე მისი განსაკჳრვებელი, და მოიყვანეს ხალიფა წინაშე ულო ყაენისა. და ვითარცა წარადგინეს წინაშე მისსა, ეტყოდეს ხალიფას, რათა თაყუანის-ცეს ყაენსა. ხოლო მან არა თავს-იდვა, დადგა და ეტყოდა: "ჴელმწიფე ვარ, თჳთმპყრობელი, და მონებასა ქუეშე არა ვის მყოფი. უკეთუ განმიტეოთ, დაგემორჩილები; თუ არა განმიტეოთ, არღარავის მონებასა ქუეშე მყოფი მოვკუდები". ხოლო იგინი აიძულებდეს თაყვანისცემად, გამოუხუნიან ფერჴნი მისნი, და იგი პირდაღმა დაეცის, და არა თაყუანის-ცა. ბრძანა განყვაება გარე და წარავლინა ელგონ ნოინ რათა მოკლან ხალიფა და შვილნი მისნი, და რქუა ხალიფას: "ყაენმან შეგიწყალა", და იგი მხიარულ იქმნა და ეტყოდა: "ვითარ შემიწყალებს, განმიტეოს, და ბაბილოვანი მომცეს". ხოლო ელგონ რქუა: "არა, არამედ ყაენი თჳთ მისითა ჴელითა და ჴრმლითა მოგაკუდინებს, და ყაენის შვილი აბაღა შენსა შვილსა მოჰკლავს". და ხალიფა განკჳრვებული ეტყოდა: "უკეთუ მომკლავთ, გენებოს ძაღლმან და გენებოს კაცმან მომკლას". და ესრეთ მოიკლა ხალიფა, ყოვლითა სახლეულითა მისითა. და შეიწყალნეს სხუანი დაშთომილნი ბაღდადელნი. და ბრძანა შენება, და დაყარნა შანანი, და ესრეთ სავსენი ტყუე-ალაფითა მივიდეს საიგურს.
ამათ ჟამთა შინა იქმნა ესეცა, რამეთუ ყაენმან ბათო, რომელი უდიდეს იყო ყოველთა ყაენთა, ინება განსწორება და აღთუალვა ყოვლისა ქუეყანისა, და პოვა კაცი ვინმე, ნათესავით ოირიდი, სახელით არღუნ, სამართლის მოქმედი და ფრიად მართლის-მეტყუელი. და ღრმად გამგონე და განმზრახი რჩეული. ესე წარავლინა ყოველსა საბრძანებელსა მას მისსა რუსეთს, ხაზარეთს, ოვსეთს, ყივჩაყეთს, ვიდრე ბნელეთამდე, აღმოსავლით ვიდრე ჩრდილოეთამდე და ხატაეთამდე, რათა აღთუალოს და განაჩინოს მჴედარი და მეომარი ლაშქრად განმავალი ნოინთა თანა, დიდთა და მცირეთა, ღირსებისაებრ მათისა ულუფა, რომელ არს ძღუენი მიმავალთა გზად და ქირა ცხენისა და საპალნისა. და ვითარ განჩინა საბრძანებელსა ბათოსსა, მიერ წარავლინა ყარაყურუმს, ყბილ ყაენს წინაშე. რათა მანცა ესრეთ განაჩინოს ჴელსა ქუეშე არღუნისასა. და მი-რა-იწია ყუბილ ყაენს წინაშე, ინება მანცა ესრეთ, ქმნად, და წარავლინა იგივე არღუნ განგებად საბრძანებელისა მათისა და განუწესა იგივე წესი. და მივიდა ტახტსა ჩაღატასსა და უშანს წინაშე, თურანს, და განაწესა და განაგო მანდაური ყოველი, და გამოვლო ჯეონი, და მოვიდა ხუარასანს, ერაყს და ყოველსა რომგუარსა, და განაგო ესრეთვე. და მოიწია ყაენს ულოს წინაშე. და მან პატივით შეიწყნარა, და წარმოავლინა საქართველოსა, მეფეს დავითს წინაშე, და საბერძნეთად, და ყოველსა საბრძანებელსა მისსა ზედა განაჩინა აღწერად და განგებად. და ვითარცა მოიწია საქართველოსა, დიდსა ჭირსა მიეცნეს ყოველნი მკჳდრნი სამეფოსა დავითისნი, და იწყეს აღწერად კაცთაგან და პირუტყუთამდე, ყანით ვენაჴამდე, წალკოტით ბოსტნამდე. და ცხრასა გლეხსა, რომლისა მიწისა მქონებელსა, ერთი ლაშქარს წარმავალი კაცი შეაგდიან. და გამოჴდა სამეფოსაგან დავითისა ცხრა დუმანი მჴედარი, თათართა თანა წარმავალი, რომელ არსცხრა ბევრი და განაწესეს ძღუენი სოფლისაგან: ათასისა მჴედრისა მთავარსა კრავი ერთი და დრაჰკანი ერთი, ხოლო ბევრისა მთავარსა ცხოვარი ერთი და დრაჰკანი ორი, და მიზდი ცხენისა თეთრი სამი, დღისა ერთისა. და ესრეთ განუწესა. და წარვიდა საბერძნეთს და ბაღდადს, და ყოველგან.
ამან არღუნ განაწესა. რა იგი ჯერ იყო ოთხსავე საყაენოსა შინა, რამეთუ იყო კაცი ესე სამართლის მოქმედი. ხოლო ხუცესთა და მონაზონთა და საეკლესიოთა განწესებათა არა შეაგდო საზღავი, არცა ყალანი, ეგრეთვე შიხთა, და დავრეშთა, და ყოვლისა სჯულისა კაცნი საღმრთოდ განჩენილნი განათავისუფლნა.
და მას ჟამსა ინება ყაენმან ულო ამჴედრება ეგჳპტეს ზედა და მოუწოდა მეფესა დავითს ყოვლითა სპითა მისითა, და წარვიდა ბრძოლად სულტნისა. და მიიწია შუამდინარედ და იწყო ოჴრება ყოველსა შუამდინარესა და შამსა. და ვითარ ესმა სულტანსა ეგჳპტისასა. აღმჴედრდა წინაგანწყობად თათართა, და მოიწია მდინარესა ზედა ევფრატსა, ყოვლით მჴედრებით მისით, და მოვიდეს თათარნი და განვლეს მდინარე. რამეთუ არა მოახლებულ იყო სულტანი პირსა მდინარისასა, და წინა მიეგებნეს. სულტანი წინაგანეწყო, და იქმნა ომი ძლიერი, სადა-იგი დავით მეფე და სპანი მისნი წინამბრძოლობდეს ძლიერად, და მოსწყდეს ორგნითვე, და ივლტოდეს მეგჳპტელნი. ხოლო ერი მრავალი მოსწყდა სულტნისა, და ესრეთ ყაენმან დაიბანაკა მრავალ-დღე პირსა ევფრატისასა, სადა-იგი იყო ქალაქი მცირე, მდინარესა ზედა ევფრატისასა, ძლიერად განმაგრებული, რომელ ერთ-კერძო კლდე იყო და ერთ-კერძო მინდორისა ევფრატისა მიერ შეცვული. და ვითარ იხილა ყაენმან სიმაგრე ქალაქისა, უღონო იქმნა ბრძოლად, გარნა მოიგონა საქმე საკჳრველი, რამეთუ ეტყოდა მის ქუეშე დაწესებულთა: "არა არს ღონის-ძიება ბრძოლისა ყოფად ქალაქისა ამის. მნებავს, რათა აღვმჴედრდეთ და გარე-მოვიცვათ ქალაქი ესე, და ვითარ ძაღლთა ვიწყოთ ყივილი და ყვირილი". და ვითარ ესმა ესე, განკჳრდეს და ამჴედრდეს, და ვითარ ძაღლთა იყივლეს. და რა მიიწია ჴმა ესე ქალაქად, იქმნა საქმე საკჳრველი, რამეთუ განსქდა ქალაქი ორგან: ნახევარი წარიქცა კლდითურთ წყლისაკენ, და მოისპო სული ურიცხჳ. ესრეთ ჴელთ იგდო, და წარვიდა შამად და შუამდინარედ, და მოეგებნეს ყოველნი მკჳდრნი შუამდინარისანი და შამისანი სავსენი ურიცსჳთა ძღუნითა.
ხოლო მეფე დავით და ქართველნი იაჯნეს ყაენისაგან წარმოსლვასა, რამეთუ მრავლით ჟამითგან იყვნეს ლაშქრობათა შინა. მაშინ ყაენმან ულო მისცა თავისუფლება და წარმოემართნეს, და ესრეთ სავსენი ურიცხჳთა ნიჭითა და ალაფითა გამდიდრებულნი მეფე დავით და ქართველნი მოიწივნეს ადარბადაგანს და მოვიდეს მუნით ტფილისად, სავსენი სიხარულითა.
ამათ ჟამთა შინა მწუხარე იყვნეს წარჩინებულნი მეფისანი, რამეთუ ჯიგდამან არა შვა შვილი. ამისთჳს ინება მეფემან მოყვანა, შვილიერებისა ძლით, ალთუნ, ნათესავით ოსი, მეუღლედ, აღმთქმელმან, უკეთუ მიეცეს ყრმა-წული, არღარა შეიწყნაროს, არამედ განუტეოს. და ვითარ გამოჴდა მცირე ჟამი, მუცლად იღო ალთუნ ძე, და შვა, და უწოდეს სახელი გიორგი, რომელი აღიქუა და შეიყვანა შვილად დედოფალმან ჯიგდა-ხათუნ. და შემდგომად მცირედისა კუალად მიუდგა და შვა ასული, და უწოდა სახელი თამარ. და აქა შინა განიშორა საყუარელი თჳსი ალთუნ, ნათესავით ოვსი, რომელი ფრიად ქმნულ-კეთილ იყო. და შემდგომად მცირედისა გარდაიცვალა დედოფალი ჯიგდა-ხათუნ, და წარიყვანეს სამარხოსა დედოფალთასა მცხეთას, და დაკრძალეს.
მას ჟამსა წარვიდა მეფე დავით ულო ყაენს წინაშე მუღანს, რამეთუ იგი აქუნდა სადგურად საზამთროდ, და მიერ წარმოჰყვა სადგურსა საზაფხულოსა, და მუნით წარმოავლინა მეფე ქართლად, რათა მზა იყოს მეფე ლაშქრად ეგჳპტესა, რომელ არს მისრეთი. და შემოიარა ქუეყანა ავაგ ათაბაგისა, ივანე ათაბაგის ძისა, რამეთუ მას ჟამსა გარდაცვალებულ იყო ავაგ, და არა დაშთა ყრმა-წული, არამედ ქალი ერთი, სახელით ხუაშაქ. და მივიდა მეფე ბიჯნისს, ტირილად, და იხილა ცოლი ავაგისი, კახაბერის-ძეთა რაჭის ერისთავთა ასული, სახელით გუანცა, ქმნულ-კეთილი, ეტრფიალა, და შემდგომად მცირედისა მიიყვანა იგი ცოლად და დედოფლად, და წარმოიყვანა სამეფოდ თჳსად.
ხოლო ქალი იგი ავაგისი დაუტევა მამულსა თჳსსა ზედა, და შევედრა მანკაბერდელსა სადუნსა, რომელი იყო კაცი ბრძენი და გონიერი, და კეთილის-განმზრახავი, და ჰაეროვანი, ძალითა ფრიად ძლიერი, და მორკინალი რჩეული საჩინო, და მოისარი ჴელოვანი, რომელი წარდგა წინაშე და თაყუანის-ცა ულოს და ჴელპყრობილმან რქუა: "ვინათგან მოგცა თქუენ ღმერთმან ძლევა ყოველთა მტერთა, და ყოველთა კაცთა უმჯობესად გამოგაჩინა, და აწ აქა არს მჴედარ ასი ათასი, ვინცა მერკინების, გინა მედგინების, ანუ ისარსა განვასრევთ, მზა იპოვა მსგავსი მორკინალი მისი, და ვინცა იპოვა, ყოველთა სძლო. ესე შეყუარებულ იქმნა ყაენ ულოსაგან. და იწყო განდიდებად, და გონიერებითა მისითა მეფემანცა დავით პატივ-სცა, და შევედრა სახლი ავაგისი. ხოლო დედოფალი გუანცა მიუდგა, და შვა ყრმა, და უწოდეს დიმიტრი, რომელი შემდგომად დავითისა მეფე იქმნა, რომელი ქუემორე სიტყვამან ცხად ყოს.
ამის გუანცას დედოფლობა მძიმედ უჩნდა მესტუმრესა ჯიქურს, რამეთუ მტერ იყვნეს. ამისთჳს განზრახვითა სუმბატ ორბელისათა შესმენილ იქმნა, ვითარმედ ჯიქურ წარავლენს კაცთა არღუნს წინაშე, რათა აუწყოს ყაენს ულოს სიმდიდრე მეფისა, და ეგულების განდგომა. ხოლო ვინათგან დავით მეფე უმანკო იყო, რომლისათჳს უმანკოსა ყოველი რწამნ წარალინნა მსწრაფლ წინაშე-მდგომელნი და ბრძანა წინაშე მოყვანება მისი და სახლისა მისისა იავარ ყოფაი. და ვითარ აღასრულეს მსახურთა მეფისათა, და წარადგინეს წინაშე მეფისა ჯიქური, ღამით, რამეთუ მეფე ჯდა ისანთა მხედველი მტკურისა, და არა სიტყუა ყო მის თანა, არამედ განუკითხავად ბრძანა შთაგდებად მტკუარსა. ხოლო ვითარ განთენდა, იხილეს ჯიქური რიყესა ზედა განგდებული წყლისაგან, და განკჳრდეს ყოველნი მხილველნი ანასდათისა სიკუდილისათჳს, და არავინ იპოვა დამფლველი მისი, რამეთუ არა ესუა შვილი. და შეკრბეს ყოველნი გლახაკნი და ობოლ-ქურივნი და ევედრნეს მეფესა, რათა მიანიჭოს გუამი ჯიქურისი, ამად რომე მრავალი კეთილი ექმნა მათ ზედა. ისმინა დავით და მისცა გუამი მისი და მრავლითა გოდებითა წარიღეს ეკლესიასა წმიდისა ქალწულისა ქრისტინასსა, რომელი ხუარაზმელთაგან დარღუეული ახლად აღშენებულ იყო, და მუნ დაფლეს დიდითა პატივითა, რაოდენ გლახაკთა ძალ-ედვა.
ხოლო შემდგომად ამისა, ნება ყაენმან ამჴედრება სულტანსა ზედა მისრეთისასა და შეკრიბნა ყოველნი მთავარნი და სპანი ძისნი, და მოუწოდა მეფესა დავითს და სპასა მისსა წარსლვად ეგჳპტედ. ხოლო შეიწრებულ იყო მეფე და საბრძანებელი მისი არღუნის აღთუალვისაგან, და რომელი-იგი განეწესა, რაცა განისყიდებოდეს ტფილისს ასსა თეთრსა ზედა სამი თეთრი საყაენოდ დაიდებოდეს. ამას ზედა ხოჯა-აზიზ ვინმე, ნათესავით და სჯულითა სპარსი, განეჩინა, და დაეტევა ტფილისს, რომელი ესოდენ უწესოებად მიიწია, რომელ თუ სამზარეულოსა მეფისასა ცხვარი, გინა კრავი ისყიდებოდის, მას ზედაცა ხარაჯა წაუღიან, რომელსა იგი ტამღად უწოდდეს. ამის მიერ შეიწრებული მეფე იგონებდა: "უკეთუ წარვიდე ეგჳპტედ, ანუ თუ განუდგე ყაენსა", და კერას დაამტკიცებდა. გარნა წარემართა ლაშქრად მისრეთს. და ვითარ მოიწია ქუეყანად ჯავახეთისად, დაამტკიცა განდგომა, და მოუწოდა თანაგანმზრახთა მისთა, და რქუა: "უკეთუ ვისმე ნებავნ, დაუტევენ მამული და წარმოვედინ ჩემ თანა; უკეთუ არა ნებავს, წარვედინ მსახურებად ყაენისა, მისრეთს, რათა დაიცვას ქუეყანა მისი. რამეთუ ნება კაცად-კაცადსა ზედა იყვნეს, და მე არღარა მნებავს მონება თათართა, მძლავრებისათჳს ხოჯა-აზიზისა, რომელი დაადგინა ჩემ ზედა არღუნ, რამეთუ ვერ თავს ვიდებ ესოდენსა შეურაცხებასა".
ხოლო წარჩინებულნი ამის სამეფოსანი რომელნიმე დაამტკიცებდეს და რომელნიმე არა, გარნა ეგრეთცა დაამტკიცა განდგომილება; და უმრავლესნი წარვიდეს ყაენს წინაშე: შანშეს ძე ივანე, და გრიგოლ სურამელი, და კახა ერისთავი ახალქალაქისა, თავნი და პირნი ქუეყანისანი წარვიდეს ყაენს წინაშე, და უმრავლესნი ჰერ-კახნი. ვითარ ცნა მეფემან წარსლვა დიდებულთა, მანცა ნება სცა და წარვიდა განდგომად, და მოუწოდა სარგის ჯაყელსა ციხისჯუარელსა, რომელსა აქუნდა პატივი სამცხისა სპასალარობისა, და ეზრახა, რათა განუდგენ ყაენს. ერჩდა სარგის, და წარმოიყვანა სამცხეს სახლსა მისსა, და ფრიადითა პატივითა განუსუენა უმეტეს წესისა მეფეთასა, და აძლევდა ყოველთა ციხე-ქალაქთა და ქუეყანათა მისთა, გამოსაზრდელად მეფისა და ლაშქრისა მისისათჳს. ხოლო მეფემან არა ინება, და დაჰყო ზაფხული იგი მცირე ერთგულითა, რომელნი დადგეს ერთგულებასა მისსა ზედა, და ესრეთ იყოფებოდეს სამცხესა. ხოლო დედოფალი გუანცა და ძე მცირე მისი დიმიტრი დაუტევა სახლსა ავაგისსა, ბიჯნისს.
ამას შინა მოვიდა ყაენი ულო განმარჯვებული ბრძოლისაგან სულტანისა მეგჳპტელისა, რამეთუ სძლო მათ და აოტნა. სადა-იგი მუნ დამხუდართა ქართველთა ძლიერი ბრძოლა ყვეს. ხოლო ვითარ მოიწია საზაფხულოსა სადგურსა თჳსსა ალატაღს და მიერ საქოსა, და მერმე წარვიდა საზამთროსა ადგილსა, რომელსა აწ ყარაბაღობით და მუღანობით უჴმობენ, იკითხა საქმე დავითისი, და ცნა განდგომილება მისი. მოუწოდა არღუნს და ორასთა მთავართა და აჩინა მჴედართ-მთავრად, და მისცა მჴედარი ოცი ათასი, და უბრძანა ქართველთ, რომელნი ერჩდეს მას, რათა წარჰყვენ არღუნ ოირიდსა, და მივიდენ მეფესა ზედა სამცხეს, და ბძოლა უყონ, წარმოვიდა არღუნ მჴედრითა ოცი ათასითა, შემოვლო განძა და სომხითი, და მოიწია ტფილისს. და მუნ მოერთნეს ყოველნი ესე ზემოჴსენებულნი მთავარნი საქართველოსანი, და წარმოემართნეს სამცხეს, ბრძოლა ყოფად მეფისა. და ვითარცა ესმა მეფესა დავითს მოსლვა არღუნისი და ყოველთა მთავართა ქართლისათა, მოუწოდა მესხთა, შავშ-კლარჯთა, და ვინცა დადგრომილ იყო ერთგულებასა ზედა მისსა. შეკრიბნა მცირედნი კაცნი, მჴედარი რვა ათასი, და აჩინა მჴედართ-მთავრად სარგის ჯაყელი, კაცი მჴნე და შემმართებელი, და მრავალჯერ გამოცდილი და სახელოვან-ქმნილი წყობათა შინა, ტანითა ახოვანი, ჴელოვნად მბრძოლი ცხენსა ზედა, მჴნე მოისარი, საჩინოდ ნადირთა უცთომლად მმუსრველი, და მისა მინდობილ იყო მეფე, ერთგულებაცა დიდი აქუნდა მეფისა.
და წარავლინა წინამიგებებად და წყობად არღუნისა, და წარემართნეს და დადგეს ჴევთა. ხოლო არღუნ შემოვლო ქართლი, და დადგა სურამს, და წარმოავლინნა წინამბრძოლნი მჴედარნი ექუსი ათასი, და არღუნ დადგა შინდარას, და წინამბრძოლნი მივიდეს ტაშის-კარს და დადგეს სამდინაროსა მას ზედა, რომელ არს შოლა. ხოლო აღიყარა სარგის ჴევთათ და წარავლინნა წინამბრძოლნი, კაცი რჩეული და გამოცდილი წყობათა შინა ათას ხუთასი მჴედარი. არა უწყოდეს მოახლება არღუნისი, და წარემართნეს და განვლეს ჴიდი ახალდაბისა. იყო ყინელი და ზამთარი, ვითარ წესი არს თუესა დეკემბრისასა, და განვიდეს სივიწროისაგან, წინამავალნი იხილნეს რაზმი თათართა, და წინა განეწყუნეს ქართველნიცა, და მყის ზედა მიეტევნეს მესხნი, და პირველსა შეკრებასა აოტნეს თათარნი, და მოსწყჳდნეს მრავალნი სახელოვანნი, და ესრეთ ძლიერად ბრძოდეს თათართა მათ მესხნი, რომელ მცირედნიღა განერნეს და შეიხუეწნეს რაზმსა შინა არღუნისასა შინდარას გორისასა, და სდევნეს და მოსწყჳდნეს პირითა მახჳლისათა, რამეთუ მჴედართ-მთავარი სარგის და სპა მეფისა ვერღარა მოილოდინეს, ამისთჳს რომელ თათართა რაზმი მახლობელად მდგომარე იყო. და ესრეთ ძლევითა საჩინოთა შემოქცეულნი, მრავალთა სახელოვანთა თათართა თავისა მქონებელნი მოეგებნეს სარგისს და ლაშქართა. ხოლო ვითარ იხილა სარგის განმხიარულება და უვნებელად დაცვა, განიხარა, გარნა მძიმედ აღუჩნდა, რამეთუ ვერ მიესწრა ომსა, რამეთუ იყო კაცი მძლე და შემმართებელი. კუალად სურვიელ იყო განწყობისა მესხთა. წარემართა არღუნს ზედა, გულითა ქველითა, ხოლო არღუნ სპათა მისთა მოუწოდა, და კუალად ქართველსა სპასა ზედა მისლვასა მხილველი ივლტოდა, გარნა აყენებდეს ქართველნი წარჩინებულნი, და არა უტევდეს სივლტოლად, რომელთა უპირობდა თორელი კახა და ეტყოდა, ვითარმედ: ქართველნი" მეცნიერნი ვართ ომისა მათისანი, ჩუენ ვბრძოდით თქუენ წილ". და ესრეთ ძლით არწმუნეს, და დადგა ადგილსა ზედა, და განაწყო მჴედარნი.
ვითარ დაეახლნეს ურთიერთას, ზედა-მიეტევნეს მესხნი განლაღებულნი, ხოლო სარგის ჯაყელი უპირველეს ყოველთასა მიუჴდა რაზმსა, და უმჴნესი მათი ჩნდა ბაადური, ჰოროლითა ცხენისაგან ქუეყანად დასცა, და იქმნა ძლიერი ომი, და მრავალნი მოისარვოდეს არღუნის სპისაგან, და სივლტოლად მიდრკეს. პირველსავე მიჯრასა სძლევდეს სპანი მეფისანი, და ვითარ არს ჩუეულება თათართა ლტოლვა და გარე-უკუნქცევნა, ანაზდად გარე-უკუნიქცეს. მაშინ სულმოკლე-ქმნულნი სპანი მეფისანი ივლტოდეს მსწრაფლ. ესრეთ განწირულნი და მიმოდაბნეულნი თათართა მიერ მოისრვოდეს, ცოდვათა ჩუენთა სიმრავლითა განწირნა ღმერთმან და მისცნა ჴელთა წარმართთასა. ხოლო უწყალოდ ჰჴოცდეს, და მრავალნი სახელოვანნი მოსრნეს თათართა, რომელ მცირედნიღა ძლით განერნეს, და სდევნეს ახალდაბის ჴიდამდე გინა უმეტესცა, ხოლო ზოგნი ტყუედ წარყვანებულ იქმნეს, გურკელელი მურვან და სხუანი მრავალნი.
და ესრეთ შეიქცა არღუნ ყაენს ულოს წინაშე, განმარჯუებული, ხოლო სარგის და მესხნი მივიდეს მეფეს წინაშე, აწყუერს, მეყჳსთა თჳსთათჳს მტირალნი. რამეთუ უმრავლესნი მოესრნეს, და დაშთომილ იყვნეს მცირედნი. და დაჰყო მეფემან ზამთარი ნახევარი სამცხეს, და გარდვიდა შავშეთს და კლარჯეთს და წარვიდა ნიგალისჴევს. და ვითარ მოიწია თუე მაისი და აღმოსცენდა მდელო, ყაენმან იგივე არღუნ დევნად და ძებნად წარმოავლინა, რომელთა თანა იყვნეს ქართველნიცა, მიმდგომნი ყაენისანი, და თუესა ივნისსა მოვიდა სამცხეს. ხოლო მესხნი რომელნიმე მიეგებნეს არღუნს და რომელნიმე წარჰყვეს მეფესა. და ესრეთ იწყო ოჴრებად და ტყუენვად სამცხესა და მოადგა ციხის-ჯუარსა, და უწყო ბრძოლა ძლიერად, რამეთუ არა ზღუდითა მტკიცითა განსრულებულ იყო. ხოლო ციხეს მყოფნი ძლიერად ბრძოდეს, და მრავალი კაცი მოკლეს, და დიდად ავნებდეს გარეთ-მყოფთა, დღისით და ღამით განვიდიან და ადგილ-ადგილად მოსწყჳდიან. და ვითარ იხილა სიმტკიცე ციხის-ჯუარისა, რომელ არს ჯუარის ციხე, აიყარა და წარვიდა. და წიგნიცა მოუვიდა ყაენისა, მსწრაფებელი წარსლვა დვინათგან ყაენი თურანისა ქუეყანასა მყოფი ბრძოლად მოსრულ არს ხუარასანს. და ესრეთ იჴსნა ღმერთმან ჭირთა ამათგან ქუეყანა სამცხისა, რომელ ოც დღე ძლით იყო არღუნ სამცხეს.
ხოლო მეფე დავით კუალად მოვიდა შავშეთს და სამცხეს, და ვითარ იხილა სამცხე მოოჴრებული, მოუწოდა თანამზრახავთა მისთა და ჰკითხა, თუ რა ყონ, რამეთუ ომი თათართა აღარ ეგებოდა. მაშინ სარგის ჯაყელ-ციხისჯუარელმან მოაჴსენა, ვითარმედ: სამცხე" მცირე არს და არა კეთილი სადგომი მეფეთა. აწ განგაზრახებ, რათა წარხვიდე ლიხთ-იმერეთს რუსუდანის ძისა დავითის თანა, რამეთუ სწორად ორთავე არს სამეფო იგი და ესეცა, და მე დავსდებ თავსა ჩემსა და საქონელსა ყოველსა და ლაშქარსა ჩემსა შენთჳს, ვითარ გენებოს იჴმარე. და უკეთუ კეთილად გისტუმროს დავით, კეთილ; და უკეთუ არა, აჰა სიმდიდრე ჩემი მზა არს თქუენთჳს, და ნუცა შენ სწყალობ საჭურჭლესა შენსა, და ვეზრახნეთ თავადთა იმერთა, და განვსცეთ საჭურჭლე, და ჩუენ კერძო დავიყენოთ".
სთნდა ყოველთა განზრახვა ესე, და წარავლინეს მოციქული წინაშე რუსუდანის ძისა, რათა შეიწყნაროს თათართაგან მირიდებული, ხოლო მან აღუთქუა. და წარვიდეს და მივიდეს ქუთათისს, სადა-იგი წინა მიეგება რუსუდანის ძე, და კეთილად ისტუმრა, და დაყვეს წელიწადი ერთი. გარნა კეთილად თუ ისტუმრებდა რუსუდანის ძე, ეგრეცა კეთილადვე ლაშას ძესა დავითს, არამედ ვითარცა უცხო ვიდოდა მათ თანა.
მაშინ ეზრახნეს კახაბერის-ძესა რაჭის ერისთავს კახაბერსა, ქუაბულის-ძეთა, ფარაჯანიანთ სარგისს, რათა ლაშას ძე დავით ყონ მეფედ, რომელნი ერჩდესცა, და იქმნა განდგომილება ლიხთ-იმერით, და რომელნიმე წარმოუდგეს ლაშას ძესა, და რომელნიმე რუსუდანის ძესა. ეგრეთვე დადიანი ბედიანი, ჯუანშერის ძე, დადგა ერთგულებასა ზედა რუსუდანის ძისასა, რამეთუ იყო ესე ბედიანი კაცი წარმატებული ყოვლითა ზნითა, უხჳ უმეტეს ყოველთა კაცთა, სრული გონიერებითა. ამან დააწყო ოდიში. რომელ მპარავი და ძჳრის-მოქმედი არა იპოვებოდა. და სუანნი განიყვნეს ორად. გარნა არას ავნებდეს ურთიერთას ორნივე დავით და დავით, დაღაცათუ ლაშქართა არა ენება, ამისთჳს რომელ არა გასცემდეს ორნივე მეფენი საჭურჭლესა ლაშქართა ზედა. ესრეთ იყო აშლილობა და შფოთნი მრავალნი იმერით.
მაშინ არღარა იყო ღონე, დაამტკიცეს, რათა განყონ სამეფო და საჭურჭლე ორად, და აჩინნეს თავადნი სამეფოსანი, და განყვეს ორად, ტფილისი ორად, ქუთათისი ორად, და თავადნი და ერისთავნი ურთიერთ შეასწორეს, ნიკოფსით დარუბანდამდე, და განყვეს სამეფო და საჭურჭლენი; გარნა ხუამლისა ქუაბსა რომელი იდვა, მცირე გამოიღეს და გაიყვეს, და უფროსი ქუაბსავე დაუტევეს. ხოლო ჯაჭჳ იგი სახელდებული, სალმასური, და თუალი იგი პატივცემული გურდემლი, და მარგალიტი იგი დიდი, რომლისა სწორი არა-ვის-სადა უხილავს, -- ესე სამივე რუსუდანის ძესა დავითს მიხუდა. და აქა იქმნა განყოფა სამეფოსა, და მიერითგან შეიქმნა ორ სამეფოდ. მაშინ უმეფო იყო ამიერი საქართველო სამეფო, და დაიშალა ლაშქარი და მსახურება თათართა.
ინება კუალად ყაენმან ზავი მეფისა. მოუწოდა არღუნსა, რათა წარავლინოს მოციქული მეფის წინაშე ზავის ყოფად, და ფიცთა დაუმტკიცებდა უვნებლობისათა. რამეთუ დედოფალი გუანცა, ავაგის ცოლ-ყოფილი, და ძე თჳსი ყრმა მცირე დარჩეს ჴელთა ულოსთა, რომელნი ტყუედ წარისსნეს ურდოს. ვითარ ეგულებოდა ბოროტის ყოფა ყრმისა, ნოინის ვისმე ცოლმან აღიყვანა და შვილად მიიყვანა, რამეთუ იყო უშვილო. ხოლო თქმულ არს ესეცა, ვითარმედ მიიქუა რა ყრმა დიმიტრი წიაღთა, მეყუსეულად საშო განეღო დედაკაცსა და მუცლად იღო, და შვა ყრმა-წული. და ამის ძლით კეთილსა უყოფდა ნოინის ცოლი გუანცას და ყრმასა მას; მას უბრძნა ყაენმან, რათა მან წარავლინოს კაცი წინაშე მეფისა ზავისა ყოფად. და წარმოავლინეს მოციქული ზავისათჳს, რათა მისცეს სამეფო მისი ყოველი და კუალად ეგოს პირველსავე პატივსა დედოფლობისასა. რა მოვიდეს მეფის წინაშე მოციქულნი ყაენისნი, და აუწყეს: "ესრეთ მიუმცნო მეფემან, ვითარმედ ხოჯა-აზიზ იქმნა მიზეზი ჩემისა მიერ წარმოსლვისა და სამეფოსა დატევებისა. უკეთუ ნებავს ყაენსა შეწყნარება ჩემი, პირმშოსა ძესა ჩემსა გიორგის წარმოვავლენ წინაშე მათსა და უბოძოს სამეფო ჩემი, და დედოფალი გუანცა და ძე ჩემი დიმიტრი წარმოავლინოს ჩემდა, და ხოჯა-აზიზ მომცეს, რათა სიკუდილითა მისითა შური ვიგო ნაქმართა მისთა, რომელნი ყვნა ჩემ ზედა".
ვითარ მიიწივნეს ყაენს წინაშე, სთნდა სიტყუა მეფისა, და ითხოვეს ძე მისი გიორგი, და დაუმტკიცეს ფიცთა მიერ, შესუმითა ოქ\როსა საფიცრისათა, რათა უვნებელად დაიცვას ძე მეფისა, და მისცეს სამეფო მისი. უკეთუ დავით მეფემან იხილოს ყაენი ულო, რომელსა ეჯნობითცა უწოდეს, ხოჯა აზიზცა მისცეს ჴელთა მეფისათა: ენებოს, მოკლას და, თუ ენებოს, განუტეოს. ამის შუა შემოიყვანა ენუქ არქუნ, კაცი მართალი და პატიოსანი, სჯულითა ქრისტეს ჯუარისა თაყუანისმცემელი, და მან უთავსმდება ყაენს, რათა არა ევნოს დავითს და ძესა მისსა გიორგის. თჳთ მივიდა ენუქ დავითს წინაშე, შეჰფიცა და წარიყვანა ძე მისი გიორგი. შევიდეს ტფილისს, და მუნ მოეგებნეს ყოველნი მთავარნი და ერისთავნი საქართველოსანი, და შადინი ვინმე, ნათესავით სომეხი, რომლისა შევედრა ტფილისი და თჳთ მეფობაცა. არღუნ მოიღო ძღუენი ურიცხჳ გიორგის წინაშე, და დაყვეს მცირედი ჟამი ქალაქს, და მერმე წარვიდეს ეჯენს წინაშე, და მიიწივნეს ურდოსა. პირველად მოუვლინა ეჯნის ცოლსა ტონღუზ-ხათუნს, რამეთუ იყო იგი მაღლისა ჴელმწიფისა კოსტანტინეპოლისა ასული, სჯულითა ქრისტეანე და მართლმადიდებელი. ამისთჳს პატივსა უყოფდა ტონღუზ-ხათუნი ენუქ არქუნს, რომელი იგიცა ქრისტეანე იყო.
ვითარ იხილა ყრმა იგი, შეიყუარა სიკეთისა მისისათჳს, და თჳთცა ქმნულ-კეთილ იყო, და მერმე წარიყვანეს ყაენს წინაშე, და მანცა კეთილად შეიწყნარა და პატივი დიდი უყო. და ესრეთ პატივცემულმან დაყო წელიწადი ერთი, რომელსა მიანიჭა ყოველი სამეფო მისი ყაენმან, და წარმოავლინა მოციქული, რათა მივიდეს მეფე დავით ეჯნს წინაშე. ხოლო მეფე მიზეზობდა ხოჯა-აზიზის არ-მიცემასა: "უკეთუ არა მომცეთ მოსიკუდიდ, არა მოვალ ურდოსა". ამის მცნობელი ყაენი, სიტყჳთა არღუნისათა, განწყრა, რამეთუ მძიმედ აღუჩნდებოდა სიკუდილი ხოჯა-აზიზისი. ამისთჳს ეტყოდა ყაენს არღუნ, ვითარმედ: "მეფე არღა მოვალს მსახურებად შენდა, არამედ კუალად ტყუილით გუაშრომებს; აწ ამას განგაზრახებ, წარსწყმიდე ძე მეფისა, და წარმგზავნე მე ლაშქრად მეფესა ზედა, და შეკრულსა მოვიყვან წინაშე თქუენსა".
ყაენმან დაიჯერა და განაჩინნა კახნი, რათა წარსწყმიდონ ძე მეფისა და ყოველნი, რომელნი წარმოევლინნეს მეფესა ძისა მისისა თანა. ცნა ესე ენუქ არქუნ, აღდგა და მსწრაფლ მივიდა ტონღუზ-ხათუნს წინაშე, და აუწყა სიტყუა ესე, ხოლო იგი მსწრაფლ მივიდა ყაენს წინაშე და ენუქ არქუნ და მოაჴსენა: "დიდო მაღალო ჴელმწიფეო ყაენო, რასა უსამართლობისა იგი ბრძანება განგიჩენია, სიკუდილი მეფის ძისათჳს და მსახურთა მისთა? არა უწყია შენ, რომელ წინასწარმეტეუელთა, რომელთა ეზრახებოდა ღმერთი, ბრწყინვალეთა და საჩინოთა გუართაგან შთამომავალთა არს. და კუალად იხილე, რომელ ფიცითა მოიყვანე იგი, და მე და ენუქ არქუნ სიკუდილსა აღვირჩევთ; და აჰა, თავნი ჩუენნი იყვნენ მეფის ძისათჳს. და ესეცა უწყოდე, რომელ ძმა შენი დიდისა ყაენისაგან ბათოს შვილი მრავალსა მოციქულსა უგზავნის და დიდთა ნიჭთა აძლევს, რათა მისცეს გზა დარიალანისა და დასავლეთისა, რამეთუ ორივე ჴელთა შინა მისთა არს, და ამასცა განგაზრახებ, ერთისა ბერისა სპარსისა ვაჭრისათჳს, რად დიდსა ჴელმწიფესა გააძებ შენთა მტერთა ზედა, რამეთუ უკეთუ ბათოს ულოსი და მეფე შეიერთნეს, დიდნი შფოთნი აღდგებიან".
ვითარცა ესმა ულოს, განკჳრდა და მსწრაფლ მოიყვანა გიორგი, შეიყვანა და პატივი უყო, და შემოსა შესამოსლითა ბრწყინვალითა, და მისცა ტონღუზ-ხათუნს და ენუქ არქუნს და რქუა: "აჰა ძე მეფისა, ჩემგან მტკიცე ფიცითა, არას ვავნებ დავითს, თჳნიერ პატივისა. და შენ წარვედ ენუქ, და ორნივე შვილნი და ძენი მეფისანი, გიორგი და დიმიტრი, და დედოფალი გუანცა, ვითარცა ტონღუზ-ხათუნს და შენ გნებავს, ეგრეთ ყავთ, და მოიყვანეთ დავით". ვითარცა ესმა, განიხარეს და თაყუანის-ცეს, და მოაჴსენეს: "თავნი ჩუენნი იყვნენ ნაცვლად, უკეთუ მოგუცე ხოჯა-აზიზს, და არ მოვიყვანოთ დავით; უკეთუ არ მოგუცემ ხოჯა-აზიზს, არ მოვა". დაღათუ მძიმედ აღუჩნდა არღუნს, არამედ მისცა ხოჯა-აზიზ. და წარმოიყვანა ენუქ, და მოუწერა წიგნი ფიცისა ტონღუზ-ხათუნ მეფესა: "არა ევნოს ყაენისაგან. უკეთუ მოვიდეს ურდოსა, პატივითა დიდითა პატივ-სცეს, და სამეფო დაუკლებელად მისცეს".
წარმოვიდა ენუქ არქუნ, და მოვიდა ტფილისს, და ორნი ძენი მეფისანი, და წარმოუვლინა მოციქული მეფესა, და აუწყა ყოველი. და წარმოვიდა მეფე და მოვიდა, ქვიშხეთის ბოლოსა და სურამს შუა დადგა, და მოუწოდა ენუქ არქუნს და მოვიდა და მოუსხნა შვილნი ორნივე და მოართუა წიგნი ფიცისა, და მოგუარა ხოჯა-აზიზ. ვითარცა იხილა მეფემან, ბრძანა თავისა მისისა მოკუეთა. და მოჰკუეთეს და წარგზავნეს თავი ტფილისს, და აღმართეს ძელი, და დამოჰკიდეს თავი ხოჯა-აზიზისი. და ესრეთ წააჰყვა მეფე ურდოს ენუქს, და მოეგებნეს ყოველნი სამეფოსა მისისანი, და წარემართნეს ურდოს.
ხოლო თანა წარჰყვა მეფესა სარგის ციხისჯუარელი ჯაყელი, დიდად ნამსახური, რომელმან ქმნა ესეცა სათნოება, რამეთუ ტფილისს ყოფასა მეფისასა მოვიდა ელჩი ყაენისა, ვითარმედ: "მეფესა მოვინდობ, ხოლო პაპა სარგისს არა მივინდობ", და არა სათნო უჩნდა ბრძანება ესე სარგისს, და ეტყოდა მეფე გარე-უკუნქცევად. ხოლო იგი არა ერჩდა, და ეტყოდა: "ნუ იყოფინ ქმნად ესე ჩემ მიერ, რათა შევიქცე შინა. უკეთუ ცოდვათა ჩემთაგან გევნოს რამე თათართაგან ყოველნი კაცნი იტყჳან: განზრახვითა სარგისისითა განუდგა მეფე თათართა, აწ იგი წარვიდა შინა და მეფე წარავლინა მოკლვად ყაენს წინაშე. ნუ ჰყოს ესე ღმერთმან, რამეთუ ამით წარჰჴდების გუარი ჩემი, არამედ მო-თუ-მკლან, ნაცვლად თქუენდა ვიყო, და თუ დავრჩე, თქუენ თანა დავრჩე". დაიმადლა ესე მეფემან ეზომ, რომელ ქუაბულიანი თემი ერთი სამცხეს და საყდარი ტბეთისა შავშეთს სიგლითა სამამულოდ მიუბოძა.
და წარემართნეს ურდოსა, და მივიდეს ყაენს ულოს წინაშე, ბარდავს, რამეთუ იგი იყო საზამთრო სადგური, და არა უწყოდეს რა ეგულების ყოფად მათთჳს, და მცირედთა დღეთა მოუწოდა ყაენმან ხილვად მეფისა და მთავართა და იკითხვიდა, რომლისა მიზეზისათჳს განდგა მეფე? და ყოველნი ჰგონებდეს მეფისა და წარჩინებულთა მისთა სიკუდილსა, და ევედრებოდეს ღმერთსა და ყოვლად-წმიდასა მეტეხთასა და ვედრებისა ღმრთისმშობელსა, რომლისა მინდობილ იყვნეს. და შევიდეს ყაენს წინაშე, ხოლო მან მოსცა თჳსითა ჴელითა ღჳნო თასითა დიდითა ოქროსათა, რამეთუ ესე იყო წესი ყაენთა. და ვითარ ჯდა მეფე მუჴლ-მოყრილი და მის თანა ყოველნი მთავარნი, ჰკითხა ყაენმან, ვითარმედ: "რად ჰქმენ განდგომა ჩემი, და ბრძანებასა ჩემსა რად ურჩ ექმენ, და არღუნს შემოები? არა დიდნი კეთილნი ვქმენ შენ ზედსა? დაკარგული და სიკუდილად განწირული გუელთაგან აღმოგიყვანე ჯურღმულით და მეფედ დაგადგინე".
მაშინ, ვითარ არღარა აქუნდა პასუხი მიგებად მეფესა, მოიხედნა უკანით კერძო სარგის ჯაყელისა, ვითარმცა იგი ქმნულ იყო მიზეზი არღუნის შემობმისა და თათართ მოსრვისა. და იხილა სარგის ბრდღვინვისა ლომისა მსგავსად, მეფემან მას ზედა მიუტევა საქმე. იგი არა შეშინდა, არამედ უშიშად აღდგა და წარსდგა ყაენს წინაშე, განმწირველი თავისა თჳსისა მეფისათჳს, რათა იგი მოიკლას მეფისა წილ, და მუჴლ-მოყრილი ეტყოდა: "მე ვარ, დიდო ყაენო, რომელი შემოვები არღუნ აღას". ხოლო მან ჰკითხა: "პაპა სარგის შენ ხარა?", რამეთუ პაპა სარგისს უწოდდეს თათარნი, და მან რქუა: "იგი ვარ". რქუა მას: "რაისათჳს განაყენე მეფე ჩემგან და არღუნს შემოები?". ხოლო სარგის არა მეცნიერ იყო ენასა მათსა, წარმოაყენეს სადუნი თარგმანად, რომელი ფრიად უყუარდა ულის, და დიდად პატივ-ეცა, რამეთუ იყო კაცი იგი გონიერი, და ენა-კეთილი, სიტყჳთა მარჯუე ყაენს წინაშე მეტყუელებად.
მაშინ სარგის მიუგო: "დიდო ყაენო, არა იყო სხუა მიზეზი, რამეთუ მან მიიღო მეფობა დავითისი, ქალაქი და სოფელი, მან დაიჭირნა ეკლესიანი და ციხენი ყოველნი დაარღჳვნა. ბედნიერო ყაენო, არღარავინ გაგაგონებდა უსამართლობასა ამას, შეკრა კარი თქუენი ქრთამითა. ამის მიზეზისათჳს მე წარვიყვანე მეფე, რათა ბედნიერმან ყაენმან გაიგონოს და იკითხოს საქმე ესე, ვითარცა აწ კითხვასა ღირს მყო. ესეცა უწყოდი, ყაენო, რომელ სპარსნი ძუელითგან მტერნი არიან ჩუენ ქართველთანი. ამისთჳს არღუნს თანა ვყავ ბრძოლა და ომი, რამეთუ საქმე და უსამართლობა მეფის მიმართ ხოჯა-აზისისგან ვერღარა დავსთმეთ. აწ, ყაენო, მეფე უბრალო არს; მე ვარ, რომელმან განვაყენე მეფე კარისაგან თქუენისა". და განმრავლდა სიტყუა მათ შორის და მრავალგუარად უბნობა, რომელთა არა არს ჟამი თქმათ და წერად. და მეფეცა მრავალსა რასმე იტყოდა, და ენუქ არქუნ და დიდი იგი ნოინი სხდეს შუა და სადუნი იგი კეთილად თარგმნიდა, და კაზმევდა თქმულთა მეფისათა, რამეთუ მეფე ენა-მძიმე იყო მცირედ, მანკაბერდელი სადუნი კეთილ-მეტყუელებდა, და ყოველნი მოელოდეს ბოროტის ყოფასა მეფისათჳს, და სიკუდილსა სარგისისსა.
მაშინ მოუვლინა ღმერთმან წყალობა მოსავთა მისთა, და აწცა დაიცვა, ვითარცა მარადის ფარავს. და ვითარ სიტყუასა უგებდეს ყაენი და მეფე ურთიერთას, მოვიდა კაცი დარუბანდით, გზის მცველთა ყაენისთა, რომელთა ყაფულობით უწოდდეს. რამეთუ არღარა განსრულებულ იყო სიტყუა, შევიდა ყაენის კაცი იგი ურდოსა ყაენის წინაშე და მოაჴსენა: "არა არს ჟამი მეტყუელებად, რამეთუ შეიძრა ულუსი დიდი დიდისა ყაენის ბათოსი, და შვილი მისი, ყაენი დი\დი ბერქაი, მოვალს გზასა დარუბანდისასა უმრავლითა, დიდად დიდითა ლაშქრითა".
ესმა რა ყაენს, მსწრაფლ აწვია სპა თჳსი, და მყის შემოკრბეს მის წინაშე. მას ჟამსა წარმოემართნეს წინაგანწყობად, და ვითარ დაეახლნეს ორნივე სპანი ურთიერთას, მაშინ ევედრა მეფე ყაენს, რათა წინამბრძოლად აჩინოს მეფე და სპა მისი (და წესადცა არს ქართველთა წინამბრძოლობა). ისმინა ულო და აჩინა წინამბრძოლად მეფე, მახლობელად მისსა დგომად. ხოლო სარგის ჯაყელი თჳთ წინა დაიყენა, და განაჩინა მარჯუენე და მარცხენე, დამწყობელმან რაზმთამან მიჰმართეს ხოლო იქმნა ესეცა, რომელ რაზმსა შინა გახლტა შუელი, სადა-იგი სარგის ჯაყელმან, აბჯარცმულმან, მოკლა. მცირედ წარვლეს, და მელი მოკლა, იგიცა სარგის, ისრითა. და წაიარეს, და ყურდგელი მოკლა. და ამას სამსავე ხედვიდა ულო ყაენი, და დიდად აქო სარგისი და კეთილად უთქმიდა მრავალსა.
მაშინ დაეახლნეს სპანი ორნივე ურთიერთას, და გამოჩნდა კაცი ერთი სახელოვანი მათ შორის, რომელი წარმოევლინა დიდსა ყაენს ბერქას, რამეთუ ყაენი არა წარმოსრულ იყო. ესე მოეახლა მეფესა დავითს, რომლისათჳს დიდად შეწუხნეს სპანი მეფისანი, რამეთუ იყო კაცი ესე დიდი და მაგრიად და უცთომლად მოისარი. ხოლო მეფემან აღმოიღო მშჳლდი ქარქაშით, და ჰკრა ცხენსა მისსა მკერდსა, და დაასო და გულსა განვლო. ხოლო ქართველთა განმხიარულებულთა აღიზახნეს და მიეტევნეს. იქმნა ძლიერი და ფიცხელი ომი ველსა ზედა შაბურანისასა, ძლიერად ბრძოდა მეფე და სპანი მისნი, სადა-იგი სარგის ჯაყელმან სახელოვანი ომი ყო წინაშე ულოსა, რომელ განკჳრდა ყაენი. და განგრძელდა ყოველგან ომი, და მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ.
ივლტოდა სპა ბერქასი, და დევნა უყვეს ძლიერად. ხოლო იქმნა ესეცა: დევნასა მას ლაშქართასა დაშთა ყაენი ულო ოთხითა ოდენ კაცითა მცირესა რასმე ბორცუსა ზედა, და ვითარ იხილეს ლტოლვილთა მათ, შჳდნი რჩეულნი კაცნი ზედა მოეტევნეს ყაენსა. იხილა ესე მიმავალმან სამითა კაცითა სარგის, შეუტია შჳდთა მათ კაცთა და სამითა კაცითა შეება, და ოთხნი ვიდრემე დაჴოცნეს სარგის და აზნაურთა მისთა, და სამნი იგი ივლტოდეს. მაშინ იხილა თუალითა მისითა სიმჴნე სარგისისი, და ყმათა მისია, განიხარა და დევნა უყო კუალადცა სპასა ბერქასსა დარუბანდის კარამდის. და განვლეს დარუბანდიცა და სამსა დღესა სხუასა დევნა უყვეს. ესრეთ განმარჯუებულნი და სახელოვანნი მოვიდეს სადგურსა მათსა ბარდავს, ხოლო მეფესა დავითს და სპათა მისთა ფრიადითა პატივითა პატივსცა და მრავალი ნიჭი მიანიჭა, ესეზომ, რომელ სარგის ჯაყელსა კარნუ-ქალაქი და მიმდგომი მისი ქუეყანა უბოძა იერალაყითა.
მაშინ შეიშურვეს სხუათა ვიეთმე მტერთა და მოაჴსენეს მეფესა: "აწ მეფობაცა სარგისს მიეც; ვინათგან ყაენმან ეზომ განადიდა, არღარა იქნების მორჩილი მეფობისა თქუენისა", მაშინ დაიჯერა მეფემან, რამეთუ იყო უმანკო და მალე-მრწმენი სიტყუათა კეთილთა და ბოროტთა, ორთავე, და წარვიდა ღამით ელგონ ნოინის წინაშე და მოაჴსენა: "უკეთუ ყაენი სარგისს კარნუ-ქალაქს მისცემს. მეფობაცა მისცეს". განკჳრდა ელგონ ნოინი და რქუა: "ყაენმან შენის მოდგომისათჳს მისცა და, თუ შენ გიმძიმს, არღარა მისცემს. თქუენ ქართველნი არას კეთილს უყოფთ მჴნედ მბრძოლთა წყობათა შინა. არა უწყია, ყაენი სარგის დაარჩინა მტერთაგან, ძლიერი და სახელოვანი ომი ყო?" წარვიდა ნოინი რა მოაჴსენა ყაენს ყოველი იგი თქმული, და არღარა მოსცეს კარნუ-ქალაქი. ცნა ესე სარგის, და შეიქმნა გულკლებით და ქუეგამხედვარად პატრონისაგან. ხოლო მის ზამთარს დაიმჭირა მეფე ბარდავს თავისა თჳსისა თანა, და სარგის წარვიდა გულკლებული სამცხეს.
მას ჟამსა გაადგა ულო ყაენს შანშეს ძე ზაქარია ამირსპასალარი, კაცი ყოვლითა სათნოებითა შემკული და საჩინო, და ივლტოდა ქუთათისს ნარინ დავითისსა, "რამეთუ ბერქას ლაშქართა გამოსლვა მასმია ჩემ ზედა". ხოლო მეფემან დავით კეთილად შეიაწყნარა, დაჰყო მცირე ჟამი, მერმე ფიცით მოიყვანა ყაენმან, გარნა არცა ეგრეთ დამშჳდდა გული ულოსი, და მოკლა ზაქარია ამირსპასალარი, კაცი პატიოსანი და სახელოვანი. და ცნა დიდმან შანშე, მამამან მისმან, მწუხარებითა შეწუხებული იგიცა აღსრულდა. ხოლო გუანცა დედოფალი, ავაგის ცოლ-ყოფილი, მოკლულ იქმნა, თათართა შინა მყოფი, რომელსა იტყჳან ვითარმედ ასულისა მისსა ხუაშაგის, რომელი იყო ცოლი საჰიბ მდივანისა, ხოჯა შამშადინისა, მისითა განზრახვითა მოიკლაო. და ვითარ უცოლო იყო მეფე, იქორწინა ცოლი, სახელით ესუქნ, დიდისა ჭორთმაღო ნოინისა და დიდისა სირმა ნოინისა, და წარვიდა ტფილისს და ქმნა ქორწილი პატიოსანი.
ამათ ჟამთა გარდამოვიდეს ბერქას ყაენისგან ლტოლვილნი, დედაკაცი საკჳრველი, სახელით ლიმაჩავ, და მან მოიტანა შვილნი მცირენი, ნათესავით ასასარფაკაიანნი, პირმშო ფარეჯან და უმრწმესი ბაყათარ, და სხუანი თავადნი მრავალნი, გამოვლეს კარი დარუბანდისა და მოვიდეს მეფეს წინაშე. ხოლო მან პატივითა ისტუმრნა და წარავლინნა ყაენს ულოს წინაშე, და ყაენმან შეიწყნარნა ფრიად, და უბოძა ხარაჯა, და მოლაშქრედ და თანამბრძოლელად განაჩინნა. და ესრეთ მეფეს თანავე წარმოავლინნა, ხოლო მეფემან დასხნა რომელნიმე დმანისსა, და სხუანი ჟინვანს.
და ვითარ მოიწია სთუელი, წარვიდა ყაენი ქუეყანად შარვა[ნ]შასა, საზღვართა საქართველოსათა, ადგილსა რომელსა უწოდიან ჩაღანუსუნი, ესე იგი არს თეთრი წყალი. და შეკრეს [ღ]ობითა წყლის პირი, რომელსა სიბად უწოდეს. რამეთუ გონებდა გამოსლვასა ბერქა ყაენისასა. და ამათ ჟამთაგან იწყეს სიბასა ზედა დგომად თათართა და ქართველთა სთულითგან გაზაფხულამდე და გაზაფხულ წარვიდიან საზაფხულოთა სადგურთა. ხოლო იქმნა ესეცა, რომელ ყაენთა შვილნი ზემოჴსენებულნი, ულოს თანა წარგზავნილნი, ხუთარ, ყული და ბალაღა, დაიპყრნა ყაენმან ულო. და მოკლნა სამნივე, და დაიპყრა ქუეყანა მათი, და ყოველი სიმდიდრე მათი. და ვითარ ცნეს სიკუდილი პატრონთა მათთა საბერძნეთს მდგომთა დედაწულითა, რომელთა თავადი იყო ალათემურ ვინმე, კაცი სახელოვანი, აიყარა ბარგითა და დედაწულითა, და ივლტოდა, და მომართა სამცხის კერძო. ცნეს თათართა ულო ყაენისთა სივლტოლა ალათემურისი, დევნა უყვეს და მოეწივნეს, და იგინი დაბრუნდეს და შეებნეს, და მრავალი კაცი მოკლეს ულოს ლაშქრისა. და, რათა არა განგრძელდეს სიტყუა, ვიდრე კოლის მთათა მოსვლამდე ათორმეტჯერ მოეწივნეს და ათორმეტჯერ შეებნეს, და ათორმეტჯერვე ალათემურ მოერია და გააქცივნა.
და ესრეთ მოიწივნეს ქუენა არტანს, სოფელსა, რომელსა ჰქჳან გლინავი. და მუნ დახუდა მურვან გურკელელი, მახუნჯაგის ძე, წინა შეემთხჳა ნადირობას მიმავალი, რომელი შეიპყრეს თათართა და კნინღა მოაკუდინეს. ხოლო იგი ევედრა და აღუთქუა ლიხთ-იმერით წარყვანება მათი და ეგრეთ ბერქას. ყაენს წინაშე წარსხმა, ხოლო იგინი მიენდვნეს. წარმოიყვანნა და მოასხნა სამცხეს, და მოასხნა გურკელის ჭალას, და ესრეთ განსცნა: წარავლინა კაცი და ამცნო სარგის თმოგუელსა და შალვას ბოცოს ძესა, და ყოველთა მესხთა და სარგის ჯაყელის ლაშქართა, რათა შეკრბენ ერთად და შეიპყრან ალათემურ და მიჰგუარონ ულო ყაენს. და წარმოემართნეს, და სცნა ესე ალათემურ, აიყარა ბარგითა და დედაწულითა, და გამოვლო მტკუარი და მომართა ჯავახეთით კერძო, შემოიარა ელასის შემოღმართი. და მივიდა ოშორას ქუეშეთ, ადგილსა, რომელსა რქჳან ლერძავნი, რამეთუ თმოგუელი მუნ დაუდგა წინა, რომელნი იხილნა რა, მორიდნა სარგის და ბოცოს ძე, და ლაშქარნი ერთ-კერძო მოსდევდეს, და გურკელელი მურვან მართლ-კუალსა შედგომილი მოსდევდა. და მოეწია გურკელელი მცირითა ლაშქრითა, რამეთუ ბოცოს ძე და სარგისის ლაშქარნი არ მოვიდეს არცა შუელად გურკელელისა.
შეიბნეს ძლიერად, სძლეს თათართა და მრავალი ტაძრეული აზნაური მოკლეს, და ივლტოდა გურკელელი. ხოლო თათართა განვლეს ჯავახეთი და თრიალეთი, და რუსთავს მტკუარს გავიდეს და მრავალგან მიეწივნეს თათარნი და სომხითარნი ლაშქარნი, რომელთა თჳთოეულად არა არს ჟამი მოთხრობად, ყოველგან ალათემურ მძლე ექმნა. და განვლეს კამბეჩიანი, კახეთი, ჰერეთი, ყოველგან ომითა, და წარვიდეს გზასა ბელაქნისასა. შევიდეს ღუნძეთს, რამეთუ წინა-განეწეო მეფე ღუნძთა, და სძლეს თათართავე, და განმარჯუებულნი მივიდეს ბერქა ყაენს წინაშე. და ესრეთი საკჳრველი საქმე ქმნეს, და ამათთანანი თათარნი სადაცა დარჩეს, აღნარღომობით უჴმობდეს, ესე იგი არს უფროსთანი გინა უხუცესთანი. ამისთჳს განძჳნებული ბერქა განემზადა გამოსლვად, და ამათ თეთრსა წყალსა ზედა ღობე შეკრეს, და მუნ იზამთრიან, ვითარცა მითქუამს.
ხოლო ვითარ ამათ საქმეთაგან უბრალო არს მეფე, განდიდნა ჭყონდიდელი ბასილი და უჯარმელი, და იწყო საურავთაცა ქმნად თჳნიერ მეფისა კითხვისა. და მეფისა იმერით ყოფასა შინა დიადი აწყინა სეფეთა ქუეყანათა, რამეთუ ვითარ თჳსთა ხედვიდა. და სიტყუაცა ესრეთ იყო, ვითარმედ ესუქნს თანაეყო. ამისთჳს შესმენილ იქმნა ბასილი წინაშე მეფისა, რომელმან მსწრაფლ მოიყვანა და ბრძანა ძელსა დამოკიდება. დამოჰკიდეს ძელსა შუა-ქალაქსა, რამეთუ იყო მეფე მალე-მორწმუნე და ლიტონიცა. და ვითარ მოიწია სთუელი, კუალად წარვიდა ყაენი სიბასა ზედა და მეფეცა მის თანა. მოიწია რა გაზაფხული, წარმოვიდა ყაენი საქოსა, და ძე მისი თანქუშ წარმოვიდა გელაქუნსა, რამეთუ მას აქუნდა საზაფხულოდ სადგურად გელაქუნი, და მეფე თანა წარმოიტანა. და მუნ იყო. მაშინ ევედრა მეფე თანქუშს, რათა უაჯოს. მამასა მისსა ყაენს ულოს წინაშე, რათა განუტეოს სამეფოდ თჳსად. ხოლო მან ისმინა და წარავლინა კაცი, და ვითარ მიიწივნეს საქოდ, ყაენი ულო აღსრულებულ იყო. მაშინ ხათუნთა და ნოინთა მიუმცნეს თანქუშს, რათა განუტეოს მეფე სამეფოსა თჳსსა. გამოუშვეს და მოვიდა ტფილისს და ყოველსა ქართლსა და სომხითსა და განაგნა საქმენი მანდაურნი.
ხოლო ნოინთა დასუეს ტახტსა ულოს ძე უხუცესი, სახელით აბაღა, კაცი კეთილი, უხჳ, მოწყალე, ტკბილი, მდაბალი, განმკითხველი, სამართლის მოქმედი, გლახაკთ მოწყალე და შემნდობელი ესმზომ, რომელ, დაღათუ დიდისა ბოროტის მოქმედი კაცი იყვის, არავე მოჰკლევდის, რამეთუ ესრეთ იტყოდა: "ყოვლისა ქუეყანისა მპყრობელად დაუდგენივარო ღმერთსა და რასაცა ვერ მივსცემ არცა თუ წაუღები". და მრავალგზის საჭურჭლენი მისნი წარიხუნეს მპარავთა და არა მოაკუდინის არამედ იტყოდის: "რად მაკლს მე საჭურჭლე, ისი წარიღონ გლახაკთა. რამეთუ ნაკლულევან არიან, და მით იპარვენ". კუალად უბოროტო და კეთილი გონება აქუნდა ყოველთათჳს. მაშინ ამან აბაღა ყაენმან განაჩინა მჴედართა მთავრად კაცი საჩინო წყობათა შინა, სახელით აბათა, და ურდოსა და სახლისა თჳსისა მოურავად დაადგინა ზემოჴსენებულისა ორმაღონის შვილი სირმონ, კაცი განმარჯუებული და საჩინო ბრძოლათა მინა. ვინათგან ქრთამსა მძიმესა მიიღებდიან მის წინაშე მდგომნი ყოველნი, გამოარჩია კაცი ერთი, მოწყალე და სამართლის მოქმედი და მმარხველი და მლოცავი, ქრისტეანეთა და ეკლესიათა ღმრთისათა მოსავთა მოყუარე, სახელით აღუბაღა. ესე განაჩინა უღონოთა და გლახაკთა განმკითხველად, არა თუ ულო ყაენის პატივცემულნი ნოინნი გამოცვალნა, არამედ უმრავლესნი აღსრულებულ იყვნეს, ვითარ ელგონ ნოინი და სხუანი მრავალნი.
ამას აბაღას წინაშე წარვიდა მეფე დავით, და ფრიად პატივითა შეიწყნარა და პატივ-სცა. და დაემორჩილნეს აბაღას ყოველნი თათარნი, საბრძანებელი მამისა მისისა ულოსი.
მას ჟამსა გამოვიდა დიდი ყაენი ბერქა გზასა დარუბანდისასა აურაცხელითა ლაშქრითა შურის გებად ხუთარეს, ბალაღას და ყულის საქმისათჳს. ცნა ესე აბაღა ყაენმან და მოუწოდა სპათა თჳსთა, და მეფესა დავითს, და წარემართა. ხოლო ვითარ აგრძნა ძლიერება და სიდიდე სპათა ბერქასთა, არღარა განვიდა მტკუარსა, არამედ შეიარა ნაპირი და განსავალი ყოველი, და აღიღო ზომი ყოველგან, და დააყენა ლაშქარი, სადა შეკრბებიან მტკუარი და რაჴსი, და მუნითგან ვიდრე მცხეთამდე ბერქამან მოაოჴრა ქუეყანა შირვანისა, ჰერეთი, კახეთი და ყოველი იორის პირი და მოვიდა ლაშქარი ტფილისამდე, და მრავალი სული ქრისტიანე მოსწყდეს, ხოლო ბერქა ყაენი დადგა მთათა შინა გარეჯისათა. მაშინ მოხედნა ღმერთმან ქუეყანასა ამას წყალობით და ყაენსა აბაღას, შეედვა სალმობა რამე ბერქას, და მოკუდა. ვითარცა იხილეს სპათა მისთა სიკუდილი ყაენისა მათისა, წარიღეს მკუდარი და განვლეს კარი დარუბანდისა. ესრეთ დამშჳდნა ქუეყანა ესე.
ხოლო თათართა გულად აქუნდის შიში ბერქას ლაშქრის გამოსლვისა, და ყოველთა სთუელთა წარვიდიან სიბასა ზედა. და ვითარ მოეახლის ჟამი სიბას წარსლვისა, მოუწოდა მეფემან სპათა თჳსთა და სარგის ჯაყელ-ციხისჯარელსა. ვითარ მივიდა სარგის დავით მეფესა წინაშე ტფილისს, ეგონა სარგისის განდგომილება ყაენს წინაშე, და დაივიწყა ნამსახურება განზრახვითა უკეთურთა კაცთათა. მოუწოდა პალატად და შეიპყრა შინა, და ტყუე ყო. და ვითარ ცნეს ესე აზნაურთა თანამყოლთა სარგისისთა, ივლტოდეს და წარვიდეს ყაენს წინაშე, და მოაჴსენეს აბათა ნოინსა, რათა მან განაჩინოს მეფისაგან დაჭირვა სარგისისი და მოაჴსენოს ყაენს აბაღას და სთხოვოს სარგის. ხოლო აბაღა ნოინი მივიდა წინაშე ყაენისა და ვედრებით სთხოვა სარგის, რათა იჴსნას ჴელთაგან დავით მეფისათა. ისმინა მსწრაფლ ვედრება აბათა ნოინისა, და მოსცა ელჩი, და წარმოავლინეს, და მოიწია ტფილისს, და წარიყვანა სარგის, და მოჰგუარა აბათა ნოინსა. და მიერითგან იქმნეს ჯაყელნი მორჩილნი ულოსისანი, ვიდრე ჟამთამდე მეფეთა შორის ბრწყინვალისა და საჩინოსა დიდისა გიორგისათა.
ხოლო მეფე ჯერეთ არა წარსულ იყო სიბასა, შეედვა სალმობა მუცლისა ძესა მისსა პირმშოსა გიორგის, რომელი სიკეთე-აღმატებულებითა სავსე იყო. განგრძელდა სალმობა ესეზომ, რომელ კნინღა მკუდარ საგონებელ იყო, და იდვა უჴმრად, უძრავად, სულთა აღმომფშვინველი, და მითცა ძლით. ამას მწუხარებასა და უღონოებასა რა მოეცვა მეფე და ყოველნი მკჳდრნი საქართველოსანი, მოეჴსენა მეფესა დმანისისა ღმრთისმშობელი, და წარვიდა წინაშე მისსა, და თჳთ წარმოაჩინა, ვითარ ყოველი უჴამურითა ფერჴითა მოჰყვებოდეს და მოეგებოდეს, მჴურვალითა ცრემლითა წყალობად მათდა აღძრვიდეს. მაშინ შეისმინა ვედრება მათი წმიდათა უწმიდესისა ღმრთისმშობელმან, და მყის შეხებასავე თანა, და პირსა ზედა შეხებასა, თუალნი აახუნა მსწრაფლ და ვითარცა უვნებელი წარმოჯდა. იხილეს ესე მეფემან და ყოველთა მკჳდრთა საქართველოსათა, განკჳრდეს ანაზდათსა ამას საკჳრველებასა ზედა ყოვლად-წმიდისასა, და ადიდებდეს ყოველნი ღმერთსა.
და კუალად წარვიდა მეფე სიბასა ზედა, და მუნ ყოფასა მისსა, ჟამსა წარმოსლვისასა, დასნეულდა მეფე დავით მით სალმობითა მუცლისათა, და ვერ განკურნეს მკურნალთა, და წარმოვიდა ცხედრითა. და ვითარ მოეახლა მარტომყოფსა, მივიდა ხატსა მას ჴელით-უქმარსა, რომელი თჳთ გამოისახა ტილოსა, ხატისა მიერ კეცსა ზედა. მოყვანება ბრძანა მარტომყოფისა ხატისა, და ევედრა ცრემლითა, და შეუვრდა, და განკურნა, ვითარ უფლისა მიერ განკურნებული ცხედარსა ზედა მდებარე, და ესრეთ მრთელი მოვიდა პალატად ტფილისისა, და იყო განსუენებასა შინა თჳნიერ ამისსა, რამეთუ მთავარნი და ერისთავნი ვერ სცვალნის შიშისათჳს ყაენისა. ხოლო თქმულ არს ესეცა, ვითარ ბრძენისა სოლომონისათჳს წერილ არს, ჟამსა სიბერისა მისისასა არა მართლად ვიდოდა წინაშე ღმრთისა, და მძლავრებისაგან თათართასა უცალო ქმნილმან, იწყო შლად საყდართა საეპისკოპოსოთა, რომელი სანატრელთა მეფეთა შესავალნი სოფელნი მიენიჭნეს, განსცემდა, ეგრეთვე მონასტერთა. ამას თანა სხუანიცა ბოროტნი აღძრნა მტერმან, რომელნი არა საჴმარ არიან თქმად, და მძლავრა სიბერესა შინა, ვითარ სოლომონს. ამისთჳს სწრთვიდა ღმერთი არა ჩუენებითა, არამედ შუენიერებითა ძისა მისისათა სიკუდილისა გლოვითა, ვინათგან უგუნურებასა შინა ვართ ნათესავნი ადამისნი, და გულს-მოდგინედ მიდრეკილ არს გული კაცისა ბოროტისა მიმართ, ვითარცა წერილ არს: "არა ინებეს, შეგონებად, არამედ გარდავჴედით ცხოვრებასა ჩუენსა, და ყოველნი ვართ ამაოებასა შინა", ვითარ იტყჳს ბრძენი ეკლესიასტე: "ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო არს", და მზესა ამას ქუეშე ხილულსა ყოველსა ამაოებასა მისცემს.
ხოლო ჩუენ გზისა მცირდ გარდამაბიჯებელნი, კუალად მოგზაურ ვიქმნეთ. და ვითარ მოიწია მსგეფსი სიბას წარსლვისა, წარვიდა მეფე კუალად. ხოლო მუნ ყოფასა მისსა დასნეულდა ძე მისი გიორგი, რამეთუ დიდი ნუგეშინის-ცემა აქუნდა მეფესა საბრძანებელსა მისსა, და მისვე სისხლისა მდინარებისაგან აღსულდა, და დაუტევა მსწუხარება მიუთხრობელი ყოველთა მკჳდრთა სამეფოსათა, დიდითგან მცირეთამდე. ხოლო გუამი ყრმისა გიორგისი დაასუენეს საყდარსა სიონისასა, რათა მოიცადონ მეფე. და ვითარ წარჴდა ჟამი მცირედ, მოვიდა მეფე ტფილისს. ვითარ არავინ გამოგება ცინა, თჳნიერ მცირეთა მოქალაქეთასა, ზარ-განჴდილი მიისწრაფდა პალატად, სადა დახუდეს სპანი და ვაზირნი დამალულნი და შავითა მოსილნი. და ვითარცა აუწყეს სიკუდილი ძისა მისისა გიორგისი, მყის, სმენასავე თანა, დაეცა და კნინღა მკუდარ იქმნა. და ესრეთ შეიღეს პალატად ჴელთა ზედა მქონებელი და ძლით მოვიდა ცნობად, რამეთუ უკეთუ მოისპოს სული, მყის მოისპობ ცნობა, და უკეთუ მოისპოს ცნობ, არა თანა მოისპობის სული, სიტყჳს-მოქმედი იტყჳს; ვინათგან ტკივილთა მიერ უზომოთა მოცვულ იყო, და შვილობისა სიყუარული და კულად სიტურფე-აღმატებულება ათრვამეტისა წლისა მყოფისა, სიმჴნე, სამჴედროთა ზნეთაგან განსრულება, ტკივილნი მრჩობლ ზედა დაერთვოდეს. სალმობიერითა გოდებითა გოდებდა და სიკუდილსა აღირჩევდა თავისა თჳსისასა, რაჟამს იხილა აღყვავებული და შუენიერი გუამი ძისა მისისა გიორგისი მკჳდრად, უფერულად მდებარე, რომელსა იგლოვდა ერი. და ვაებით წარიღეს. მცხეთას, და მუნ დაკრძალეს, და უკმოიქცეს მწუხარებითა სავსენი. ხოლო ესოდენ განუმრავლდეს ტკივილნი შვილისა საყუარელისანი, რომელ მიერითგან არღარა აქუნდის ლხინება, და სენთაცა მრავალთა მოიცვეს და გუამითა უძლურებდა უმრავლესთა ჟამთა, გარნა მონებდავე ყაენსა აბაღა, რამეთუ არა იყო სხუა ღონე.
აქა შინა იწყო მანკაბერდელმან სადუნმან განდიდებად, რომელი პირველი ულოს შეეწყალა, რკინობისა ძლით. და ყაენმან აბაღაცა პატივ-უყო, და დიდი საჰიბმდივანი კეთილსა უყოფდა, მით რომელ ცოლსა მისისა ავაგის ასულისა, ხუაშაგისა, ეჯიბობა აქუნდა, და მეფესა დიავითსაცა მიებოძნეს მისთჳს მრავალნი ქუეყანანი.
ამათ ჟამთა იქმნა განდგომილება თათართა ურთიერთას, რადგან განუდგა ყაენსა აბაღას თეგუდარ ყაენი, ბარახას ძმა უმრწამესი, რომელი იყო ზემოჴსენებულისა ჩინგიზ ყაენის შვილისა ჩაღატა ყაენის ნათესავი, რომელსა ეპყრა ქუეყანა თურანისა და დიდი თურქეთი. ესე ბარახა ყაენი იყო თურანსა, და წარმოავლინა ძმა თჳსი თეგუდარს ხარაჯა ქუეყანისა, რომელ მას წარჴდომოდა, ვითარ ზემო თქმულ არს, თეგუდარს მიხუდებოდის. ესე მივიდა, ორისა ბევრისა ლაშქრისა მქონებელი. შეიწყნარა აბაღა, და უჩინა ზაფხულის სადგურად ვიდრემე მთანი არარატისანი და საზამთროდ რაჴსისა პირი და ნახჭევანი.
ესრეთ იყოფოდა თეგუდარ. შეშურდა ყაენობა აბაღასი, და მიუმცნო ძმასა თჳსსა ყაენსა ბარახას, ჯეონს იქით მყოფსა, ვითარმედ: "რად მივსცემთ ყაენობასა და ქუეყანასა დიდსა აბაღას! აწ წარმოემართე მანდით შენ და აქათ მე, და ორთავე შევმუსროთ აბაღა, და ჩუენ დავიპყრათ ქუეყანა მისი". ხოლო მოივერაგა ესრეთ, თავი შეშისა ისრისა აღმოთხარა, და ძულითა პილოსათა შეაწებნა სამნი ისარნი და მათ შინა შთადვა წიგნი, ამად რომელ ყოველგან გზისა მცველნი განჩენილ იყვნეს თათართაგან ძუელითგან და განიკითხიან მგზავრი და მოციქული; და ვითარ მივიდა თეგუდარის მოციქული ძმასა მისსა ბარახა ყაენს წინაშე, სთნდა სიტყუა და განზრახვა თეგუდარისი, და მიუმცნო მანცა ეგრეთ, რათა პაემანსა შეკრბენ ერთად, და დაამჴუან აბაღა ყაენი და დაიპყრან ჴელმწიფობა. და მოუწერა განჩინებული დრო პაემანისა, რომელ მას ჟამსა უკუადგეს თეგუდარსა, რომელსა ჟამსა გამოვიდეს ჯეონსა ბარახა სპითა მისითა.
ხოლო განგებამან ზენამან განაქარვა განზრახვა მათი, და დაიცვა აბაღა უმანკოებისათჳს და სიწრფოებისა და სიმართლისათჳს, და შესცთა მწიგნობარი მისი და ორითა მთოვარითა დაწერა განდგომა თეგუდარისა, რამეთუ თუქენი მათნი მთოვარითა აღრაცხილ არიან. და შთადვა მანცა თავსა შინა ისრისასა წიგნი ესე. და წარმოვიდა მოციქული, და მოიწია ნახჭევნის ველსა თეგუდარს წინა და მოსცნა ისარნი, და განაღო თავი ისრისა და პოვა დაწერილი ძმისა მისისა ბარახასი. და ჟამიცა პაემანისა მოახლებული პოვა წერილსა მას შინა, და მყის აღეკაზმა, ბარგითა და დედაწულითა, კაცი მბრძოლი ვითარ ბევრი ერთი და ხუთასი. რამეთუ სხუა იგი ლაშქარი ვერ ესწრა სისწრაფისაგან, ნუ უკუე განცხადნეს საქმე მისი, და ბოროტი ეყოს აბაღას მიერ. აიყარა და მომართა მთათა ღადოსათა, კარჩხალთა და კარისათა, რომელ არს შორის. შავშეთსა და აჭარასა, და დადგა თავსა შავშეთისასა ფიჭუთას, და ეზრახა სარგის ჯაყელსა, რათა მისცეს გზა, უკეთუ უნდეს წარსლვა აფხაზეთისა მეფესა დავითს წინაშე, რათა იგი იყოს შუამდგომელ მეფისა და თეგუდარისა, და უკეთუ განუმარჯუდეს, დიდად განადიდოს სარგის.
და ვითარ ამას ზრახვასა შინა იყვნეს, სთნდა სარგისს სიტყუა თეგუდარისი. მოუწოდა სპათა მისთა და დიდსა შანშეს შვილსა ივანეს მანდატურთ-უხუცესსა, და წარმოავლინა დევნად თეგუდარისა, და აჩინა მჴედართ-მთავრად სირმონ, ჩორმაღან ნოინის შვილი, კაცი წყობათა შინა სახელოვანი და შემმართებელი, და მრავალნი ნოინნი სხუანი, და მოიწივნეს მთათა არტანისათა, და დაიბანაკეს მუნ.
ხოლო იქმნა ესეცა საკჳრველი ყოველთა ნაშობთა დედათა უმეტესისა, რომელმან ღმრთისა სიტყუასა, ქალწულისაგან შობილსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, თჳსითა ჴელითა ნათელ-სცა, და ჴმა მამისა ზეცით ესმა, და სული წმიდა სახითა ტრედისათა იხილა, და სამებისა წმიდისა ერთი არსება ცხად ყო და გუასწავა, იოანე ნათლისმცემელმან, -- ამისი უდაბნო შენ არს, და არა უცნაურ, მთათა შინა ღადოსათა ოპიზა, უპირველესი ათორმეტთა უდაბნოთა. ამას შინა უპირატესი ყოველთა წინასწარმეტყუელთა და მოწამეთა, ყოველთა უაღრესთა ნათლისმცემლის იოანეს ჴორჴი იგი, რომელი არა დადუმდებოდა ქებად ღმრთისა მოსრულისა, და მამხილებელი ჰეროდეს უსჯულოებისა და ესრეთ პატიოსნისა საუნჯითა განშუენებული და საღმრთოთა კრებულითა აღსავსე იგი საყოფი ნათლისმცემლისა, და ჭეშემარიტი თჳთ თავადისა საყოფი, ვითარ სიტყუა ცხად ყოფს.
ესე რა სიდიდე უდაბნოსა ოპიზისა და შემკობა მისი პატიოსნითა ხატითა, და კანდელთა მიერ აღსავსეობა, ინება წარმოღება მისი, და წარმოავლინა ვითარ ათასი მჴედარი, რათა მოაოჴრონ. ხოლო წარვიდეს მთისა გზასა, რომელი მივალს კარჩხალთა კერძო. გარნა არა დაიდუმა მსჯავრმან ზენამან, რამეთუ ეგოდენი წმიდანი მამანი, რომელ მას ჟამსა ბრწყინვიდეს ოპიზას, სასწაულთა ნიშთა მიერ გაბრწყინვებულნი და მინდობილნი წინამორბედისა იოანესნი წარმართთა მიერ მოწყუედილნი, და ჴორჴი იგი, დაუდუმებელი ღმრთისა ქადაგი, არა უპატიო ყო ღმერთმან; ამისთჳს დაიცვა საყოფი თჳსი და მოუვლინა ნისლი და სიბნელე, და ვერღარა ვიდოდეს ფერჴითა საძაგელითა, რამეთუ მოახლებულ იყვნეს უდაბნოსა. და დადგეს მთისა მის ძირსა, რომელსა ეწოდების ძეგლი, რომელსა ზედა შენ არს ეკლესია წმიდისა გიორგისი, რომელ არს [შორის] ოპიზას და მიძნაძორსა. მაშინ მოხედნა წყალობით სამკჳდრებელსა თჳსსა იოანე ნათლისმცემელმან, მსგავსად ყოვლად უბიწოსა ვლაქერნისა ღმრთისმშობელისა, და მოავლინა ქარი სასტიკი მთისა ღადოსა და ხოშკაკალა სეტყუა და წჳმა მძაფრი, და აღდგეს ღელვანი ვითარცა შუა ზღუასა, და წარმოეცა წყალი მძაფრი და იქმნა მდინარე დიდი, რომელი განსწორდა ვიდრე წუერადმდე ძეგლისა, რომელი აწცა იხილვების დიდი იგი ნაღუარევი, რომელი შევალს მართლ ზედა-ზედა წყალსა შავშურსა.
ზედა მოეტევა წყალი და წარიხუნა თათარნი სრულიად კაცი და ცხენი, არა დაშთა თჳნიერ კიდე ერთისა კაცისა. და წარვიდა თხრობად თეგუდარისა, ვითარცა იობის ზედა ღაღადისი, ვითარმედ: "სახლი ღმრთისა არს ადგილი იგი, საყოფი მონათა ღმრთისათა, ერიდენით მუნ მისლვად".
იდგა მაღალსა არსიანის თავსა, მოვიდეს და რიყეს, ვითარმედ: "მოვიდა ლაშქარი დიდი აბაღასი, და დადგეს მთასა არტანისასა, და ხვალე მოსლვად არიან აქა". ესმა თეგუდარს და, რა გათენდა, აღყარა ბარგი და დედაწული თჳსი, და უკუ აყენა მთასა მაგარსა კარისათა, რომელსა ერთ-კერძო შევალს გზა, და თჳთ ლაშქრითა და მეომრითა გარდმოიარა არსიანი აქეთ, სირმონ ჩამოვლო მთა ყუელისა, და მოვიდეს ორნივე თავსა ყუელისასა. სირმონ წინა დაუდგა, რომელი იყო ბრძოლათა შინა სახელოვანი, ეგრეთვე ძლიერნი მბრძოლნი თეგუდარისნი: სეგზი ჯოლაქი, აბიშხანოხი, თელქა-დემურ, რომელთა დიდად ძლიერი ომი გარდაიჴადეს, და მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ. და განგრძელდა ორგნითვე ომი, იძლია თეგუდარ, და ივლტოდა დედაწულითა მიერ მთასა ღადოსასა, ჯნალის თავსა, და მიუდგა უკანა სირმონ, ხოლო თეგუდარ დაუდგა სიმაგრესა მთისა[სა] მინდობილი. და კუალად იქმნა ომი ძლიერი ორ დღე.
და ვითარ მისჭირდა თეგუდარს. ივლტოდა უცნაურად, რომელიმე აჭარით და რომელიმე ნიგალისჴევით, რომელი ყოვლად უვალ იყო კაცთაგან, და არა დასაჯერებელ არს კაცთაგან, უკეთუ ვისმე ეხილნეს მთანი იგი, რომელ წარვლნეს, რამეთუ ყოვლად შესაძრწუნებელ არს სლვა კაცისა, არა თუ ცხენისა, პირველ სიმძაფრითა და მერმე ტყისა სიჴშირითა და შქერთა და ეკალთა, რომელსა ბურწუმალ ეწოდების, განრთხმული ბრძღუმლითა რომელი ნადირთაგნცა უვალ იყო ადგილი რომელი შთავლეს. და იქმნა ესეცა, რომელ განვლეს ტყესა ერთსა, ქუეშეთ კლდიანსა და ზედათ მიწისა მცირისა მქონებელსა, და ზედა მოშენებულ იყო ტყე; გაღმართ განმავალთა წარუსქდა მთა იგი, ვითარცა ზუავი თოვლისა, კაცსა ვითარ ათასსა, დედაწყლისა მქონებელსა, და შთავიდა ჴევსა აჭარისასა, და დაიპყრა ცხენი და კაცი და ყოვლად უჩინო ყო, და ესრეთ საწმალობელად მოისრვოდეს. და ესრეთცა ადგილსა მას სთხრიან მაჭარმლნი და ჰპოებენ სამკაუშლთა დედათასა, ოქროსა და ვეცხლისათა.
ჩაიარეს აჭარა და ნიგალისჴევი, და მერმე შეიარეს გურია, და მივიდეს ქუთათისს მეფესა დავითს წინაშე. ხოლო იგი სიხარულით მოეგება და სერი დიდი განუმზადა; ხუთასი ზროხა მოხარშული დაუდვა, თჳნიერ ღორისა და ცხურისა კიდე, და ლაშქრისა გამოსაზრდელად მასვე დღესა ცხენი ექუსასი, ზროხა ათას ხუთასი, ცხოვარი ათასი, ღორი ორი ათასი. ესე ყოველი მას დღესა მოიღო თეგუდარს წინაშე, და მან განუყო ლაშქართა რომლისათჳს დიდად გნკჳრდეს თეგუდარ და სპანი მისნი. ხოლო ღჳნის ამარი არა იყო, მოიღეს ურმითა და ჭურითა და აღმოასხმიდეს. ესრეთ კუალად ისტუმრა მეფემან დავით. რომელი იყო უხჳ და მდაბალი, და მეცნიერი ყოველსა საქმისა, და სახელისა მომხუეჭელი. ესე ვითარცა მონა დაუდგა სასამსახუროდ თეგუდარს.
ეგრეთვე დედოფალმან, ასულმან მაღლისა ჴელმწიფისამან, პალიალოღოს კოსტანტინეპოლის მეფის ასულმან, ამანცა ეგრეთვე პატივ-სცა ცოლსა თეგუდარისსა; და გაუშინაურდეს ურთიერთას, და მიენდვნეს, და ზედას-ზედა მივიდის დავით მეფე თეგუდარს წინა და განუჩინის ყოველივე წესი და რიგი მისი, და ესრეთ იყოფოდა წინაშე მისსა.
და ვითარ შეიქცა სირმინ გამარჯუებული ყაენს აბაღას წინაშე, მაშინ მოვიდა კაცი გზათა მცველთა ხუარასნით, ვითარმედ: "შეიძრა ულუსი დიდი თურანისა, და ყაენი დიდი ბარახა გამოვიდა ჯეონსა, უამრავითა ლაშქრითა". რამეთუ ბარახა პაემანსა გამოსულ იყო, და თეგუდარის გარდახუეწა აუწყეს.განკჳრდა, მოუწოდა ყრმათა მისთა და ყოველთა ქართველთა. მაშინ მეფე დავით შვილის სიკუდილითა დაუძლურდა, არამედ ეგრეთვე წარვიდა ყოვლითა ძალითა მისითა. წარვიდეს ხუარასნით კერძო და მივიდეს ჰერს, და მიერ მინდორსა ამოსისასა, და და ეახლნეს ურთიერთას. წარავლინნეს მეფე და სპანი მისნი წინათ, რათა დაიცვნენ ლაშქარნი მისნი დასხმისაგან ბარახასა, და ულუსი და სპა მისი განიცადოს. და სხუანიცა ნოინნი წარგზავნნა წინა წარსლვად, ვითარ ოთხსა გინა ხუთსა მილიონსა. ამცნო, რათა იხილონ სპა ბარახასი, რომელი მათვე შემოეყენა, და გარე-უკუნიქცეს. ამათ წინა შორს მდგომთა ყარაულად უწოდიან ენითა მათითა.
და წარვიდა მეფე და ყარაულნი თათართანი აბაღასნი და ვითარ ვლეს ორი დღე, დადგეს ადგილსა ერთსა. მიმწუხრი და ცისკარი რა მოეახლა, იხილეს მტუერი დიდი, ამოსის მინდორსა ამაღლებული, ვითარ ღრუბელი. ცნეს, ვითარმედ ბარახასი და სპისა მისისა არსო. აეკაზმნეს მეფე და სიქადურ, და ენება სიქადურს გარე-უკუნქცევად შიშისაებრ აბაღასა, და რქუა მეფესა: "ჩუენ ყარაულნი ვართ, და ლაშქართაგან მცირედნი, და აჰა განგჳცდიან ლაშქარნი, და წარვიდეთ ყაენს წინაშე, და ვაცნობოთ მოსლვა მისი". ხოლო მეფემან თქუა: "არა არს წესი ჩუენ ქართველთა, უკეთუ ვიხილოთ მტერი ჩუენ კერძო მომავალი, შეუბმელად ზურგი შემოვაქციოთ, დაღათუ იყოს სიკუდილი".
ვითარცა ესმა თათართა, განკჳრდეს და განწყრეს, და ზედა მოუჴდეს მეფესა და ეტყოდეს: "არა იცი რასა იქმ, არა გაქუს ბრძანება აბაღასი უმისოდ შებმა დიდისა ყაენისა; თქუენ ქართველნი უცნობონი ხართ და არა იცით საქმე". და მრავალსა ევედრებოდეს მეფესა და ყოველთა სპათა მისთა, და ბოროტის ყოფასაცა აქადებდეს აბაღას მიერ, გარნა ვერ არწმუნეს უკუნქცევა. მაშინ წარავლინეს მსწრაფლ კაცი ყაენს წინაშე და აცნობეს: "აჰა მოვიდა ბარახა დიდითა ლაშქრითა, და ჩუენ ვხედავთ მტუერსა დიდსა ამოსისა მინდორსა, სრულიად მტუერითა დაბნელებულსა, და ჩუენ, ბრძანებისაებრ თქვენისა, გუნებავს გარე შექცევა და წინაშე შენსა მოსლვა, გარნა ქართველნი, უცნობო-ქმნილნი, არა მოვლენ ჩუენ თანა. ამას იტყჳან, ვითარმედ არა გუაქუს ჩუეულება, რათამცა მტერი თუალითა ვნახოთ და გარე შევიქცეთო. აწ არა თუ შენ ყაენი მოხვალ და შენ განაგებ, ჩუენ განგჳწირავს თავნი ჩუენნი სიკუდილად. და ისწრაფე შეწევნად ჩუენდა".
ვითარ მოიწია მოციქული და ესმა მოსლვა ბარახასი და ყარაულთაგან არა მორიდება, განკჳრდა, და მსწრაფლ ამჴედრდა სპითა მისითა, და წარისწრაფა და მიესწრა რაზმწყობილთა, და მოიყვანა მეფე და რქუა: "ვიცი სიმჴნე თქუენი ბრძოლათა შინა. თქუენ ქართველნი ურჩნი ხართ და შმაგნი. უკეთუმცა ნოინს რომელსამცა ექმნა, მო-მცა-ვკალ; ამისთჳს არა ბრალეულ გყო, რამეთუ უმეცარნი ხართ წესისა ჩუენისანი. აწ დადეგ წინათ ლაშქრითა შენითა". ხოლო მეფე გარდაჴდა ცხენისაგან თაყუანის-ცა ყაენსა და რქუა: "დიდო ყაენო, არა არს ჩუეულება ქართველისა, რათა მტერი იხილოს და ზურგი შემოაქციოს. აწე ბედნიერმან თუალმან ყაენისამან გჳხილოს, თუ ვითარ დავდვათ თავი ჩუენი სიკუდილად". და წარვიდა მეფე, და დაეწესა წინა-კერძო, ხოლო დიდი იგი და მჴნე აბათა ნოინი, რომელი იყო მჴედართ-მთავარი, რომელ არს ამირსპასალარი, მარცხენასა მჴარსა, სირმონცა დიდი იგი მარცხენითვე, სიგადურ, ტონღა ბუღა, ჯინილის, არღუნ აღას და იას ბუღა მარჯუენით, და სხუანი ნოინნი განაყენნეს მარჯუენით და მარცხენით. ეგრეთვე რაზმ-წყობილი ბარახა მოიწია.
მაშინ გამოჩნდა კაცი ერთი, სახელით ალიყან, ასისა კაცისა თავადი და არა საჩინოსა გუარისა, არამედ ტანითა დიდი და ახოვანი, ძლიერი ძალითა და უშიში მჴნედ, და აღმატებული სიტურფითა, ჰაეროვანი და შუენიერი. ამან ითხოვა აბათა ნოინისაგან, რათა ფარმანი მისცეს წინამბრძოლობისა, ოდესცა სთნდეს და მისცა სათხოველი ესე აბათა ნოინმან, და ამას შინა მოეახლნეს ორნივე სპანი ურთიერთას, და იქმნა ომი დიდი და საშინელი. ამან ზემოჴსენებულმან ალიყან წინა შეუტივა რაზმსა მათსა, და განაპო და განვიდა რაზმსა მათსა ყოვლითა მოყუსითა მისითა. შეკრბა და იწყო თქმად ალა-ალასა, და მოიქცა, და კუალად განხეთქა რაზმი მათი, და გამოვიდა აქათ. და მეორედ კუალად მიმართა, დაფრიწა რაზმი და განვიდა იქით, და იწყო თქმად ალა-ალასა, და ეგრეთვე ქართველთა იწყეს ძლიერად ომი, რამეთუ თჳთ ხედვიდა ყაენი, რომელ წინამდგომთასა მეფემან და სპათა მისთა უწინ შეუტივეს და სივლტოლად მიდრიკნეს.
ეგრეთვე აბათა ნოინმან ძლიერად იღუაწა ესოდენ, რომელ ოხჭანსა შინა ომისასა სრულიად შეჭურვილი კაცი აღიღო უნაგირისაგან და ტახტასა თჳსსა შემოიდვა, და აქუნდა სრულსა ომსა შინა ჴელთა თჳსთა, ვითარცა არწივსა კაკაბი. ეგრეთვე სირმონ იღუაწა ძლიერად, და ყოველნი მათ-კერძონი სივლტოლად მიდრკეს. ხოლო ბარახა ყაენი შეემთხჳა მარჯუენით აბაღასთა, სიქადურს, ტონღა ბუღასა, ჯინილის და არღუნ აღას, ესენი მსწრაფლ სივლტოლად მიდრიკნა ბარახა, ვიდრე მეორე დღე ამათ სდევნიდა, ხოლო აბაღა ორ დღე მათ სდევნიდა, და ვერ ცნეს რაზმისა სიგრძისაგან თუ რა შეემთსჳა, და ვითარ ცნა ბარახა გაქცევა და ამოწყუეტა სპათა მისთა, დაბრუნდა, ეგრეთვე აბაღაცა, და შეიმთხჳვნეს კუალად ურთიერთას, და განეწყუნეს. ვითარ იხილა აბათა ნოინმან ყაენი ბარახა, აღიღო შუბი და მარტომან მიმართა რაზმსა მათსა, რამეთუ იყო ესე აბათაბეჭითა და მკერდითა, მსგავსი ლომისა, უშიში, ძლიერი შემმართებელი და ჰაეროვანი, ტკბილი და სახიერი და სიტურფე-აღმატებულილი. და ვითარ მიახლდა სპა მისი, სდევნეს და მოწყჳდნეს სული ურიცხჳ, და ტყუე ყვეს, და ესრეთ განმარჯუებულნი მოვიდეს ურდოთა მათთა.
ხოლო ვითარ იყო ყაენი აბაღა ხუარასანს ბრძოლად ბარახა ყაენისა, მაშინ ზემოჴსენებულმან თეგუდარ წარმოავლინნა სამნი მჴედართ-მთავარნი მისნი დედაწულითა და ბარგითა მათითა, სახელით სეგზი ბადურ, და აბიბახა, და თოლაქ დემურ, და მეოთხე ჯოლაქა. წარმოვიდეს და მოვიდეს და დადგეს მთასა ზედა, რომელი აღმოივლის შტოდ კავკასისა, რომელ არს ლიხი. და ვითარ წარვლეს დასავლით კერძო, რომელსა უწოდენ ღადოდ, და ამათსა შესაყარსა დემოთისასა, დადგეს თათარნი ადგილსა, რომელსა ეწოდების ლომისთავი, და მიერ არბევდეს ჯავახეთსა ვიდრე ფარავნამდე. მაშინ მუნ მდგომთა თათართა ჩამოვლეს ეკერის ჴევი, და განვლეს აწყუერს ზედა ფონი მტკურისა, და განვიდეს ჯავახეთს და მუნ დახუდა ჯოგი კახა თორელისა, რომელსა აქუნდა პატივად მეჭურჭლეთ-უხუცესობა, და ყურუმჩის ვისმე ჯოგი ათასისა მჴედრისა თავადისა, არა ალიყანისა შვილი, ყურუმჩისი, არამედ სხჳსა ვისმე, და წარმოიღეს და მომართეს სადგურსა მათსა ლომისთასა. ესმა ყურუმჩი ბადურსა, და მოუწოდა კახას თორელსა და დევნა უყვეს. ხოლო თეგუდარიანნი განსრულ იყვნეს მტკუარსა, სადა მოერთვის წყალი გურკლისა, და ესენი მივიდეს პირსა მტკურისასა, რამეთუ იყო სიმრავლე ფრიადი თათრისა და ქართველთა სპისა. რამეთუ ისინი მცირედნი იყვნეს, იძიეს ღონე, თოლაქ დემურ განვლო მტკუარი ოცდაათითა კაცითა უგრძნაულად და სხუანი დაუდგეს პირსა მტკურისასა.
თოლაქ დემურ აღვლო ჴევი და აღვიდა ქედსა, და აღაბა ალამი რამე სხუა დროშისა, და მოეტევა ჴმითა მაღლითა. და ვითარ იხილა ყურუმჩი ბადურ წინათ და უკანა კერძო ლაშქარი, ჰგონა სიმრავლე სპისა მის და შეშინებულ იქმნა, და ივლტოდა მსწრაფლ შეშფოთებული, სადა-იგი სიმრავლე მოიკლა კაცთა კეთილთა, და ორთა კოხტელთა მიიღეს აღსასრული, და სამძივარი ცხენ-მოკლული ჭურვით ივლტოდა და აწყუერს შევიდა, მჴედართ-მთავარი თათართა ყურუმჩი ბადურ მო[ი]კლა, და უწესოდ დაბნეულნი, გზისა მეოტისა ვერ დამპყრობელნი შეივლტოდეს მთად რუგეთისა, აღმართსა ძნელ-სავალსა, სოფელსა, რომელსა რქჳან კჳრიკე-წმიდა. დაბრუნდეს, და გამარჯუებულნი მივიდეს ყაენის ძმისა თეგუდარისა თანა. და ალაღებული თეგუდარ გარდამოვიდა ქართლს, და მოაოჴრებდა ყოველსა ქართლსა.
მაშინ ევედრა ყაენი აბაღა მეფესა დავითს, რუსუდანის ძესა, რათა არღარა შეეწიოს და არცა შეუშვას თეგუდარ, და ნიჭთა დიდთა აღუთქმიდა, რამეთუ იჭჳსა მქონებელი ღალატ[ი]სა თეგუდარის ყმათაგან განცხადებულად მცნობელი, თჳნიერ თეგუდარის კითხვისა, ერჩდა აბაღას დავით მეფე, და შეკრა გზანი, რომელ არღარა შეისლვებოდა ცხენითა. ხოლო თეგუდარ არა უწყოდა; და ვითარ ცნა აბაღა, რამეთუ არღარა შეეწევის მეფე დავით, გარნა წერილ არს, ვითარ აფროსინელთა შინა სიტყუა, იტყჳს ვინმე, იბრძოლებოდეს რა ანტიპატროს და ყრმა კასანდროს მოაკუდინა, -- ცნა აბაღა ყაენმან და წარმოავლინა მჴედართ-მთავარი მისი სირმონ ბადური, და სხუანი მთავარნი ნოინნი, და სპისა სიმრავლე, და მოვიდეს თრიალეთს, და მოუწოდეს მეფესა დავითს და სპათა მისთა. რამეთუ მეფე სნეულობდა მას ჟამად.
და წარმოავლინა ყოველნი მთავარნი მისნი, სირმონს თანა, და შთავიდა სირმონ ქართლად. და ცნა თეგუდარ მოსლვა სირმონისი, წინა განაწყო სპა მისი, და იქმნა ბრძოლა ძლიერი, და მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ, და ესწრა ღამე და გაიყარნეს რა გათენდა, განეწყუნეს ურთიერთას პირისპირ. იქმნა ბრძოლა ძლიერი, და სპა მეფისა წინამბრძოლობდა, და ვითარ აღერივნეს ურთიერთას, ივლტოდა სპა თეგუდარისა, მიმოდაიბნივნეს, მოისრნე და უჩინო იქმნეს. და დარჩეს თეგუდარ და ძე მისი მცირე უღონოქმნულნი, მივიდეს სირმონს თანა, და ევედრა, რათა ყაენი აბაღა იხილოს მან და ძემან მისმან. ისმინა სირმონ, გარნა დააპატიმრნა, და აღიღო ტყუედ დედაწული მისი და ყოველი სიმდიდრე და ბარგი და საქონელი და ჯოგი, და მივიდა აბაღას წინაშე, და მიიყვანა თეგუდარ და ძე მისი. ხოლო აბაღა არა ავნო რა, რამეთუ იყო კაცი მოწყალე და შემნდობელი, ვითარ ზემორე ვთქჳთ, და წარგზავნა ქუეყანასა ერაყისასა, და მისცა ათორმეტი კაცი მას და ძესა მისსა, საზრდელი და შესამოსელი უხუად, ქორ-შავარდენი და ავაზა, და განუჩინა სარჩომი, რომელ არა აკლდეს, და მცველნი დაუდგინნა, რათა არღარა გაუშუას მამულსა მისსა. და ესრეთ განსუენებით იყოფოდა და აღსრულდა. და ყაენმან აბაღა მრავალნი ნიჭნი და ძღუენი წარავლინა მეფესა დავითს წინა, და ქართლს მრავალნი სოფელნი და ატენი მისცნა.
მაშინ წარვიდა ყაენი სიბად, და თანა წარიტანა დავით მეფე. და იყო ჟამი ზამთრისა, და რა ზაფხული მოიწია, წარმოვიდეს, და მგზავრ მომავალსა მეფესა შეედვა სალმობა მუცლისა. და ვითარ მკურნალთა ვერ უძლეს კურნებად, მაშინ ევედრა ხატსა მას მარტომყოფისასა, და მივიდა მის წინაშე, ვითარ ჩუეულ იყო, რამეთუ პირველ ამისსა მუცლისა სნეულებითა შეპყრობილ იყო და ვითარ მკუდარი იდვა, უსიტყუოდ, და აღედგინა ხატსა ჴორცშესხმულისა ღმრთისასა. ხოლო აწ არღარა პოვა ლხინება, ამისთჳს რომელ მოაკლო ღმრთისმსახურება, და იწყო რღუევად საყდართა და შლად. ამისთჳს აღიღო ღმერთმან ჴელი წყალობისა, და პირველ წელთა მოკუდა ძე მისი პირმშო გიორგი, სიკეთე-აღმატებული, და აქა მიიცვალა დავითცა მწუხარებითა ძისათა.
და ესუა სხუაცა ძე, კეთილ-მოჴსენებული, მჴნე და ქველი, სახელით დიმიტრი, რომელი შემდგომად მეფე იქმნა. ხოლო ამან დავით რა დაასრულა ცხოვრება, დამარხეს სმეარხოსა მეფეთასა მცხეთას. ხოლო თქმულ არს ესეცა, ვითარმედ წამლისა მიერ აღსრულდა, ცოლისა მისისა ესუქნის მიერ მიცემითა წამლისათა. ვითარ სიტყჳსმოქმედი იტყჳს მაკედონელისა მის დიდისა მიდოსით თავ-მტკივნეულობად მყოფისა და იჭჳსა წამლისასა მიდოს[ის] და ანტიპატროს მიერ მიცემისა ეგრეთვე დავითისა თქულ არს ესუქნის მიერ, შურისათჳს ბასილი უჯარმელისა, რომელი მოაკუდინა მეფემან, უწესოებისათჳს; რამეთუ თანა ეყო ბასილი ესუქნის, და არა რიდა საწოლსა პატიოსანსა მეფისასა, და ჩოჴანიცა აღიჴადა, და მთავრობა მიიტაცა, ამის უწესოებისათჳს მოიკლა ბასილი. ვინათგან მოიწია უნუგეშინისცემო ყოველთა მკჳდრთა საქართველოსათა, რამეთუ მიიცვალა მწუხარება მეფე დავით, იგლოვეს წესისაებრ, და მრავალი ნიჭი გასცეს ეკლესიათა საყდართა და გლახაკთა საჴსენებლად მისა. გარნა მწუხარე იყვნეს ქართველნი, რამეთუ მეფე დიმიტრი მცირე იყო, და არა ძალედვა მეფობა. ამისთჳს უმრავლესნი წარვიდეს და მსახურებდეს ყაენსა, რამეთუ ვერცა დავით მეფემან სწუართნა ერისთავნი, შიშისათჳს ყაენისა.
მაშინ ზემოჴსენებულნი ღალღურ და რაჭის ერისთავი კახაბერი შეიზრახნეს ურთიერთას, რათა განუდგენ მეფესა დავითს, რუსუდანის ძესა და წარვიდეს ყაენს აბაღას წინაშე, და ეზრახნეს ალიყანს ბადურს, რომელი დგის მთათა ჯავახეთისათა, და მან აცნობა ყაენსა. ხოლო მან ნიჭნი დიდნი აღუთქუნა, და წარვიდა ღალღურ, და კახაბერის-ძე კახაბერი, რომელი იყო თესლით ბოროტი, ვითარ გუაწყებს წიგნი მეფეთა ბაღუშისთა და ნათესავთა მისთა. რამეთუ მოიწივნეს ყაენს წინაშე, შეიწყნარნა, და მოუწოდა სირმონ ნოინსა და რქუა: "მეფე დავით ესეოდენთა განდგომილებათა იქმს, რამეთუ მისსა არა კმა იყოფს, და ყოველთა განდგომილთა ჩუენთა თანა შეეწევის, ვითარ თეგუდარს, და აწ ღალღურს. ხოლო მე ნიჭნი დიდნი და პატივნი წინა უყვენ თეგუდარისთჳს და კუალად ღალღურ შეიწყნარა; აწ მნებავს, რათა შური ვიგოთ მის ზედა. და ესმა რა კახაბერსა, წარსდგა და თქუა: "უკეთუ ნებავს ყაენსა შურისგებად დავით მეფესა ზედა, მე მისთჳს მოვსულვარ, ვიცნი გზანი შესავალნი, და წარვასხამ ლაშქართა, და ვგონებ, რომელ მეფე ჴელთ ვიგდო. და ღალღურცა იცის გზა და ძალი ქუეყანისა მათისა".
მაშინ უბრძანა ყაენმან აბაღა სირმონ-ნოინს, ალიყანს, და თაიჩოს, და აბჩის, რათა ილაშქრონ მეფეს დავითს ზედა. და შეკრიბეს სიმრავლე ლაშქრისა სამი ბევრი, და გამოვლეს თრიალეთი, და გარდავლეს მთა ლიხისა, და ზედა დაესხნეს ქუთათისს აბანოსა შინა მყოფსა მეფესა, და ძლით შეესწრა ცხენსა, ერთითა კაბითა მარტო ივლტოდა, ხოლო თათართა მოაოჴრეს ეკლესიანი, და მრავალი სული ქრისტიანე მოიკლა და ტყუე იქმნა, და უვნებელად მივიდეს ყაენს წინაშე. ხოლო მეფე, საკჳრველებით დაცვული ღმრთისა მიერ, განერა და ვერ ესწრა მეფე ომსა მათსა, რამეთუ მსწრაფლ უკუნიქცეს თათარნი.
წელსა მესამესა კუალად წარმოვიდეს სირმონ და ალიყან აბაღას ბრძანებითა შეპყრობად მეფისა, რამეთუ დაემსტურა კახაბერსა, და არაღარა ჰგონებდა მისლვასა თათართასა. დაესხნეს კუალად, და მეფემან მიჰრიდნა, და მოაოჴრნეს ქუეყანანი. და ვითარ ცნეს შეყრა და ზედა-მოსლვა მეფისა, ივლტოდეს თათარნი მსწრაფლ, მასვე დღესა, ტყჳთა და ალაფითა.
ამათ ჟამთა სადუნი მანკაბერდელი განდიდებულ იყო უმეტეს ყოველთა მთავართა მის ჟამისათა, რამეთუ შეიყუარა ყაენმან აბაღა, და იწყო ურვად საქმეთა საქართველოსათა, რამეთუ ასული პატრონისა მისისა, ავაგ ათაბაგისა, შევედრა სადუნსა, და ხუაშაგმან ეჯიბობაცა მისცა. მაშინ შეკრბეს ყოველნი დიდებულნი საქართველოსანი და წარიყვანეს მეფის ძე დიმიტრი ურდოსა, და მივიდეს შანშეს მისა ივანეს თანა მანდატურთ-უხუცესსა, და წარჰყვა იგიცა ურდოსა. და მიიყვანეს ყაენს წინაშე ურდოსა და დაუურვეს მეფობა. და ვითარ იხილა ყაენმან დიმიტრი, შეიწყალა და შეიყუარა, რამეთუ იყო ქმნულ-კეთილი და შუენიერი ხილვად, და მოსცა ყოველი სამეფო თჳნიერ სარგის ჯაყელისა, და წარმოატანა თანა სადუნი, რომელსა უბოძა მეფემან დიმიტრი ათაბაგობა. და მოვიდა ტფილისს, და დასუეს ტახტსა მამათა მათთასა, დააღასრულეს. წესი კურთხევისა კათალიკოსმან და ეპისკოპოსთა და ყოველთა მთავართა საქართველოსათა ჰერეთით, კახეთით, სომხითით, ქართლით, ჯავახეთით, და ტაოთ რომელნი შეკრებილ იყვნეს. და იყო მადლობა ღმრთისა და სიხარული დიდი, განცემა გლახაკთა და ობოლთა და დავრდომილთა ზედა, რათა წარემართოს მეფობა დიმიტრისი, და კეთილად განგება საქართველოსა.
გაგრძელება
ქართლის ცხოვრება