თანამედროვე სამეცნიერო კვლევის ასოციაცია

ქართლის ცხოვრება
სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტომი 1, თბილისი 1955

ტექსტი გადმოღებულია ტიტუს პროექტის ელექტრონული გამოცემიდან პორფ. იოსტ გიპპერტთან შეთანხმებით:
TITUS Project, მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტი

ტექსტის აკადემიური ვერსიის მისამართი: Leontius Ruensis - Vitae Nino


ლეონტი მროველი


მოქცევა მირიან მეფისა და მის თანა ყოვლისა ქართლისა წმიდისა და ნეტარისა დედისა ჩუენისა ნინო მოციქულისა მიერ


პირველად ვაჴსენოთ ცხოვრება წმიდისა და ნეტარისა დედისა ჩუენისა და ყოვლისა ქართლისა განმანათლებელისა ნინო მოციქულისა, რომელი-ესე თჳთ მან-ვე ნეტარმან მოგჳთხრა ჟამსა აღსრულებისა მისისასა, რომელი აღწერა მორწმუნემან დედოფალმან სალომე უჯარმელმან, ძის ცოლმან მირიან მეფისამან, ასულმან თრდატ სომეხთა მეფისამან.

და იყო მათ ჟამთა შინა, ოდეს წმიდა გიორგი კაბადუკელი იწამა ქრისტესთჳს, იყო კაბადუკიათ ქალაქით კაცი ვინ-მე, მთავართა შესაბამი მონა ღმრთისა, სახელით ზაბილონ, და ესე წარვიდა ჰრომედ წინაშე მეფისა მსახურებად და ნიჭისა მოღებად მისგან. და მათ-ვე დღეთა შინა კაცი ვინ-მე იყო კოლასტრას შინა, და ესხნეს მას ორ შვილ, ძე და ასული: და სახელი ძისა მისისა იობენალი, ხოლო ასულისა სოსანა. და აღესრულნეს მეუღლენი იგი, და დარჩეს და-ძმანი იგი ობლად, და აღდგეს და წარვიდეს იგინი .ქალაქად წმიდად იერუსალემად. და იმედ ყვეს იმედი იგი ყოველთა ქრისტიანეთა წმიდა აღდგომა, და მიევედრნეს მუნ. ვინა-ცა ძმა ესე იობენალი მიემთხჳა დევტალარობასა, ხოლო დაჲ იგი მისი სოსანა მსახურებდა ნიაფორსა სარა ბეთლემელსა.

ხოლო ესე ჭაბუკი კაბადუკელი, სახელით ზაბილონ, რომელი ვაჴსენეთ, მიიწია ჰრომედ წინაშე მეფისა. და აღდგომილ იყვნეს მას ჟამსა ბრანჯნი ბრძოლად ჰრომთა, ველსა ზედა პატალანისასა. და მოსცა უფალმან ძალი ზაბილონს, ჭაბუკსა მას კაბადუკელსა, უძლეველი, და ქმნა წინა-აღდგომა მტერთა მიმართ უზომოთა, და აოტნა ბრანჯნი, და შეიპყრა მეფე ბრანჯთა და ყოველნი იგი მთავარნი მათნი, და მიიყვანნა იგინი წინაშე მეფისა. ხოლო მეფემან განაწესა სიკუდილი მათი. მაშინ იწყეს ტირილად ბრანჯთა მათ, და ევედრებოდეს ზაბილონს: "მოგუეც პირველად სჯული თქუენი და შეგჳყვანენ ტაძარსა ღმრთისა თქუენისასა, და მაშინ-ღა იყავნ სიკუდილი ჩუენი. რამეთუ შენ-ვე გჳპყრენ და შენ-ვე ყავ ესე ჩუენ ზედა, და უბრალო იქმნე სისხლისა ჩუენისაგან, ახოვანო".

ხოლო ზაბილონს ვითარცა ესმა ესე, მსწრაფლ აუწყა მეფესა და პატრიაქსა სიტყუა მათი. და მოსცეს ნათელი ჴელსა ქუეშე ზაბილონისსა. და შეიყვანნეს ტაძარსა შინა ღმრთისასა, აზიარნეს წმიდათა საიდუმლოთა, ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა, და უჩუენნეს მათ დიდებანი იგი მოციქულთანი.

და დილეულ ადრე ადგეს ბრანჯნი იგი, და შეიმოსეს სამოსელი სამკუდრო, და განვიდეს ადგილსა მას კაცის სამკლველოსა და სისხლის დასათხეველსა, ილოცვიდეს და ჰმადლობდეს ღმერთსა ნათლის-ღებისათჳს და იტყოდეს: "ჩუენ სიკუდილსა შინა უკუდავ ვართ, რამეთუ ღირს გუყვნა ღმერთმან ესე-ვითარსა დიდებასა მიღებად საგზალსა მას დაულევნელსა, ჴორცსა და სისხლსა ქრისტეს ძისა ღმრთისა უკუდავისასა, რომელი უმაღლეს არს ყოველთა მთათა და უქუესკნელეს ყოველთა უფსკრულთა, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე. ხოლო ვაი ნაშობთა ჩუენთა, ნაყოფთა სიმწარისათა და მკჳდრთა ბნელისათა". და ჴმობდეს: "მოვედინ მეჴრმლე და აღიხუენ თავნი ჩუენნი ჩუენგან".

ამას რა ხედვიდა ზაბილონ, აღიძრა გონებითა და ტიროდა მწარედ, რამეთუ ვითარცა ცხოვართა თავნი მათნი წარკუეთად მოიდრიკნეს, და მოსიკუდიდ მიეპყრნეს, და ვითარცა კრავთა შვილთა მათთა საწყალობელად იგლოვდეს.

მაშინ მოწყალე ქმნული მათთჳს შევიდა ზაბილონ წინაშე მეფისა და გამოითხოვნა იგინი მეფისაგან სამკუდროდ შეკაზმულნი, და მიმადლნა მეფემან და რქუა: "მიმინიჭებია იგინი შენდა, და რაჲ-ცა გნებავს უყავ მათ". და განუტევნა იგინი.

ხოლო იგინი ევედრებოდეს ზაბილონს, რათა წარყვეს ქუეყანასა მათსა და მისცეს. სჯული ქრისტესი, ნათლის-ღება წყლითა ყოველსა ერსა მათსა. ხოლო მან ისმინა ვედრება მათი, და მოითხოვა მღდელი პატრიაქისაგან; და ბრძანება მოიღო მეფისაგან. და წარვიდეს სიხარულით.

და ვითარ მიეახლნეს დღისა ერთისა სავალსა, მივიდა წინა ამბავი, ვითარმედ: "მეფე ცოცხალი არს, მოვალს, და ყოველნი მთავარნი მის თანა". მაშინ შეიძრნეს ათნი საერისთაონი: ხოზამა, ხოზა, გაახილაჯა, ტენებაგა, ხინგარაგი, ზიჯა, ზაგა, ზადა, ზარმა და თმონიდი სამეფო. და მიეგებვოდეს ესე ყოველნი მდინარესა ზედა დიდსა და ღრმასა.

და განყო მეფემან ერი იგი და დაადგინა წყალსა იმიერ და ამიერ. და აკურთხეს მღდელთა მათ წყალი იგი, და შთაჴდა ყოველი ერი იგი წყალსა მას, განიბანნეს და აღმოვიდეს აღმოსავალსა ერთსა, და დასდებდა ზაბილონ ჴელსა თჳსსა ყოველსა მას ერსა. და იყო მუნ ათ დღე. და აზიარნა ერნი იგი ყოველნი საიდუმლოსა ქრისტესსა, დაუტევნა მღდელნი და განუწესა ყოველი წესი ქრისტიანობისა.

ამისა შემდგომად იჯმნა მათგან, დაუტევა მშჳდობა ყოველთა და წარვიდა, ნიჭითა დიდითა, ჰრომედ, და განიზრახა გონებასა თჳსსა: "წარვიდე იერუსალემად და ვამსახურო ნიჭი ესე ჩემი ადგილთა ღმრთისათა". წარვიდა იერუსალემს და, ვითარ მიიწია იერუსალემად, განუყო ყოველი იგი მონაგები თჳსი გლახაკთა, მცნებისათჳს ღმრთისა. და იხილა, რამეთუ პირველ ჴსენებული იგი დევტალარი პატრიაქ ქმნილ იყო; და ფრიად დაიმეგობრნეს ურთიერთას ზაბილონ და პატრიაქი იგი.

მაშინ რქუა სარა ნიაფორმან პატრიაქსა ესრეთ, ვითარმედ: "ესე ზაბილონ, მამა და ემბაზი ბრანჯთა, კაცი სრული ღმრთის-მოშიშობითა და სიბრძნითა არს ყოვლად-ვე: მიეც უკუე დაჲ შენი სოსანა ცოლად მისდა. ვინა-ცა სთნდა წმიდასა პატრიაქსა განზრახვა ესე სარა ნიაფორისა, და მისცა სოსანა ცოლად ზაბილონს, და წარვიდა ზაბილონ თჳსად ქალაქად კოლასტრად.

ესე წმიდა ნინო, მოძღუარი ქართლისა, მათგან იშვა ოდენ მხოლოდ, თჳნიერ სხჳსა შვილისა. და აღზარდა დედამან მისმან სოსანა მსახურებასა შინა გლახაკთასა.

ხოლო ვითარ იქმნა ნინო თორმეტისა წლისა, მაშინ განყიდეს მშობელთა მისთა ყოველი-ვე, რა-ცა აქუნდა, და წარვიდეს იერუსალემად და განუყვეს გლახაკთა. ხოლო მი-რა-იწივნეს იერუსალემად (!), მაშინ ზაბილონ დაიწერა ჯუარი პატრიაქისაგან და იჯმნა ცოლისაგან თჳსისა, და შეიტკბო მკერდსა თჳსსა ასული თჳსი წმიდა ესე ნინო, და დაყარნა, ვითარცა წყარონი, ცრემლნი თუალთაგან პირსა მისსა და რქუა: "შენ მხოლოო ასულო ჩემო, ესე-რა დაგიტეობ ობლად ჩემგან და მიგათუალავ შენ მამასა ზეცათასა და ყოველთა მზრდელსა ღმერთსა. რამეთუ იგი არს მამა ობოლთა და მსაჯული ქურივთა. ნუ გეშინინ, შვილო ჩემო, ხოლო შენ მარიამ მაგდანელისა შური აღიღე ქრისტეს სიყუარულისათჳს და დათა მათ ლაზარესთა. და უკეთუ შენ ეგრეთ შეიყუარო იგი, ვითარცა მათ შეიყუარეს, მან ეგრეთ-ვე მოგცეს შენ ყოველი-ვე, რა-ცა ითხოვო მისგან.

ხოლო ესე-რა თქუა, დაუტევა ამბორის-ყოფა საუკუნო და წარვიდა წიაღ იორდანესა კაცთა მათ თანა ველურთა, სადა-იგი ყოფა მისი უწყის ღმერთმან, ყოვლისა მეცნიერად დამბადებელმან.

ხოლო დედა იგი წმიდისა ნინოსი მისცა პატრიაქმან მსახურად გლახაკთა დედათა და უძლურთა. და წმიდა ნინო მსახურებდა ნიაფორსა სომეხსა დვინელსა ორ წელ, და ჰკითხვიდა ყოვლად-ვე ვნებათა მათთჳს ქრისტესთა: ჯუარ-ცმისა, დაფლვისა და აღდგომისა მისისა, და სამოსლისა მის და ტილოთა და სუდარისა, და ჯუარისა და სხჳსა ყოვლისა-ვე შემდგომითი-შემდგომად გამოეძიებდა, რამეთუ არა-ვინ ყოფილ-იყო და არ-ცა-ვინ იყო შორის იერუსალემისა სწორ მისსა მეცნიერებითა სჯულისა, ძუელისა და ახლისათა, ყოველსა-ვე ზედა-მიწევნით. ხოლო იწყო უწყებად მისა და რქუა: "ვხედავ, შვილო ჩემო, ძალსა შენსა ვითარცა ძალსა ლომისა ძუისასა, რომელი იზახებნ ყოველთა ზედა ოთხფერჴთა, გინა ვითარცა ორბი დედალი, რომელი აღვიდის სიმაღლესა ჰაერთასა უფროს მამლისა, და ყოველი ჴმელი გუგასა შინა თუალისა მისისასა მცირისა მარგალიტისა სწორად შეიყვანის, განიხილის და განიცადის საჭმელი მისი ცეცხლებრ. ხოლო იხილის რა, მიუტევნის ფრთენი და მიეტევის მას ზედა. ეგრეთ-ვე სახედ იყოს ცხოვრება შენი წინამძღურებითა სულისა წმიდისათა.

ხოლო აწ ვიწყო და მიგითხრა ყოველი-ვე. რამეთუ ოდეს იხილეს ღმერთი იგი უკუდავი კაცთა მოკუდავთა ქუეყანასა ზედა, რომელი მოსრულ იყო მოწოდებად წარმართთა, ვითარცა თჳთ უნდა ჴსნა სოფლისა, იწყო კეთილის ყოფად ჰურიათა: მკუდართა აღდგინებად, ბრმათა ახილვად, სნეულთა განკურნებად. რომელი-ესე შეიშურვეს და შეიზრახნეს, და წარავლინეს სტრატიოტნი ყოველსა ქუეყანასა მსწრაფლ მოსლვად ჰურიათა და თქუეს, რამეთუ: "აჰა, ესე-რა წარვწყმდებით, მოვედით და შემოკერბით ყოველნი".

მაშინ მოიწივნეს ყოვლით ქუეყანით კაცნი ურიცხუნი, სწავლულნი სჯულსა მოსესსა, რომელნი-იგი წინააღუდგეს სულსა წმიდასა, და რა-იგი ჯერ იყო ყოფად ქრისტესსა, მათ აღასრულეს: რამეთუ ჯუარს აცუეს და სამოსელსა მისსა ზედა წილი იგდეს, და ხუდა წილითა მით ჩრდილოელთა მცხეთელთა მოქალაქეთა. ხოლო დაფლეს რა მათ ჰურიათა ქრისტე, და დაკრძალეს და დაბეჭდეს საფლავი იგი მისი. არამედ იგი აღდგა, ვითარცა თქუა პირველად, და ტილონი იგი პოვნეს საფლავსა მას შინა. ვითარ განთენა, ესე ყოველი წარმოიცა. და მოვიდა პილატე-ცა და ცოლი პილატესი ქრისტეს საფლავად. და ტილონი იგი, ვითარ პოვნეს, მოიხუნა ცოლმან პილატესმან და წარვიდა მსწრაფლ პონტოდ, სახლად თჳსად, და იქმნა მორწმუნე ქრისტესა.

ხოლო შემდგომად ჟამთა რა-ოდენთა-მე მივიდეს წელთა ლუკა მახარებლისათა, და დასხნა მან იგინი სადა-ცა თჳთ უწყის. ხოლო სუდარი არა იპოვა, დაღაცათუ თქუეს ვიეთ-მე პეტრესთჳს, ვითარმედ: "ჴელ-ეწიფა ახუმად-ო და აქუნდეს მას-ო". არამედ განცხადებულად არა გჳთხრეს, ვითარ სხუა იგი. ხოლო ჯუარნი იგი ამას-ვე ქალაქსა შინა იერუსალემსა დამარხულ არიან, გარნა ადგილი მათი არა-ვინ უწყის; ოდეს ინებოს ღმერთმან, გამოჩნდეს იგინი-ცა". ვითარცა ესმა ესე ყოველი წმიდასა ნინოს სარა ნიაფორისაგან, მაშინ შეწირა ღმრთისა მადლობა და აკურთხა. და კუალად ჰკითხა მას, თუ "სადა არს ჩრდილოსა. იგი ქუეყანა, სადათ-იგი მოსრულთა მათ ჰურიათა წილ ხუდა და წარიღეს სამოსელი იგი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი". მიუგო და რქუა სარა ნიაფორმან, ვითარმედ: "არს აღმოსავლეთით ქალაქი სახელით მცხეთა, ქუეყანა ქართლისა და სომხითისა -- მთეულეთი საწარმართო, არამედ ჟამსა ამას უჟიკთა საჴელმწიფოდ შექმნილ არს იგი".

ხოლო მათ დღეთა შინა მოვიდა დედა-კაცი ვინ-მე ეფესოთ თაყუანის-ცემად წმიდისა აღდგომისა, და ჰკითხვიდა დედა-კაცსა მას სარა ნიაფორი, ვითარმედ: "ელენე დედოფალი ეგრეთსა-ვე ცთომილებასა და ბნელსა შინა არს-ა"? ხოლო მან რქუა ესრეთ, ვითარმედ: "მე ვარ მჴევალი მათი და მეცნიერი განზრახვასა მათსა ყოველსა, ცხადსა და დაფარულსა, და უწყი მე მისი, რამეთუ აქუს მას დიდი წადიერება ქრისტეს სჯულისა და ნათლის-ღებისათჳს".

ხოლო ესმა რა ესე დედა-კაცისა მისგან წმიდასა ნინოს, რქუა ნიაფორსა ესრეთ, ვითარმედ: "წარმგზავნე მე და მივიდე წინაშე დედოფლისა ელენესსა, ნუ უკუე მივიახლო მის წინაშე სიტყჳს-გებად ქრისტესთჳს". ხოლო ნიაფორმან აუწყა პატრიაქსა წადიერება ესე და საქმე ნინოსი. ხოლო დედის-ძმამან მოუწოდა წმიდასა ამას ნინოს, დის-წულსა თჳსსა, და დაადგინა იგი აღსავალსა წმიდისა საკურთხევლისასა; და დასხნა ჴელნი მისნი წმიდანი მჴართა მისთა ზედა, სულთ-ითქუნა ცად მიმართ სიღრმითა გულისა მისისათა და თქუა: "უფალო, ღმერთო საუკუნეთაო, ჴელთა შენთა შევვედრებ ობოლსა ამას შვილსა დისა ჩემისასა, და წარვავლინებ ქადაგებად ღმრთეებისა შენისა, რათა ახაროს აღდგომა შენი; სადა-ცა სათნო იყო სრბა მისი, ექმენ, ქრისტე ღმერთო, ამას მოგზაურ, ნავთ-სადგურ, მოძღუარ და ენა-მეცნიერ, ვითარცა-იგი წინათა მათ მოშიშთა სახელისა შენისათა".

და უჯმნა დედისაგან თჳსისა ამბორის-ყოფითა განშორებისათა და გამოსახა მას ზედა სასწაული ჯუარისა; და ესრეთ ლოცვითა ღმრთისა მიმართ და კურთხევითა განუტევა.

და წარემართა წმიდა ნინო დედა-კაცისა მის თანა, ეფესოთ მოსრულისა, და ვითარ მიიწივნეს სამეფოსა ჰრომს სახიდ დედა-კაცისა, რომლისა-იგი თანა-მოგზაურ იქმნა, პოვეს მუნ დედოფალი ვინ-მე მეფეთა ნათესავი, სახელით რიფსიმე, და დედა-მძუძე მისი გაიანე, მონასტერსა შინა ქალწულთასა, რომელთა ქრისტეს აღსარებისათჳს სუროდა და ელოდეს იერუსალემით ნათლის-ღებასა.

მაშინ დედა-კაცმან მან მოიყვანა წმიდა ნინო და მისცა წმიდასა რიფსიმეს, და აუწყა საქმე მისი, რომელი-იგი იხილა რა ქრისტეს მოყუარემან რიფსიმე, სიხარულით შეიტკბო და შეიწყნარა სახიდ თჳსად, წინაშე მისსა, წმიდა ნინო ჴელითგან მის დედა-კაცისა თანა-მოგზაურისა.

და ესრეთ იყოფვოდა რა მის თანა წმიდა ნინო, მას-ვე შინა წელიწადსა ნათელ-იღო რიფსიმე, რომლისათჳს იგი სურვიელ იყო; მის თანა გაიანე-ცა დედა-მძუძემან მისმან და სხუათა მათ სახლეულთა მისთა, რიცხჳთა ორმოცდაათმან სულმან სხუამან; და უმრავლესთა მათგანთა ჴელსა ქუეშე წმიდისა ნინოსსა ნათელ-იღეს. და წარვიდეს ესე ყოველნი მონასტერსა თჳსსა. და იყო მათ თანა წმიდა ნინო ორ წელ.

მათ დღეთა შინა გამოგზავნნა კეისარმან ძებნად ქალისა ქმნულ-კეთილისა და შუენიერისა, რათა-მცა უპოვეს ღირსი ცოლად მისა. და ვითარ მოიწივნეს მონასტერსა მას ქალწულთასა მეძიებელნი იგი, და იხილეს რიფსიმე, და განიცადეს ხატი მისი და გამოიკითხეს გუარი მისი, რამეთუ არა-ვინ იყო მსგავსი რიფსიმესი სახითა. და გამოსახეს ხატი მისი ფიცარსა ზედა, და წარგზავნეს წინაშე კეისრისა. სთნდა კეისარსა და აღივსო სიხარულითა, და განაწესა აღსრულება ქორწილისა. მრავლითა სიხარულითა, რომლისთჳს-ცა მსწრაფლ წარავლინნა მოციქულნი და განმგებელნი ყოველთა შინა საბრძანებელთა მისთა, რათა ყოველნი ძღუნითა შემოკრბენ და დიდითა სიხარულითა მოვიდენ ბრძანებასა მეფისასა და ქორწილსა სამეუფოსა.

ხოლო იხილეს რა ყოვლად წმიდათა მათ დაფარული იგი მანქანება მტერისა და ისარნი მისნი განჴურვებულნი, რომლითა-იგი ისწრაფდა სისრად წმიდათა ქალწულთა, იურვოდეს, რამეთუ ჭური რისხჳსა იპოვა მეფე, ვითარცა გუელი რომელ სამოთხესა შინა მსახრველ ექმნა, ეგრეთ-ვე აქა მსგავსად მისსა უსჯულო ესე, რომელსა აქუნდა შეგინებული თაყუანის-ცემა ბილწთა და საძაგელთა კერპთა.

ხოლო იხილეს რა ნეტარმან რიფსიმე, გაიანე და სხუათა მათ წმიდათა და ყოვლად ქებულთა დედათა განსაცდელი ესე მათ ზედა მოწევნულად, მაშინ მოიჴსენეს მათ უბიწო იგი აღთქმა და ღირსი ქებისა მარტოებით ცხოვრება, რომელსა-იგი იყვნეს განსწავლულ, და გოდებით ტიროდეს გამოხატვით შესწავებისა მისთჳს წინაშე მეფისა უსჯულოსა შუენიერებისა წმიდისა რიფსიმესა, რომელი-იგი გამოეხატათ და წარგზავნეს. ილოცვიდეს დაუცხრომელად და უფიცხელესთა კანონთა შეაყენნეს თავნი მათნი, ევედრებოდეს ღმერთსა ყოვლად მოწყალესა მრავლითა ვედრებითა. და ერთობით განზრახვითა ურთიერთას ყოველთა-ვე დაუტევეს ქუეყანა იგი ფარულად ორმოცდაცამეტმან სულმან.

და მოვიდეს ლტოლვილნი არეთა სომხითისათა, ადგილსა მას, რომელსა ჰქჳან ახალქალაქი, უალერეს შენებულსა, რომელ არს დვინი, საყოფელი სომეხთა მეფისა. და შევიდეს მუნ საწნეხელთა ვენაჴისათა, რომელი შენებულ არს ჩრდილოთ-კერძ და აღმოსავალით, და იზარდებოდეს მუნ შინა ჴელთ-საქმრისაგან ვაჭრობით.

ხოლო კეისარი აღივსო მწუხარებითა და წარავლინნა კაცნი ყოველთა ადგილთა მოძიებად მათდა. მაშინ მოიწივნეს მოციქულნი კეისრისანი წინაშე თრდატ სომეხთა მეფისა და მოართუეს წიგნი კეისრისა, რომელსა წერილ იყო ესრეთ:

"თჳთ-მპყრობელი კეისარი საყუარელსა ძმასა და მეგობარსა და თანა-მოსაყდრესა ჩემსა თრდატს გიკითხავ. უწყებულ იყავნ ძმობა შენი და თანა შემწეობა, რომლისათჳს-იგი ყოვლად-ვე გუევნების შეცთომილისა მისგან ქრისტიანეთა ნათესავისა. რამეთუ ყოვლად-ვე შეურაცხ იქმნების ჩუენი უფლება მათისაგან კრებულისა, და საწუნელ არს ჩუენი ჴელმწიფება მათგან. რამეთუ იგინი ჯუარ-ცმულსა ვის-მე მომკუდარსა მსახურებენ და ძელსა თაყუანის-ცემენ, და ძუალებსა კაცთასა პატივ-სცემენ, და თავისა მათისა სიკუდილი უფლისა მათისათჳს დიდებად შეურაცხიეს და არა ეშინის ჰურიათაგან და ჰურიათა ჯუარ-ცმულისაგან ეშინიან და შეცდომილ არიან; მეფეთა-ც აგინებენ, ღმერთთა შეურაცხ ჰყოფენ, და ძალსა-ცა ნათლისა მზისა და მთოვარისასა და ვარსკულავთასა არად შერაცხენ, არამედ შექმნულად იტყჳან მათ ჯუარ-ცმულისა მის მიერ. და ესრეთ მიაქციეს ქუეყანა, ვიდრემდის მამანი დედათაგან და დედანი მამათაგან ცოცხლივ განეშორნეს. დაღაცათუ დიდითა ქადებითა და ფრიადითა სატანჯველითა მოვსწყჳდენით, არამედ კუალად-ცა უფროსად განმრავლდეს. ხოლო აწ შემემთხჳა მე ხილვად ნათესავისა მათისაგან ჭაბუკი ერთი ქალი, და განვიზრახე მოყვანება მისი ცოლად ჩემდა. ხოლო მას არა თუ ვითარცა მეფისა გული უთქმიდა სურვილად ჩემდა, არამედ საძულელად-ცა და არა-წმიდად შემრაცხეს. რომლითა-ცა მეოტ იქმნნეს ფარულად ჩემგან, და კერძოთა ქუეყანისა შენისათა წარმოსრულ არიან. უწყებულ იყავნ შენდა, ძმაო ჩემო, მოიძიენ იგინი და, პოვნე რა მისთანანი იგი, სიკუდილით მოაკუდინენ. ხოლო რომელი-იგი შეაცთუნნეს, შუენიერი ხატითა და სახელით რიფსიმე, ჩემდა წარმოავლინე. და უკეთუ შენ გთნდეს, თავისა შენისათჳს იგულე, რამეთუ არა-ვინ იპოვა სხუა, მსგავსი მისი, იონთა სოფელსა შინა. და ცოცხლებით იყავნ ღმერთთა მსახურებით".

ხოლო ვითარცა წარიკითხა თრდატ ბრძანება ესე კეისრისა, მსწრაფლ იწყო ძიებად მათდა, და პოვნა იგინი საწნეხელთა მათ შინა პირველ ჴსენებულთა.

და იხილა რა რიფსიმე, აღივსო გულის-თქმითა და განიხარა სიხარულითა დიდითა, და განიზრახა ცოლად მოყვანება მისი. ხოლო არა ერჩდა წმიდა რიფსიმე. მაშინ იწამა იგი, დედა-მძუძე მისი გაიანე და სხუანი მრავალნი მათთანანი, ვითარცა წერილ არს წამება მათი და სასწაული მოქცევასა შინა სომეხთასა. (რამეთუ მადლითა ღმრთისათა იქმნა მეფე თრდატ ეშუად). ხოლო რომელნი-მე მათ წმიდათაგანნი დაიმალნეს და ივლტოდეს.

მაშინ ესე წმიდა ნინო დაიმალა ეკალთა შორის ვარდისათა, რომელი-იგი ჯერეთ არა ყუაოდა მას ჟამსა. და ოდეს-იგი აღმოვიდოდეს სულნი წმიდათა მათ მოწამეთანი, იხილა წმიდამან ნინო სტეფანეს მსგავსი დიაკონი, ჩამომავალი ოლარითა ნათლისათა; და ჴელთა მისთა აქუნდა სასაკუმევლე, რომლისაგან გამოვიდოდა კუამლი სულნელებისა, რომელი ცათა დაფარვიდა, და მის თანა სიმრავლე ერთა ზეცისათა. და მათ შეერთნეს სულნი წმიდათა მოწამეთანი.

რომელი-ესე იხილა რა ესრეთ წმიდამან ნინო, ღაღად-ყო ესრეთ: "უფალო, უფალო, რად დამიტეობ მე შორის ასპიტთა და იქედნეთა". მაშინ ჴმა ესმა ზეგარდამო, რომელი ეტყოდა, ვითარმედ: "ესრეთ-ვე იყოს წარყვანება შენი, ოდეს ეგე ეკალი, რომელი არს გარემოს შენსა, ყოველი იქმნეს ვარდის ფურცელ სულნელ. აღდეგ და ვიდოდე ჩრდილოთ-კერძო, სადა-იგი არს სამკალი ფრიად და მუშაკი არა".

და წარმოვიდა მუნით წმიდა ნინო და მოვიდა ორბანთად, საზღვართა სომხითისათა, და მუნ დაიზამთრა ჭირთა შინა მრავალთა. და თუესა მეოთხესა, რომელ არს ივნისი, წარმოემართა და მოიწია მთათა ჯავახეთისათა, სადა-იგი მიემთხჳა ტბასა დიდსა გარდამდინარესა, რომელსა ჰქჳან ფარავნა. ხოლო მიხედნა რა მუნით, და იხილნა მთანი ჩრდილოსანი; რამეთუ დღეთა მათ ზაფხულისათა იყვნეს სავსენი თოვლითა და ჰაერითა სასტიკითა. და შეძრწუნდა წმიდა ნინო და თქუა: "უფალო, უფალო, მიიღე სული ჩემი ჩემგან".

და დაყო მუნ ორი დღე და ითხოვა საზრდელი მეთევზურთაგან, ტბასა მას შინა მონადირეთასა. და მწყემსნი-ცა იყვნეს მას-ვე ადგილსა და ჴუმილვიდეს საჴუმილავსა "ღამისასა სამწყსოსა მათსა ზედა; და ხადოდეს ღმერთთა მათთა არმაზს და ზადენს, და აღუთქმიდეს მათ შესაწირავთა: „ოდეს მოვიდეთ მშჳდობით-ო“.

ხოლო წმიდა ნინო მეცნიერ იყო მცირედ ენასა სომხურსა, რამეთუ პირველ ესწავლა ნიაფორისგან, და პოვა მწყემსთა მათ შორის სომხურად მზრახველი და ჰკითხა მას, ვითარმედ: „რომლისა სოფლისანი ხართ?“ ხოლო მან მიუგო და რქუა, "ვითარმედ: „დაბით ელარბინით და საფურცლით, და ქინძარელნი, რაბატელნი დიდისა ქალაქისა მცხეთისანი, სადა ღმერთნი ღმერთობენ და მეფენი მეფობენ“. და ჰკითხა, თუ „სადათ არს მცხეთა?“ ხოლო მწყემსმან მან ესრეთ ოდენ აუწყა, რომელ მდინარე გასდის ტბასა ამას მცხეთას მისლვად.

ხოლო წმიდამან ნინო დაიდვა ლოდი სასთუნალ, დაწვა და დაიძინა გარდასადინელსა მის ტბისასა. და ვითარ-იგი ეძინა, მოვიდა კაცი ერთი ჩუენებით, ასაკითა ზომი და თმითა ნახევარ-თმოსანი. და მოსცა მან წიგნი დაბეჭდული წმიდასა ნინოს და რქუა: „მიართუ ესე მცხეთას მეფესა მას წარმართთასა“. ხოლო წმიდამან ნინო იწყო ტირილად და ვედრებად მისა: „უფალო, მე დედა-კაცი ვარ უცხო და უმეცარი, და არ-ცა ვიცი ენა, ვითარ მივიდე უცხოსა ქუეყანასა და უცხოთა ნათესავთა თანა“.

მაშინ კაცმან განუჴსნა წიგნი იგი, და მისცა კითხვად, და წერილ იყო ჰრომაელებრ და ბეჭედი იყო იესოსი. დაწერილ იყვნეს წიგნსა მას შინა ათნი სიტყუანი.

ა~. სადა-ცა იქადაგოს სახარება ესე, მუნ-ცა ითქუას დედა-კაცი ესე.

ბ~. არ-ცა მამაკაცება არს, არ-ცა დედაკაცება, არამედ თქუენ ყოველნი ერთ ხართ.

გ~. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს-ცემდით მათ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა

დ~. ნათელი გამობრწყინდა წარმართთა ზედა დიდებად ერისა შენისა ისრაელისა.

ე~. სადა-ცა იქადაგოს სახარება ესე სასუფეველისა, მუნ-ცა ითქმოდის ყოველსა სოფელსა.

ვ~. რომელმან თქუენი ისმინოს და შეგიწყნარნეს მე შემიწყნარა. და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი.

ზ~. რამეთუ ფრიად უყუარდა მარიამ უფალსა, რამეთუ მარადის ისმენდა მისსა სიტყუასა ჭეშმარიტსა.

ჱ~. ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოგწყჳდნენ ჴორცნი თქუენნი, ხოლო სულისა ვერ შემძლებელ არიან მოწყუედად.

თ~. რქუა მარიამ მაგდანელსა იესო: „წარვედ, დედა-კაცო, და ახარე დათა და ძმათა ჩემთა".

ი~. სადა-ცა ქადაგებდეთ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.

ვითარცა წარიკითხნა სიტყუანი ესე წმიდამან ნინო, იწყო ვედრებად ღმრთისა მიმართ და გულის-ხმა ყო, ვითარმედ ზეცით იყო ჩუენება იგი. და აღიხილნა თუალნი ზეცად და ხვალისაგან ითხოვა შეწევნა მისი.

და შემდგომად ამისსა წარემართა მდინარესა მას ტბისასა, და იყო დინება მისი დასავლეთით-კერძო. და მიუდგა გზათა ძნელთა და ფიცხელთა, ნახნა ჭირნი დიდნი გზათაგან და შიში დიდი მჴეცთაგან, ვიდრე-ღა მიიწია ადგილსა მას, სადა წყალმან აღმოსავლით იწყო დინება. და მიერითგან იქმნა ლხინება მისი, რამეთუ პოვნა მუნ მოგზაურნი, რომელთა თანა მიიწია სანახებსა ქართლისასა, ქალაქსა მას, რომელსა ეწოდების ურბნისი, სადა-იგი იხილა ერი უცხოთა თესლთა ღმერთთა მსახური; რამეთუ ცეცხლსა, ქვათა და ძელთა ღმერთად თაყუანის-ცემდეს. რომლისათჳს-ცა შეეურვა სულსა ამის წმიდისასა და შევიდა ბაგინსა ჰურიათასა ენისათჳს ებრაულისა, და დაყო მუნ თუე ერთი, და განიცდიდა ძალსა ამის ქუეყანისასა.

მაშინ დღესა ერთსა აღიძრნეს ერნი დიდნი მით ქალაქით, წარმავალნი დიდად ქალაქად სამეუფოდ, მცხეთად, მოვაჭრებად საჴმართა რათამე და ზორვად წინაშე არმაზ ღმრთისა მათისა. და წარჰყვა წმიდა იგი მათ თანა. ხოლო ვითარ-იგი მიიწივნეს ქალაქად მცხეთად, წიაღ მოგუთასა ჴიდსა ზედა, და დადგეს მუნ. და ხედვიდა წმიდა eნინო ცეცხლის მსახურთა მათ ერთა მოგუებასა და ცთომასა; და ტიროდა წმიდა ნინო წარწყმედასა მას ზედა მათსა, და იგლოვდა უცხოებასა თჳსსა.

და აჰა ესერა, ხვალისა დღე იყო ჴმა ოხრისა და საყჳრისა; გამოვიდა ერი ურიცხჳ, ვითარცა ყუავილნი ველისანი, და ზარი საშინელი გამოვიდოდა, და ჯერეთ მეფე არღა გამოსრულ იყო. და ვითარ მოიწია ჟამი, იწყო სივლტოლა და მიდამომალვა ყოვლისა კაცისა, შიშითა საფარველსა თჳსსა შეივლტოდა. და აჰა, მყის გამოვიდა დედოფალი ნანა, და ნელიად მოვიდოდა ერი. და შეამკუნეს ყოველნი ფოლოცნი თჳთოფერითა სამოსლებითა და ფურცლითა. და იწყო ყოველმან ერმან ქებად მეფისა. მაშინ გამოვიდა მირიან მეფე საზარელითა და თუალ-შეუდგამითა ხილვითა.

და ჰკითხა წმიდამან ნინო დედაკაცსა ვისმე ჰურიასა, ვითარმედ: „რა არს ესე?“ ხოლო მან რქუა: „ღმერთი ღმერთთა არმაზ მიუწესს, რომელ არა არს მისსა გარეშე სხუა კერპი“ მაშინ მყის უკუე წარვიდა წმიდა ნინო ხილვად არმაზისსა. და აღივსნეს მთანი იგი დროშებითა და ერითა, ვითარცა ველნი ყუავილითა.

ხოლო წმიდამან ნინო შეუსწრო ციხედ არმაზად, და დადგა იგი მახლობელად კერპისა მის ნაპრალსა ზღუდისასა. და ხედვიდა საკჳრველებასა მიუწდომელსა და ენითა გამოუთქმელსა, ვითარღა იყო ზარის აღსაჴდელი იგი შიში მეფეთა, მთავართა და და ყოვლისა ერისა წინაშე კერპთა მათ წარმოდგომილთა. და იხილა წმიდამან ნინო, რამეთუ დგა კაცი ერთი სპილენძისა, და ტანსა მისსა ეცუა ჯაჭჳ ოქროსი, და თავსა მისსა ჩაბალახი მყარი, და თუალნი ესხნეს ზურმუხტი და ბივრილი, და ჴელთა მისთა აქუნდა ჴრმალი ბრწყინვალე, ვითარცა ელვა, და იქცეოდა ჴელთა შინა. უკეთუ ვინმე შეეხებინ, თავი თჳსი სიკუდილად განწირის და იტყჳნ: „ჵ ჩემდა, ნუ უკუე და-სამე-ვაკლე დიდებასა დიდისა ამის ღმრთისა არმაზისსა, ანუ შე-სამე-ვსცეთ სიტყუად ებრაელთა თანა, გინა მოგუთა თანა სმენისა; და რომელ იტყჳან უცებნი უცხოსა ვისთჳსმე ღმრთისა, ნუ უკუე პოოს რამე ბიწი და მცეს მე მახჳლი იგი მისი, რომლისაგან ეშინის ყოველსა“. და შიშით თაყუანის-ცემენ მას.

და კუალად იყო მარჯუენით მისსა კაცი ოქროსი და სახელი მისი გაცი; და მარცხენით მისსა უდგა კაცი ვეცხლისა, და სახელი მისი გაიმ, რომელნი-იგი ღმერთად უჩნდეს ერსა მას ქართლისასა.

მაშინ ტიროდა და სულთ-ითქუმიდა ნეტარი ნინო ღმრთისა მიმართ ცთომათა მათთათჳს ქუეყანისა ჩრდილოსა, მიფარვასა მათგან ნათლისასა და უფლებასა მათ ზედა ბნელისასა: რამეთუ მიხედნა მეფეთა მათ დიდ-ძალთა და ყოველთა მთავართა, რომელნი ცოცხლებით შთაენთქნეს ჯოჯოხეთსა, დაეტევა დამბადებელი, და ქუათა და ძელთა, სპილენძსა და რვალსა განჭედილსა ღმერთად თაყუანის-ცემდეს, და ესენი იცოდეს ყოვლისა შემოქმედად. მაშინ მოეჴსენა სიტყუა იგი, რომელი ამცნო იობენალ პატრიაქმან, წმიდამან მამამან, ვითარმედ: „მამაკაცსა სრულსა წარგავლინებ, და მიწევნად ხარ ქუეყანასა უცხოსა და ნათესავთა დარაგეველ ზეფელ ბაკადულ, რომელ არს ბრანჯულად: კაცთა ღმრთის მჴდომთა“.

მაშინ აღიხილნა ზეცად და თქუა: „უფალო, მრავლითა ძალითა შენითა გეცრუვნეს მტერნი შენნი და მრავლითა სულგრძელებითა შენითა იქმენ, რასაც იქმან და მოიგონებენ მტუერნი ესე ქუეყანასა ზედა. არამედ ნუ უგულებელს-ჰყოფ, რამეთუ ხატი შენი არს კაცი, რომლისათჳსცა ერთი წმიდისა სამებისაგანი კაც იქმენ და აცხოვნე ყოველი სოფელი, და მოხედენ წყალობით ამათ-ცა ზედა ნათესავთა, და შერისხენ სულთა ამათ ურჩთა სოფლის მპყრობელთა და მთავართა ბნელისათა, და შთაჴადენ ადგილთა ძნელთა. და მიჩუენე მე, უფალო, ღმერთო მამისა და დედისა ჩემისაო, მჴევალსა ამას შენსა და ნაშობსა მათსა, რათა იხილონ ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მაცხოვარება შენი და რათა ჩრდილო ბღუარსა თანა იხარებდეს და ყოველმან ენამან მხოლოსა ღმერთსა თაყუანის-გცეს ქრისტეს იესოს მიერ, ძისა შენისა, რომელსა შუენის მადლობა და დიდების მეტყუელება“.

და ვითარცა დაასრულა ლოცვა ესე წმიდამან ნინო, და წამის-ყოფა იყო ოდენ თუალისა -- აღდგეს დასავლით ქარნი და ჰაერნი, და ჴმა სცეს ქუხილითა, ჴმითა საზარელითა, და გამოჩნდეს ღრუბელნი მოსწრაფედ ნიშნითა საშინელითა. და მოიღო ნიავმან დასავალისა მზისამან სული ჯერკულისა მწარისა და ნავღლისა მყრალისა. რომელი-ესე იხილა რა სიმრავლემან ერისამან მათ ზედა მომავალად, მაშინ ივლტოდა ყოველი კაცი ქალაქად და სოფლად. მიეცა დრო, ვიდრემდის შეესწრნეს კაცნი საყოფელთა მათთა შინა. და მეყსეულად მოიწია რისხვისა იგი ღრუბელი, მწარედ სასტიკი და მოიღო სეტყუა ლიტრისა სწორი ადგილსა მას ოდენ ზედა, საყოფელსა კერპთასა. და დააწულილნა კერპნი იგი და დამუსრნა, დაარღვივნა ზღუდენი ქარმან სასტიკმან და შთააბნივნა კლდეთა ნაპრალსა. ხოლო წმიდა ნინო დარჩა მშჳდობით ადგილსა მას, სადა პირველ შესრულ იყო.

ხოლო დღესა მეორესა გამოვიდა მირიან მეფე და ყოველი იგი ერი, ეძიებდეს ღმერთთა მათთა და არა ჰპოვებდეს. რომლისათჳს-იგი დაეცა მათ შიში და ძრწოლა. და იგლოვდეს გულ-ფიცხელი ერი იგი და იტყოდეს, ვითარმედ: „ქალდეველთა ღმერთი ითრუჯან და ჩუენი ესე ღმერთი არმაზ ყოვლადვე მტერ არიან: ამან სამე მას ზედა ზღუა მოაქცია, და აწ მან შური იძია და მის მიერ მოიწია ესე“. ხოლო რომელნიმე იტყოდეს: „რომლისა ღმრთისა ძალითა თრდატ მეფე ეშუად იქმნა და მისვე ღმრთისა ძალითა კაცად იქმნა, და მან უკუე ღმერთმან მოაწია ესე. რამეთუ სხუა ღმერთი ვერ შემძლებელ არს ესევითარისა ქმნად“. ესევითარსა ამას იტყოდეს, რამეთუ ვინათგან" თრდატ მეფე ქრისტეს ძალითა ეშუად ქმნილ იყო, და ქრისტეს ძალით-ვე კუალად კაცად მოქცეულ იყო. მიერითგან ქება-დიდება ქრისტესი არღარა ფარულად ითქმოდა ქართლს შინა, რამეთუ მადლსა ღმრთისასა ეწყო მიფენად აღმოსავლეთს.

ხოლო მასვე დღესა რისხვისასა, ოდეს დასცხრა სეტყუა იგი და ქარი სასტიკი, მაშინ გამოვიდა წმიდა ნინო კლდისა მისგან ნაპრალისა და პოვა თუალი იგი ბივრილი, აღიღო და წარმოვიდა წინა-კერძო დასასრულსა მის კლდისა ცხჳრისასა, სადა ყოფილ იყო ძუელი ციხე, და მუნ დგა ხე ერთი ბრინჯისა, შუენიერი, მაღალი და რტო-მრავალი, სადა-იგი ყოფილ-იყო ბარტამ მეფისა საგრილი და განსასუენებელი. და მივიდა ხესა მას ქუეშე, გამონიშნა ნიში ქრისტეს ჯუარისა და ილოცვიდა მუნ ექუს დღე. და მადლობდა ღმერთსა და ევედრებოდა, რათა მოხედნეს წყალობით ერსა მას შეცთომილსა და იჴსნეს ეშმაკისაგან. ხოლო ოდეს იქმნა ესე, ჟამი იყო მეექუსე, და დღე მეექუსე და თჳსა მის, ოდეს იგი ევმანოელ თაბორს მამისა ხატი უჩუენა თავთა მათ მოწაფეთა და თავთა მათ წინასწარმეტყუელთა.

მაშინ მოვიდა სეფექალი ერთი, სახელით შროშანა და იხილა იგი ხესა მას ქუეშე; განკჳრდა და მოიყვანა ბერძულად მეტყუელი დედაკაცი, და ჰკითხა გზა მისი. ხოლო წმიდამან ნინო აუწყა და უთხრა ყოველი გზა და საქმე მისი, თჳნიერ ხოლო დედა-ძმათა მისთა არა აუწყა, რამეთუ ტყუედ უთხრა თავი თჳსი. მაშინ შეეწყალა შროშანას უცხოებისა მისთჳს, აღევსნეს თუალნი ცრემლითა და აიძულებდა მას, რათამცა წარჰყვა სახიდ სამეუფოდ. ხოლო წმიდამან ნინო არა ინება წარსლვა მის თანა, და წარვიდა შროშანა.

შემდგომად ამისსა მესამესა დღესა ჩამოვიდა ქართლად, გამოვლო მტკუარი და მიმართა სამოთხესა მას მეფისასა, სადა-იგი აწ არს სუეტი იგი ღმრთივ აღმართებული და ეკლესია საკათალიკოზო, და მი-რა-ვიდა კარსა მას სამოთხისასა, იხილა სახლი მცირე სამოთხისა მცველისა. შევიდა წმიდა ნინო, და ჯდა მას შინა დედაკაცი, რომლისა სახელი ანასტო. და ვითარცა იხილა დედაკაცმან მან, აღდგა, მოეხჳა და შეიტკბო ვითარცა მეცნიერმან, დაჰბანნა ჴელნი და სცხო ზეთი, მოართუა პური და ღჳნო, და დაყო მის თანა წმიდამან ნინო ცხრა თუე.

ხოლო იყვნეს ესე ანასტო და ქმარი მისი უშვილო და ზრუნვიდეს ფრიად უშვილოებისათჳს. მაშინ იხილა წმიდამან ნინო ჩუენებასა შინა: მოვიდა კაცი ნათლის ფერი და რქუა, ვითარმედ: „შევედ სამოთხესა მაგას, ბაბილო არს მცირე ნაძუთა ქუეშე, საუფლო შეზავებული, მიწა აღიღე მის ადგილისაგან, შეაჭამე კაცთა მაგათ და აესუს შვილი". ყო ეგრეთ წმიდამან ნინო და რქუა მათ: „ძალითა ქრისტეს ძისა ღმრთისათა დაუსაბამოსათა, რომელი თანა-მოსაყდრე არს მამისა და სულისა წმიდისა და ჴსნისათჳს ჩუენისა განკაცნა, ჯუარს ეცუა, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა, და ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით მამისა და კუალად მოვალს დიდებითა განსჯად ცხოველთა და მკუდართა, მან მოგცეს გულის-ხმის ყოფა“. და აუწყა ყოველი გზა ჭეშმარიტი.

მაშინ ცოლ-ქმართა მათ აღიარეს ქრისტე და დაემოწაფნეს ფარულად. მაშინ წმიდამან ნინო ქალაქისა ზღუდეთა გარეგნით პოვა ქოჩი ერთი ბრწამი მაყულისა, სადა აწ არს საკურთხეველი ზემოსა ეკლესიისა საეპისკოპოსო, და იგი შექმნა საყოფლად თჳსა. და შექმნა ჯუარი ნასხლევისა და აღმართა ქოჩსა მას ქუეშე, და მარადის ილოცავნ დღე და ღამე დაუცხრომელად. და მსახურებდეს ცოლ-ქმარნი იგი, და იყვნეს დაკჳრვებულ ღუაწლთა მისთა, მარხვასა, და ლოცვასა, [და] მღჳძარებასა.

და მრავალ-გზის მოვიდის უბანსა ურიათასა ენისათჳს ებრაულისა და გამოძიებისათჳს კუართისა უფლისა, რომელ ასმიოდა იერუსალემს ნიაფორისგან, ვითარმედ: „კუართი უფლისა მცხეთელთ ჰურიათა წარუღია-ო“. ამისთჳს გამოეძიებდა ჰურიათა მათ თანა, რათა-მცა ცნა რა-მე საქმე კუართისა მის.

და პოვა ჰურია ერთი მღდელი, სახელით აბიათარ, და უქადაგა მას და ასულსა მისსა სიდონიას სახარება უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი. ხოლო მათ რწმენა და დაემოწაფნეს, იგინი და ექუსნი დედანი სხუანი ჰურიანი. და აღიღეს უღელი სწავლისა წმიდისა ნინოსი თჳნიერ ნათლის-ღებისა, რამეთუ არა იპოვებოდა მღდელი, რომელმან-მცა ნათელ-სცა, და ფარულად იყვნეს მოწაფე მისი. და ჰყოფდა კურნებათა და საკჳრველებათა ძალითა ქრისტესითა: მრავალნი განრღუეულნი განკურნნა რე-ცა მიზეზითა წამლისათა.

და ესრეთ იქცეოდა მცხეთას ქალაქსა შინა სამ წელ ოდენ; და მათ ჟამთა შინა იყო შესლვა მირიან მეფისა და ძმის-წულისა მისისა, დიდისა სპარსთა მეფისა, საბერძნეთად, ოდეს კოსტანტინე ბერძენთა მეფემან ძალითა ქრისტესითა და წინამძღურებითა ჯუარისათა იოტნა მეფენი და სპანი მათნი ურიცხუნი მოსრნა.


მეორე ნაწილი

ქართლის ცხოვრება