თანამედროვე სამეცნიერო კვლევის ასოციაცია

ახალი ქართლის ცხოვრება

ტექსტი გადმოღებულია ტიტუს პროექტის ელექტრონული გამოცემიდან პორფ. იოსტ გიპპერტთან შეთანხმებით:
TITUS Project, მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტი
ტექსტის აკადემიური ორიგინალის მისამართი: Ber.Egnat. Part: I


ბერი ეგნატაშვილი


ახალი ქართლის ცხოვრება

პირველი ტექსტი


დასასრული

წინა ნაწილი

როსტომ მეფე

მაშინ იყო ვინმე სააკაძე როსტომ, რომელი აღზრდილიყო ყაენის კარზედა. და იყო ესე სააკაძე როსტომ კაცი გამოჩენილი და დიდად პატივცემული ყიზილბაშთაგან. და მისცა მას სპასალარობა და გამოაყენა ქართლსა ზედა და წარმოატანა თანა ბატონად ქართლისა ხოსრო-მირზა, ძე დაუთხანისა, რომელი პირველ ვაჴსენეთ, რამეთუ ამა ხოსრო-მირზას მისცა ყაენმან ქართლი და უწოდა როსტომ-ხან და წარმოგზავნეს ორნივე ზოგად როსტომ-სან და როსტომ სპასალარი სააკაძე.

ხოლო კახეთი მისცა სალიმ-ხანს და იგიცა თანა წარმოატანა. წარმოემართნეს და მოვიდეს ხუნანს და დაიბანაკეს მუნ ხუნანს, რომელ არს გატეხილი-ჴიდი. მაშინ ბატონმან თეიმურაზ, სცნა რა საქმე ესე, შემოიყარა სპანი თჳსნი, მოვიდა და დადგა საფურცლეს და მოუწოდა ბარათიანთა ცოლშვილიანად და მოასხა მუხრანს და იყვნენ მუნ. და რა სცნეს ბარათიანთა მოსვლა როსტომ მეფისა ხუნანს, დაუტევეს ცოლშვილი და წარვიდენ როსტომ მეფეს თანა. და რა სცნა ბატონმან თეიმურაზ წასვლა ბარათიანთი, განრისხნა ფრიად და ინება ცხვირ-პირის დაჭრა ბარათიანთ ცოლშვილისა, ხოლო ხორეშან დედოფალმან აღარ დაანება. და ვეღარა დადგა ბატონი თეიმურაზ მუხრანსა და არცაღა ძალ-ედვა წინააღდგომა როსტომ მეფისა. მაშინ წარვიდა ცოლშვილით იმერეთს და თან წარყვნენ რომელნიმე კახნი.

და, რა ესენი წარვიდენ, მაშინ ეპყრა მუხრანი ვახტანგს, ძესა თეიმურაზისასა, წარვიდა ესე ვახტანგ და მივიდა როსტომ მეფეს თანა. და რა სცნეს ყიზილბაშთა წასვლა ბატონის თეიმურაზისა, გამოუყენეს უკანა თარეში. ბატონმან თეიმურაზ და რომელთამე კახთა გარდაასწრეს იმერეთს, ხოლო რომელთამე მოეწივნეს პერანგაზედა, რომელიმე მოსრეზ, რომელიმე შეიპყრეს და ტყუე-ყვეს ხიზანი, წარმოვიდნენ და მოვიდნენ როსტომ სპასალართანა.

ხოლო იყვნენ მრავალნი და ურიცხუნი ყიზილბაშნი,როსტომ მეფე ქართლში და შემოეხვივნენ ქართველნი, ხოლო სალიმ-ხან ჩაიყვანეს. და დასუეს კახეთშია. მაშინ აღაშენეს ციხე გორისა და შეაყენნეს მცველნი, და კუალად შეაყენნეს მცველნი სურამის ციხეშიაცა.

მაშინ როსტომ მეფეს მოსცეს მაშუელებლად ლორის ხანი, ყაზახის ხანი და შამშადილოს ხანი, ხოლო სალიმ-ხანს უჩინნეს მაშუელებლად განჯის ჯარი და ყაჯარისა.

და იყო მეფე როსტომ დიდად მორჭმული და საქონლით სავსე ამისთვის, რომ ყაენი აძლევდა მრავალსა და. იყო ყულარაღასი და ტარუღა ისპაანისა. და იყო დიდად მწყალობელი ყაენი როსტომ მეფისა და უგზავნიდა მრავალსა.

ხოლო როსტომ მეფე აძლევდა ქართველთა ლეინის ხალათებსა და მცირესა მისაცემსა, რამეთუ მაშინ ქართველთა არ იცოდნენ კაბა და არცა ჰყუარობდნენ მორთუასა. და ამა მცირედითა მისაცემითა დაიერთგულნა და შემოიყარნა ქართველნი, რამეთუ მაშინ იყვნენ ქართველნი გულწრფელნი და გამოუცდელნი ყიზილბაშის ჴერჴისა და ტყუილისაგან, და ესე როსტომ მეფე იყო კაცი ჴერჴიანი და ილათიანი და მცდელი საქმისა. და მას ჟამსა ვინცავინ ქართველნი იყვნენ ყიზილბაშში დატყუვებულ[ნ]ი და გათათრებულნი, ყოველნივე წარმოიყვანა ქართლში და სწადოდათ გათათრება ქართლისა. და იყო წესსა ზედა ყიზილბაშისასა და გაარიგა რიგი სახლისა თჳსისა ყიზილბაშურად და განაწესა მოჴელენი და გამრიგენი თათარნი, და არცა მოშალა ქართველი მოჴელე, და იქცეოდა დიდებულად.

და მაშინ მეფეთა ქართლისათა სასახლე იყო ციხესა შიგან,წმიდისა ნიკოლოზისა, და ამან როსტომ დაუტევა და მუნ დასუა მიმბაში ყიზილბაშისა, თჳთ გამოვიდა და დასახლდა პირსა მტკურისასა ანჩის საყდარსა და სიონსშუა. მუნ ციხეშიაც აღაშენა მეჩიტი აბანოს პირდაპირ და ჴევს გამოღმა და თჳსსა სასახლეშიაც აღაშენა მეჩიტი, და კუალად აღაშენა ბაღი სიშიტურტუქს ქუემორე და მუნცა აღაშენა მეჩიტი.

და ამა ჟამსა შინა იჯდა ერისთავად დათუნა ერისთავი არაგჳსა და არა უდებდა თავსა როსტომ მეფესა, და ესაქმებოდა ბატონს თეიმურაზს და როსტომ მეფესაც ემსახურებოდა. შეუტყო ჴერჴი ესე როსტომ მეფემან, შემოიყარა ჯარი და მივიდა მუხრანს, შეუთუალა დათუნა ერისთავსა: "პირობა მომეც, რომ ყაენთან წახვიდე, მოგიმართავ ჴელსა და გაგგზავნი, თუ არა და, შემოგიჴდები და შენს ქუეყანას ავაოჴრებო". და არა ძალ-ედვა წინააღდგომა მეფის როსტომისა და წარმოვიდა მეფეს თანა და მოვიდა. უღალატა მეფემან როსტომ და მოსჭრა თავი და გაუგზავნა ყაენსა, შეუთუალა, რომ ეს მჩხუბევდა ბატონს თეიმურაზთანა, და თჳთ საერისთოს შეუჴდა.

მაშინ იყო ძმა დათუნა ერისთვისა ზაალ შემოიყარა ამან ზაალ ჯარი თჳსიდა დაუხუდა წინა, გაემარჯუა და გამოაბრუნა, მაშინ გაუგზავნა ზაალ კაცი ბატონს თეიმურაზს და შეუთუალა ფიცი საშინელი და გაუგზავნა მძევალი და საფიცარი: "მოდი და გაგაბატონებო". რა მიუვიდა ბატონს თეიმურაზს კაცი, მაშინ ვერ ძალ-ედვა ქართლზედ მოსვლ და წარვიდა იმერეთიდან დვალეთზედ, გარდმოიარა და მოვიდა ანანურს და მუნ დადგა.

მაშინ შემოუჩინეს კაცები და ემტერებოდენ როსტომს მეფესა, მაგრამე ვერსად მოაჴელეს: ფრთხილობდა და იყო ქალაქის ციხეშია. მაშინღა ერთგულად მოუდგნენ რომელნიმე წვრილნი კაცნი ქართველნი, ციხეში იჯდა და ვერას უმტერებდენ.

სალიმ-ხან, რომელი იჯდა ქუეყანასა კახეთისასა, მოსაბრუნს, და მუნ აშენებდა სახლსა, და რა ნახეს ესე რომე როსტომ მეფეს ვეღარა უმტერეს, მაშინ მიუჴდენ სალიმ-ხანს, დაესხნეს თავსა. და თჳთ სალიმ-ხან გარდაუსწრა, ვერ დაიჭირეს და სხუანი, რომელნიც ყმანი მისნი თათარნი მოაჴელნეს, დაჴოცეს და ზოგი დაიჭირეს.

და წარმოვიდა ბატონი თეიმურაზ და დაიჭირა კახეთი. მაშინ კახეთი დამცრობილი იყო და ვერ დადგა როსტომ მეფის შიშით, მივიდა და დადგა ანანურთან და მუნითგან ქართლსაცა ცდილობდა, ამა ჟამსა შინა ინება როსტომ მეფემან და დადიანმან ერთმანერთის მოყურობა. მაშინ დადიანი ლევან და იმერეთის მპყრობელი ერთმანერთს უჴდებოდენ და იყო შური დიდი ერთმანერთშია. და ამისთჳს მოინდომა დადიანმან როსტომ მეფის მოყურობა და როსტომ მეფემანც ამისთჳს მოინდომა დადიანის მოყურობა, რომე ბატონი, თეიმურაზ ამისი მტერი იყო და იმერეთში მაგრობდა და დადიანს იმისთჳს ემტერებინა.

მაშინ არა ჰყვანდათ რა, რომ ერთმანერთისათჳს მიეცათ. დადიანს ჰყვანდა დაჲ, სახელით მარიამ, ესე ესუა ცოლად სჳმონს გურიელს. ესე მარიამ იყო ნაშობი ათაბაგის ქალისა. მაშინ სჳმონ გურიელმან გმო ღმერთი, შურითა ეშმაკისათა აღბორგებულმან, მოკლა მამა თჳსი მამია გურიელი: სარეცელსა ზედა მწოლარეს უღალატა. და ვითარცა სცნა ლევან დადიანმან, მიზეზ-ყო საქმე ესე, შეუთუალა სჳმონ გურიელსა: "ვინათგან ჰყავ საქმე ეგე ბოროტი, მე ჩემს დას შენ აღარ მოგცემო". შეიყარა დადიანმან ლევან ჯარი და მიუჴდა ლანჩხუტს. შეიყარა იქიდამ სჳმონ გურიელმან ჯარი. ესე სჳმონ გურიელი იყო კაცი მჴნე და გულოვანი და მივიდა ესეც ლანჩხუტს, შეიბნენ, და გაემარჯუა ლევან დადიანსა, შეიპყრა სჳმონ გურიელი და დასწვა თუალები და გამოართუა დაჲ თჳსი მარიამ. და დასუა გურიელად ქაიხოსრო, გურიელის სახლისკაცი. და ესე ქაიხოსრო გურიელი იყო მარიამ დედოფლის დედით ძმა.

და წარმოუგზავნა როსტომ მეფეს კაცი და აღუთქუეს ქალის მიცემა. იამა როსტომ მეფესა და აემზადა წარმოსაყვანელად ქალისა. შემოიყარნა ქართველნი და წარმოემართა.

მაშინ იყო დადიანი ლევან დიდად მდიდარი საქონლითა და სპითა. აქედამ როსტომ მეფე წარვიდა სპითა მრავლითა და იქიდამ დადიანი წარმოვიდა შეყრილი და თანა წარმოიყვანა დაჲ თჳსი მარიამ, რამეთუ მაშინ ეშინოდათ იმერეთის მპყრობელისა გიორგისაგან და წარმოვიდა სამიქელაძეოზედა, გამოიარა ფოკე, გამოჴდა რიონს და ამოვლო საჩხეიძო და მოვიდა კაკას-ჴიდსა დადიანი. და წარმოვიდა როსტომ მეფეც სამცხეზედ და შეიყარნენ როსტომ მეფე და დადიანი კაკას-ჴიდსა დადადგნენ პირდაპირ სიახლოესა. მაშინ იმერეთის მპყრობელი გიორგი შეიყარა სპითა მისითა და წარვიდა იგიცა მათ ზედა, რამეთუ გაუბედა ჴრმალი და არა უტევებდა, მივიდა იგიცა სიახლოვესა მათსა და დადგა. არჩია გიორგიმ და განიზრახა თჳსგან, წარვალ სუბად და დავხედავ ჯარსა მათსა, და წარვიდა. ურჩიეს იმერელთ, მარტო ნუ წახვალო, და არა დაიშალა, და წარვიდა ათის კაცითა და დახედა მაღლიდამე ჯარსა მათსა. და შეუტყო საქმე ესე დადიანმან ლევან, წარმოგზავნა სპანი თჳსნი. და ნახეს გიორგი რომ სუბად იყო, შეუტივეს და შეიპყრეს და მ[ი]იყვანეს დადიანთანა. ამა ჟამს იყო ქრისტეს აქათ ჩ~ქლბ. ხოლო დადიანს იამა და გამხიარულდა დიდად და ტყუე-ყო, ხოლო მოსცა ქალი როსტომ მეფესა და წარმოვიდა როსტომ მეფე და წარმოიყვანა.

მაშინ გაბრუნდა დადიანი და წარიყვანა გიორგი თანა და დაატყუევა ციხეშია და ჰყვანდა ტყუეთა. ხოლო ძემან გიორგისმან ალექსანდრე დაიპყრა მამისა წილ თჳსისა.

და წარმოვიდა როსტომ მეფე მასვე გზაზე, რომელსაცა მისულიყო. მას ჟამსა თათრად იყო ათაბაგი და არღარა სახელსდებდენ ათაბაგად, არამედ ოსმალის ენითა ფაშად სახელსდებდენ. და მაშინ იჯდა ფაშად საფარ-ფაშის ძე უსუფ-ფაშა. ამან დაანება გზა როსტომ მეფესა, გარდმოვლო ოცხე და ჩამოვიდა ქართლსა და ქნა ქორწილი ჴელმწიფური და სახელოვანი. მაშინ სთხოვა ალექსანდრე, ძემან გიორგისამან, დადიანს მამათჳსი და შეუკუეთა საჴსარი. ხოლო დადიანმან სთხოვა ჩიხორსა და ჩხარს სომხები საჴსრად. აჰყარა და მისცა, რაც შემოუკუეთა, და გამოიჴსნა მამა თჳსი და მოიყვანა იმერეთს. და იცოცხლა გიორგი ხანსა რაოდენსამე შინა და მოკუდა. და დაჯდა მის წილად ძე მისი ალექსანდრე.

ამიერითგან მძლავრობდა დიდად დადიანი იმერეთზედა: ესრეთ გაუჭირა საქმე ალექსანდრეს, რომე ქუთაისს გალავანი შემოივლო და იჯდა მას შინა და ვერა წინააღუდგებოდა დადიანს. ხოლო დადიანი მოუჴდებოდა ყოველს საუფლოს დღეს, შობასა, ახალწელიწადსა, ნათლისღებასა და აღდგომასა და აოჴრება ქუეყანასა იმერეთისასა: რომელსამე ჴოცდა და რომელსამე ტყუე-ჰყოფდა და ჰყიდდა და დაირჩენდა და თავს დააჴსნევინებდა. და ამას ჟამსა შემოიღო ლევან დადიანმან ტყჳს სყიდვა და თავის დაჴსნა, რამეთუ არა იყო მანამდი სყიდვა ტყჳსა. და იყო დადიანი მდიდარ ფრიად და ემორჩილებოდენ სრულად აფხაზნი და შარვაშიძენი ყმობდენ და ულაშქრებდენ დადიანსა.

ხოლო როსტომ მეფე განდიდნა ფრიად და ვერღარა დააკლეს რა მტრებმან.

ამას შინა გარდაჴდა წელიწადნი სამნი. მაშინ უკუდგნენ არაგჳს ერისთავი ზაალ და ქსნის ერისთავი ბატონს თეიმურაზს. და აბატონებდენ კახეთსა შინა და ესენი ეკერძებოდენ მას. და იყო მას ჟამსა კახეთი გაოჴრებული, და ჩავიდნენ ლტოლვილნი კაცნიცა და რაც მუნ იყვნენ, მცირედ ოდენ იწყო შენობად და მოსახლეობად. მაშინ ზოგჯერ გაუგზავნის ყაენს ფეშქაში და შეურიგდებოდის ბატონი თეიმურაზ და ხან აეშლებოდა, იყო კახეთშია და ესრეთ ბატონობდა.

მაშინ ბატონმა თეიმურაზ იზრახა და განიგულა დაპყრობა დიდოეთისა და სწადდა იქიდამე რუსეთის გზის შოვნა და ზურგის მობმა რუსეთის ჴელმწიფისაგან და მუნითგან რუსის ჯარის მოსვლა, რამეთუ ესე იყო წადილი მისი. შეიყარა ჯარი და წარვიდა დიდოეთზედა, ენება მოქცევა დიდოეთისა და მიუჴდა დიდოეთსა და აღიღო რომელიმე კოშკები და ალაგები.

ხოლო დიდოთა ითხოვეს შეწევნა ლეკთაგან, რამეთუ მაშინ დიდად ემტერებოდენ ლეკნი კახთა, რამეთუ ბატონი თეიმურაზ მიჴდომოდა და მრავალი ბოროტი შეემთხვია ლეკთათჳს, და პირველითგანაც მტერ იყვნენ, ამისთჳს მტერობდენ ლეკნი კახთა. მოეშუელნენ ლეკნი დიდოთა და შემწე ეყვნენ. და დახუდენ სიმაგრეშია ბატონს თეიმურაზს, დაუშინეს საგორავები, ქვა და ისარი, და ამოსწყჳტეს მრავალი. და გამოაქცივეს ბატონი თეიმურაზ, და, რომელნიცა ჰყვანდა გამოჩენილი ეპისკოპოზნი, დარბაისელნი, ყოველივე მუნ ამოსწყჳტეს. და ჩამოვიდა კახეთს და იტირა: "ვაი ეპისკოპოზ -- დარბაისელ -- ამოწყუეტილს".

ამაში გამოჴდა ხანი რამე, შეკრეს პირობა [ზაალ] ერისთავმან, იოთამ ამილახორმან, ნოდარ ციციშვილმან, კათალიკოზმან დიასამიძემან ევდემოზ, გოჩაშვილმანგიორგი და ზოგმან რომელმანმე ქართველმანცა, ამათ ინებეს განდგომა როსტომ მეფისა. და უფროსღა ცდილობდა კათალიკოზი ევდემოზ ამისთჳს, რომე ამისი ძმის ასული დათუნა[ს], ბატონი თეიმურაზის შვილს, ცოლად ესუა. ამათ გაუგზავნეს ბატონს თეიმურაზს კაცი და მისცეს საფიცრები და პირობა დიდი და იჴმეს: "კუალად მოდი ქართლში და გაგაბატონებთო". ამაში ნოდარ შემოიყარა ჯარი და წარვიდა.

რა სცნა საქმე ესე როსტომ მეფემან, შემოიყარა ჯარი და წარმოემართა იგიცა ნოდარზედა, მოვიდა და დადგა საჯავახიანოს. ვითარცა ესმა ნოდარსა წარმოსვლა როსტომ მეფისა, გაიქცა და წავიდა, დევნა უყო როსტომ მეფემან უკანა. მაშინ ახლდანოდარს ორნი ძმანი ჩხეიძენი გარდმოვარდნილნი და იყვნენ ნოდართანა. რა მიეწივა როსტომ მეფე ნოდარს, გამოუბრუნდენ ორნივ ძმანი ჩხეიძენი, შემოებნენ, იომეს და დაჴოცნეს იგინიცა. ხოლო ნოდარ ივლტოდა და შევიდა ციხესა ატენისასა. მივიდა როსტომ მეფე და შემოადგა გარს და ვერცაღა მუნ გამაგრდა ნოდარ და წარვიდა ზემო ქართლად, რომელ არს საათაბაგო.

ხოლო როსტომ მეფემან აღიღო ციხე, დაამტვრია და წარმოვიდა მუნითგან, და დადგა ცხირეთს, და მუნ იჴმო დედოფალი მარიამ და იყოფოდენ მუნ. ხოლო კათალიკოზი ევდემოზ იყო მუნვე როსტომ მეფეს თანა. კუალად შეუთვალა ბატონს თეიმურაზს კათალიკოზმან, ვითარმედ: ნოდარ" რომ წასულიყოს, მაგისთჳს საქმეს რატომ წააჴდენ და ან რატომ გაბრუნდი?" მაშინ ბატონს თეიმურაზს შეეყარა ზაალ ერისთავი, მოვიდენ და დადგნენ მუხრანს. კუალად გაუგზავნა კათალიკოზმან კაცი ნუღარ ჰყოვნითო, მოდითო, და რაც გინდა გაქნევინებო".

მაშინ, სცნა რა საქმე ესე მუხრანის ბატონმან ვახტანგ, წარმოავლინა კაცი მსწრაფლ და ამცნო საქმე ესე როსტომ მეფესა. მაშინ დედოფალი წარავლინა გორის ციხეშია და თჳთცა უკან ჩამოუდგა და მივიდნენ გორის ციხეშია და მუნ გამაგრდენ.

ხოლო ბატონი თეიმურაზ მივიდა უფლისციხესა და ვერღარა გააწყო რა, გამობრუნდა და წარმოვიდა. და დახუდა წინა ვახტანგ მუხრანის ბატონი და უყო მრავალი ზიანი. და წარვიდა კახეთს.

ხოლო შეიპყრა კათალიკოზი ევდემოზ როსტომ მეფემან და წარავლინა ქალაქის ციხეშია და ტყუე-ყო და, ხანსა რაოდენსამე უკანა, მუნვე ციხეში მოაშთობინა. ხოლო გოჩაშვილი გიორგი შეიპყრა და დასთხარა თუალები, და სხუანი, რომელნიცა იყვნენ როსტომ მეფის ორგულნი, რომელნიმე გაახეიბრა და რომელიმე მამულით გააღარიბა და განაძო თჳსისა ქუეყნიდამე, თჳნიერ ზაალ ერისთვისა და იოთამ ამილახორისა. ხოლო იოთამ ამილახორი ხან მოუდგებოდა როსტომ მეფესა და ხან ბატონ თეიმურაზს და, სიტკენაც დრო დააჴელის, იქითკენ იყვის.

და ამისგან რა მოიცალა როსტომ მეფემან, შემოიყარა ჯარი ქართველთა და, რომელნიცა ყიზილბაშნი იყვნენ მიჩენილნი ყაენისაგან, იგინიცა შემოიყარა, და წარვიდა კახეთს ბატონს თეიმურაზზედა, რამეთუ მაშინ ბატონი თეიმურაზ მაღაროს იდგა სუბათა და კახნი თავ-თავისთჳს იყვნენ. მიუჴდა როსტომ მეფე, და დაუწყო სროლა ვიწროებში ბატონმან თეიმურაზ და, რაც ოდენ შეეძლო, იომა ბატონმან თეიმურაზ. და ვერღარა დაუდგა როსტომ მეფე, გაიქცა და წარვიდა ტფილისს. და აღარა დევნა უყო ბატონმან თეიმურაზ, იშოვა მრავალი ბარგი მისი, აიკლო და წამოიღო და წამოვიდა და მოვიდა თჳსსა სახლსა.

და რა ნახა ესე ზაალ ერისთავმან და იოთამ ამილახორმან, რომ ვეღარცა რა ამ დამარცხებით დააკლეს რა, დაუწყეს როსტომ მეფეს ლაპარაკი და ხუეწნა: "შეგჳრიგე და გჳმსახურეო". ხოლო როსტომ მეფემან ესე უპასუხა ზაალ ერისთავსა: "უკეთუ წარხვალ ყაენთან, შეგირიგებ და, უკეთუ არა წახვალ, ჩემთან ჴელი არა გაქუს". მაშინ დაჰყვა ზაალ ერისთავი: მოიყვანა და შეირიგა. და გაგზავნა ყაენთანა და მისწერა ყაენთანა კაი წიგნები.

და რა მივიდა ზაალ ერისთავი ყაენთანა, სცა პატივი დიდი და კეთილად მიიჩნივა სიტყჳთა როსტომ მეფისათა და უყო წყალობა მრავალი: გაუჩინა წელიწადში სამასი თუმანი ჯამაგირი, გაათათრა და გამოისტუმრა ქართლი. და მოვიდა როსტომ მეფესთანა და მიერითგან იყო ერთგული როსტომ მეფისა.

და მას ჟამსა იწყო ქართლის წესმან და რიგმან გარდაცვალება, და ყოველთავე შეიყუარეს ანგარება და სიმდიდრის-მოყუარება, ჯამაგირი და სოფლის მიცემა ყაენისაგან, და განმრავლდა ტანთ-ცმა ყიზილბაშურად, და საქართველოს დიდებულნი და თავადნი ყაენისაგან განმდიდრდებოდენ და რაყმით იშოვნიდენ მამულებსა.

და თჳთ როსტომ მეფის წადილი და ნება ესე იყო, რომ უყაენოდ არავის რამისცემოდა, და, თუ ვინმე გასაკეთებლად უნდოდა, ყაენს შეეკითხვოდა. და იყო მეფე როსტომ მორჩილი ყაენისა და მოყუარე სჯულისა მაჰმადისასა.

ამან აღაშენა სახლი ყიზილბაშური, კეკლუცად და ტურფად ნაგები [შემოიღო] მოფენილობა, სმა-ჭამა, გამოჩუენება და კეკელაობა. და მიიქცნენ სრულიად წესსა ზედა ყიზილბაშისასა, და განმრავლდა სახლსა შინა მისსა სიძვა და არა-წყინდება, ცოდვა იგი სოდომ-გომორული და მეძაობა და დედათა თანა აღრევა.

კუალად ინება სიმაგრე ციხისა და თავისუფლობა ციხესა შინა მყოფთა თათართა: განძლიერდენ თათარნი და კადნიერებდენ ქართველთა ზედა. და რომელნიცა იყვნენ ქართველნი, მოყუარენი წესისა მათისა, მეძავნი და ბილწების მოქმედნი, დიდად პატივსცემდა მეფე როსტომ და ჰკითხევდა და უსმენდა მათსა, და, რომელნიცა იყვნენ სიმართლის-მოქმედნი და წრფელნი გულითა და ცოდვის მორიდალ[ნ]ი, მათ არას პატივსცემდა და ცუდს კაცს ეძახდენ და შეუძლებელსა.

და იყვნენ დღითი-დღე სმასა და განცხრომასა შინა, ხოლო სულისათვის არარას ზრუნვიდენ: მოიყვანა მეჩანგენი და მუტრიბნი, და აქებდენ ქართველნი დარბაისელნი, და მათცა ეგრეთვე იყოლიეს მუტრიბნი და მრავალნი მჴევალნი და არღარა იყო სირცხვილი სიძვისა და მეძაობისა. და ქართველთაცა ისწავეს სმა და ჭამა ყიზილბაშური და დიდად სირცხვილ უჩნდათ სერსა ზედა უფლაობა და არა-კეკელაობა. და, რომელსაცა არა შეეძლო ამ წესისა ქმნა და უღონო იყვნენ მონაგებთაგან, განყიდეს მამაპაპათაგან დაგდებული მამული და აგარაკები და იცვემდენ ტანთა და სჭამდენ და სმიდენ და არარას ზრუნვიდენ შვილისათჳს.

და ამიერითგან შემოვიდა ზოგ-ზოგან ტყჳს სყიდვა თავადებისაგან და, რომელნიცა იყვნენ ობოლნი და ქურივნი, გამოიყვანებდენ და გაჰყიდდენ, და განმრავლდა ცოდვა.

ხოლო სამღდელონი ეპისკოპოზნი ამითი დაიერთგულნა, რომე ყოველთავე ჯამაგირი განუწესა, თავდაბლად და ტკბილად ექცეოდა. ამისთჳს არღარას ზრუნვიდენ სამღდელონი კრებულნი. ხოლო აღაშენა წმიდა კათოლიკე ეკლესია, მცხეთის გუმბათი და სხუანიცა რომელნიმე მოოჴრებულნი ეკლსიანი აღაშენნა.

და კუალად აღაშენა გატეხილი-ჴიდი.

და იყო სმისა და ჭამისა მოყუარე და გასცემდა [არა-]მცირედსა საბოძვარსა სმასა ზედა. და ამისა ჟამსა შინა არა იყო ზრუნვა სულიერი ერისკაცთა შორის, არამედ, იყვნეს ფუფუნეულ და ჴორცთ-მოყუარე, რამეთუ თჳთ სამღდელონიცა და მღდელთმთავარნიცა მიდრკეს კეთილისაგან და აღერივნეს ერთა თანა, გოდებისაებრ იერემიასა, რამეთუ იყვნეს მოყუარე ღჳნისა და სმისა და შუებისა და განცხრომისა, უმღერდენ ურთიერთას სიძვა-მრუშობასა და მეძაობასა. ამას შინა მოუძლურდა სჯული და განირყუნა წესი ეკლესიისა, რამეთუ არღარა ეძიებდენ სულიერსა საქმესა, არამედ ჴორცთათვის ზრუნვიდენ ყოველნივე.

ხოლო რაჟამს მოკლა კათალიკოზი დიასამიძე ევდემოზ, მაშინ მისცა როსტომ მეფემან წინასწარ აღრჩევითა თჳსითა და მოწამებითა ყოველთავე საქართველოსა მღდელთ-მთავართა და სამღდელოთა დასთა მიერ გამორჩევითა მისცეს კათალიკოზობა ურდუბეგაშვილს ქრისტეფორეს.

ესე ქრისტეფორე კათალიკოზი იყო კაცი მოყუარე სიმართლისა, მშჳდი, მდაბალი, გულ-ტკბილი, ყოველთათჳს მოწყალე, სიწმიდის მოყუარე, სახითა შუენიერ და ღირს ხარისხ-მპყრობელობისა თჳსისა, კუალად აღზრდილი და გამოცდილი საეროსა სამამაცოსა ლაშქარ-ნადირობასა შინა. და არა ჰქონდა გამოცდილობა წერილთა, მცირედ ოდენ წურთილ იყო. ხოლო განაგებდა კეთილად წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა.

და ამან როსტომ მატა ყოველსა ფეშქაშსა და მეტადრე სიტყჳსასა. რაჟამს დაიდვა სჳმონ მეფემან, ამ წესით იქმოდა: ანუ ძესა ურიისასა, ანუ ნასყიდსა და ანუ ოსთასა გაგზავნიდა, ხოლო ამან გამოიყვანა ქართველთა გლეხთა, აზნაურთა, დიდებულთა ასულნი და ძენი და მას გაუგზავნიდა, ამიერითგან დაიდვა ესე და ყოველნი მეფენი საქართველოსანი ესრეთ ჰყოფდენ, ვიდრე მოდღეინდელად დღედმდე.

მაშინ დაიმორჩილა როსტომ მეფემან სრულიად ქართველნი და იყვნენ დიდად ერთგულნი, შემოიყარნა სპანი თჳსნი, მივიდა და დადგა აფურცლეს და მუნითგან მოუწოდა ყიზილბაშის ხანებსა, რომელი იყო ყაენისაგან მი[ს] ზედა ჩენილი. მოვიდეს და შემოეყარნეს იგინიცა და წარვიდა ბატონს თეიმურაზზედა-რამეთუ მაშინ ბატონი თეიმურაზ იდგა თიანეთს.

და ურჩია ბიძინა სუფრაჯმან ბატონს თეიმურაზს, ვითარმედ: "წარგზავნე ძე შენი დავით და მე თანა ვიახლები და რომელნიმე კახნიცა გამოგუატანე, წარვალთ ქისიყსა და ვემტერებით როსტომ მეფეს იქიდამე და უსმინა ბატონმან თეიმურაზ და წარგზავნა ძე თჳსი დავით. ხოლო რა ესმა როსტომ მეფესა, მანცა წარგზავნა ყიზილბაშის ჯარი იმათზედა, და თჳთ წარვიდა ბატონს თეიმურაზზედა. და უთავა სარდლად ვახტანგ მუხრანის ბატონი და ზაალ ერისთავი და გაატანა სპანი ქართველთანი. მივიდნენ ესენი უღლისს, იქიდამ ბატონი თეიმურაზ მოვიდა და შეიქმნა ომი და თოფის სროლა ძლიერი.

მაშინ ჰკრეს თოფი რევაზ სახლთუხუცესსა ჩოლაყაშვილსა, რომელი იყო კაცი კეთილი და რჩეული სარდალი. ესე იყო ბატონის თეიმურაზის მოწინავე ამას ჰკრეს თოფი და დაკოდეს სასიკუდინედ. და რა სცნა სიკუდილი თჳსი, არა აშალა ჯარი და მუნცა დაუტევა ძენი თჳსნი, და თჳთ გაბრუნდა სახლთუხუცესი და მივიდა ბატონს თეიმურაზთანა. მაშინ დალოცა ბატონი თეიმურაზ ესრეთ, ვითარმედ: "მე მომკუდარვარ შენის სამსახურისა და ერთგულობისათჳს, ჩემი თავი თქუენის ჭირის სანაცვლო იყოს". გამოესალმა და აკოცა ლელსა და იტირეს ორთავე მრავალი. წარვიდა და მივიდა სახლთხუცესი მუნვე ადგილს, სადაც დავიდოდა, და მუნ მოკუდა.

და რა ნახეს სიკუდილი მისი კახთა მოეშალა თავი, შეშინდენ და უკუნ იქცენ და წარვიდნენ, უკუნ იქცა ბატონი თეიმურაზცა და წარვიდა.

ხოლო მუნცა შებმულ იყვნენ ყიზილბაშნი და დავით, ძე ბატონის თეიმურაზისა, გამარჯუებოდა ყიზილბაშთა და მოეკლათ დავით და ჯარიცა მისი ამოეწყჳტათ. მაშინ ბატონი თეიმურაზ შეწუხდა დიდად: არას გზით ღონე აღარა ჰქონდა დადგომისა და შემაგრებისა. წარმოგზავნა ხორაშან დედოფალი, რომელი იყო მამის ძმის შვილისშვილი როსტომ მეფისა. ესე მოვიდა როსტომ მეფესთანა და შემოეხუეწა. ხოლო როსტომ მეფემანი რა სცნა მოსვლა მისი, სცა პატივი დიდი და აღუსრულა სათხოვარი: დაანება გზა, გაუმძღუანა კათალიკოზი ქრისტეფორე წინა და ბარგიცა ამან გარდაუტანა იმერეთსა. ბატონმან თეიმურაზ გაუშუა კახეთი და ჩავიდა იმერეთს. მოეგება სიძე მისი ალექსანდრე, მპყრობელი იმერეთისა, ჩაუძღუა და დააყენა და ისტუმრა კეთილად. მაშინ განუმჟღავნეს ბატონს თეიმურაზს ძე მისი დავით და იქმნა მათ შორის ტირილი და გლოვა დიდი.

ხოლო როსტომ მეფემან დაიპყრა სრულიად კახეთი და პატრონობდა ქართლსა და კახეთსა, გაურზავნა თავი დათუნასი ყაენსა და მიულოცა გამარჯუება და არღარა ჰქონდა ფიქრი როსტომ მეფესა, იშუებდა, ლხინობდა.

ხოლო ამა ჟამსა შინა მომკუდარიყო სამცხეს უსუფ-ფაშა და იჯდა მის წილად ძე მისი როსტომ-ფაშა, ნაშობი მჴევლისა, მაშინ იქმნა რისხვა ღმრთისა საათაბაგოსა ზედა, სიმრავლისათჳს ცოდვათა მათთა: გამოგზავნა კაცი ხონთქარმან და დაპატიჟეს სჯული მაჰმადისა ცოლსა როსტომ ფაშისასა. ხოლო ქალსა მას რა ესმა, შეძრწუნდა ფრიად და ზარი დაეცა და განიგულა სიკუდილი თავისა თჳსისა და არა დატევება სჯულისა, და ენება გარდავარდნა თავისა თჳსისა კლდესა შინა, და არავინ უტევა. კუალად განიზრახა მოშთობა თავსა, და ვერცა იგი აღასრულა, რამეთუ ჰყვანდათ შეპყრობილი და სულს იქით ღონე აღარა ჰქონდა. და რა მისჭირდა ქალსა მას, მაშინ უთხრა: "უკეთუ ყოველსავე საათაბაგოში შინა-მყოფსა ქალსა და კაცსა, ყუელაკას გაათათრებ, მეცა გავთათრდებიო, და უკეთუ არა, თავს მოვიკლავო და არა ვიქო. მაშინ დაათათრეს ყოველივე და იგიცა გათათრდა: და ყოველთავე მუნ მყოფთა დაუტევეს სჯული ქრისტიანობისა და იქმნეს მაჰმადიან.

მიერითგან იქმნა რისხვა ღმრთისა საათაბაგოსა ზედა: განირყუნა წმიდანი ეკლესიანი, შეირია და იავარ-ყვეს ყოველივე უსჯულოთა თათართა, დაიპყრეს და ყვესწმინდანი მონასტერნი სამროწლედ და ცხოვართა სადგურად და დაუტევეს მნეთა ეკლესიისათა და სამღდელოთა კრებულთა, ეპისკოპოზთა და მოწესეთა კაცთა, საყოფელი თჳსი, წარიღეს თანა წმიდანი ხატნი და ჯუარნი და ნაწილნი, და წარმოვიდეს რომელნიმე საქართველოსა შინა და რომელიმე გურიას და იმერეთს, და დაემკჳდრნენ იგინი სანახებთა ქართლისათა და იმერეთისათა. და რომელნიცა დაშთეს მუნ ნეშტნი ქრისტიანენი, იგინიცა მძლავრებით და იძულებით მიიზიდნეს თჳსათ და მცირედ-მცირედ ვიდრე აქამომდე მიდრკეს ქრისტიანობისაგან, და აწ სრულიად არღარა იპოებიან მუნ მორწემუნეთაგანი, თჳნიერ კლარჯეთისა მსხემთა, რომელ არს ჯავახეთი.

ხოლო როსტომ მეფესა არა ესუა ძე. ფრიად მზრუნველმან უძეობისამან, წინააღრჩევითა რომელთამე განმზრახთა თჳსთათა, წარავლინეს კაცი ისპაანს და მოიყვანესსპარსეთით ძისა ვახტანგისა თეიმურაზის ლუარსაბ, რომელი დაშთა სპარსთა შინა. ესე იყო სჯულითა მაჰმადიანი და ესე ისუა ძედ თჳსად მეფემან როსტომ. ხოლო იყო სულელ და ხელ და აღტაცებულ გონებითა, რომელი არა შუენის ძეთა მეფისა საქართველოსათა, და ზრდიდენ და სწურთნიდენ კეთილად, და საყუარელ იყო მეფისა მიერ.

ხოლო ბატონი თეიმურაზ იყოფოდა სანახებსა იმერეთისასა. მას ჟამსა იყო დადიანი ლევან მდიდარი საუნჯითა აურაცხითა და სპითა მრავლითა დიდად მძლავრობდა მპყრობელსა იმერეთისასა ალექსანდრე: ესრეთ იყოფებოდა ქუთათის[ს] აღმშენებელი ზღუდისა, და მჯდომარე იყო მას შინა თჳთ და ძმანი მისნი და თავადნი ჩინებულნი იმერთანი დედაწულითურთ, ყოველნივე თანა ჰყვეს გარე-შეზღუდვილსა მას შინა შიშისათჳს დადიანისა, რამეთუ ფრიად მძლავრობდა შურით მჴდომი და იავარ-მყოფელი სანახებსა იმერთასა ზემოთა და ქუემოთა; არასადა დაშთა დაბასი და შენობანი და სიმაგრენი. რომელ არა მიემძლავრა. და არარას ჟამსა მოქმედებდა, თჳნიერ დღესასწაულსა მას საუფლოსა შო\ბა-ნათლისღებასა, ახალწელიწადსა.

ამათ შინა არა დასცხრებოდა მოოჴრებად ქუეყანისა, სრვიდა და ტყუე-ჰყოფდა მრავალთა და ჰყიდდენ ნაშოვართა ტყუეთა და დარჩენილთა კაცთა.

ეჰა, რისხვა ღმრთისა ულხინებელი მოქმედთა ამის ბოროტისათა, რამეთუ მან განაწესა ბოროტისა მის მტერისა მიერ წარმოთხეული გესლი იგი იუდაებრივი, რომელმან განყიდა ვეცხლად შემოქმედი და მოძღუარი თჳსი. მიერითგან განეთესა განსყიდვა უსჯულოთა-ზედა ტყუეთა ქრისტეს-ნათლისღებისათა და წინააღმდგომთა ღმრთისათა კაცთა მყოფთა სანახებთა იმერთა, ოდიშართა და გურიელთასა, რომელი ნუ ყოს ღმერთმან საქმე ქართლსა ზედა ბოროტი იგი. ხოლო მან უფროსად და უმეტესად განმრავლდა და გარდაემატა ცოდვა იგი ვიდრე დღეისამდე. ჵი ჩემდა, რამეთუ თჳთ მუნ-მყოფნი მღდელთ-მთავარნიცა და სამღდელოთაგანნი შეირინნეს ბოროტითა მით სენითა, რამეთუ არა იყო პირველ ლევან დადიანისა და ალექსანდრესა, ამათთა ჟამთა შინა შემოვიდა წარსაწყმედელად სულთა მათთა, რამეთუ ესე ესრეთ იქმნა და აწ მივილტოდეთ პირველსავე სიტყუასა ზედა.

ხოლო მიიმძლავრა დადიანმან ლევან სრულიად იმერეთი და ვერ ეძლო წინააღდგომა და შემთხუევა ალექსანდრეს, მპყრობელსა იმერეთისასა, და ვერცა გამოვიდოდა ზღუდისა მისგან.

ხოლო მამუკა, უმრწამესი ძმა მისი, იყო ყრმა ჰასაკად მიწევნული, შუენიერი და ახოვანი, მსგავსი მამისა თჳსისა, განთქმული რაინდობასა შინა, კისკასად და უებროდ მორბედი, რამეთუ კნინღა და ჟამსა მას არასადა აღზრდილ არს ესევითარი მოასაკეთაგანი ზნე-სრული და გულოვანი გოლიათებრივი. ესე მამუკა მცირედითა სპითა თჳსითა გამოვიდოდა ზღუდისა მისგან, განმსტრობელმან თარეშთამან სპათა მათ დადიანისათა შეემთხვევის მზირად მცირედითა სპითა და მრავალი მოსრის და მრავალი დარჩენით შეიპყრის და ტყუე-ყვის და შემოიქცის გამარჯუებული, და მსგავსად მათსა ჰყიდდენ დარჩენილთა კაცთა თათართა ზედა. და ვითარცა კუალად მოუჴდა დადიანი და მოაოჴრა ქუეყანა, დღესა ერთსა ჩუეულებრივ გაუჴდა მცირითა სპითა თარეშსა დადიანისასა, მიეტევა მჴნედ, და მაშინ წარმოექცა ცხენი სისწრაფისაგან და დაეცა ქუე. მაშინ შეუტივეს ოდიშართა და შეიპყრეს და წარიყვანეს და მიჰგუარეს დადიანს, და დადიანი მსიარულ იქმნა შეპყრობისა მისისათჳს, წარიყვანეს და ტყუე-ყვეს ოდიშს ციხესა შინა.

ხოლო რა ესმა ესე ალექსანდრეს, მპყრობელსა იმერეთისასა, დაუმძიმდა ფრიად, მოიპოვა ღონე ესევითარი და აწჳა ბატონი თეიმურაზ წარსვლად ოდიშად დადიანსა თანა. ხოლო მორჩილ ექმნა ბატონი თეიმურაზ სიძესა თჳსსა ალექსანდრეს და წარვიდა. და, ვითარცა მივიდა, მიეგება დადიანი ლევან წინა, ისტუმრა კეთილად, დაუმზადა სერი დიდი და ჴელმწიფური და მხიარულ იქმნეს ურთიერთას ხილვითა, რამეთუ მეყჳსნიცა იყვნეს ესრეთ: ძე იყო ლევან თეიმურაზის მამის დისა. დღეცა რაოდენსამე უკანა წარმოუთხრა მიზეზნი მისვლისა მისისა და მოქენე იყო გამოჴსნისათვის. მამუკასა და განტევებად მისა, და არღარა შურობდა და ჴდომად ურთიერთას.

ხოლო იყო მუნ წულუკიძე პაატა წუწკი, მკელობელი, მეყჳსი და თანა-განმზრახი დადიანის ლევანისა. და ესე, პირველვე განძებული მეფის ალექსანდრესაგან სამყოფთაგან თჳსთა, ლტოლვილი წარვიდა ოდიშსა და მიერთ დადიანსა ლევანსა და დიდად მტერ იყო იმერეთის მპყრობელისა ალექსანდრესი: რამეთუ ენება დადიანს პატივის დადება ბატონის თეიმურაზისა და განტევება მამუკასი, ხოლო იგი სავსე შურითა არა უტევებდა, რამეთუ ესრეთ იყო დამორჩილებულ დადიანი, რამეთუ არარას მოქმედებდა, თჳნიერ მისსა. მაშინ მოიმტკიცა დადიანი პაატა წუწკმან ენითა მზაკუარითა და უარყო დადიანმანცა არა განტევება მამუკასი აუწყეს ბატონს თეიმურაზსა მეტყუელთა ესრეთ: "ვერ ეგების ჩუენგან განტევება მისი". და იყო ხანსა რაოდენსამე მუნ ბატონი თეიმურაზ და არც ბატონმან თეიმურაზ დაუჟინა და წარმოვიდა, მოვიდა იმერეთს სიძესა თჳსსა თანა.

მაშინ არავე დასხრა ბოროტისაგან საქმისა და არცა შეიშინა რისხვისაგან ღმრთისა კუალად შესძინა შურსა თანა სიკუდილი მართლისა მის, წარავლინა კაცი და დასწვა თუალები მამუკას ციხესა შინა და მოკუდა. ხოლო ჟამსა მას მოკუდა და იქმნა დიდად სალმობიერ სენითა სასიკუდინეთა გიორგი შვილისშვილი თეიმურაზისა, რომელსა ზრდიდა ალექსანდრე, მოკუდა და მიიცვალა იგიცა და ყვეს გლოვა დიდი და მწუხარება და აღასრულეს წესი გლოვისა. და იყო მუნ ბატონი თეიმურაზ, ვიდრე შჳდ წლამდე.

ხოლო როსტომ მეფე მეფობდა მშჳდობით, არარას მზრუნველი, თჳნიერ ლხინისა და შუებისა და მოსუენებისა, და გარდაიჴდიდა დღეთა თჳსთა სიხარულით, ნადირობდა და შეექცეოდა. და მას ჟამსა მოვლო რომელნიმე სანადირონი და იყვნენ ხუნანს, რომელ არს გატეხილი-ჴიდი, და თანა ჰყვა ძედ მისა წოდებული ლუარსაბ. მაშინ დაეთხოვა როსტომ მეფესა ყარაიის სანადიროდ ხოლო მეფემან დართო ნება და წარვიდა. და გაჰყვნენ თანა ყრმანი, მსგავნი მისნი, ახლ-მოასაკენივითარცა მიიწივნეს მუნ, მოირკეს ტყე და მოვიდა ჯოგი ირემთა და შეექნათ სროლა ძლიერი. და აღირივნეს ურთიერთას და ისროდენ ურთიერთას ყოველნივე დიდნი და მცირენი, განირყუნეს სანადირონიცა. და სროლასა მას შინა მოხუდა თოფი ლუარსაბს. და მოკუდა მუნ. ვითარცა ესმა როსტომ მეფესა, მწუჴარე იქმნა და იყო გლოვა და ტირილი წესისებრ.

მაშინ ბატონი თეიმურაზ იყო მუნვე იმერეთს დიდად გლახაკად, უღონოდ საჭურჭლითა და საზრდელითა, მოუძლურებული წლისა სამოცდაათისა და ვერღარა ძალედვა წინააღდგომად როსტომ მეფისა ფრიადისა უძლურებისაგან. და დიდად მოკლებულ იქმნა საზრდელთა და საჭიროთა საჴმართაგან.

მაშინ წარგზავნა შვილისშვილი თჳსი ერეკლე რუსეთის ჴელწიფესთანა და შეემთხვივნეს წინა ავაზაკნი და მათ მოსრეს პირითა მახჳლისათა ყმანი ერეკლესნი და კნინღა თჳთ განერა, რამეთუ ერეკლე ყრმა იყო, მათგან მოუწყულელად, და დასტაცეს მჴევალნი და ბარგნი. და წარიყვანეს თჳთ რუსეთს, და მივიდა ჴელმწიფეს თანა. ამაში გამოჰჴდა ხანი რამე და თჳთ ბატონი თეიმურაზცა წარვიდა რუსეთს რამეთუ წლისა იყო სამოცდა თორმეტისა, მივიდა და დიდად პატივ-სცა რუსეთის ჴელმწიფემან. სთხოვა შეწევნა და ჯარი ქართლზედა, და უთხრა ჴელმწიფემან მიზეზი: "ჯერეთ მოცლა არა გუაქუსო". და რა სცნა ბატონმან თეიმურაზ, რომ შემწე არა ეყო, ხანსა რაოდენსამე უკანა დაეთხოვა და წარმოვიდა. და აჩუქა მრავალი ჴელმწიფემან. ამა ჟამსა შინა დიდად მოუძლურებულიყო ბატონი თეიმურაზ, წარმოემართა და მოვიდა ასტარხანს.

ხოლო ამა ჟამსა მომკუდარიყო იმერეთს შვილისშვილი მისი ლუარსაბ, ყრმა კეთილ-მოასაკე, შუენიერი და მჭურეტელთათვის სატრფიალო. მოვიდა კაცი ასტარხანს, და გაუმძღავნეს მუნ, და ყო გლოვა მუნ დიდი და მწუხარება. ხოლო ერეკლე დაუტევა რუსეთის ჴელმწიფესთანა.

და ამა ჟამსა შინა მომკუდარიყო დადიანი ლევან ხოლო შემოიყარა ალექსანდრე, მპყრობელმან იმერეთისამან, ჯარი, ჩავიდა ოდიშსა. და ვერა წინააღუდგენ, და დაიპყრა ოდიში და მრავალი ბოროტი მოაწივა ოდიშსა და იძია შური პირველი, რომელი ყო დადიანმან მათ ზედა, ვითარცა ბრძანებს წმიდა სახარება: "რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოსო თქუენ", და ზედა დაგერთოსო. აიკლო საქონელი დადიანისა და საუნჯენი მისნი ყოველნი მისნი ყოველნივე თჳთ დაიპყრა და ტყუედ ყო მრავალნი ოდიშარნი. მრავალნი იყვნეს სრულიად ოდიშიდამ იმერელთა. და გამოართვა დიდებულთა ოდიშართა შვილები მძევლად და თჳთ დიდებულნიცა შეიპყრნა, დააჴსნევინა თავი, ხოლო ძენი მათნი მძევლად წამოასხა და დასუა მუნ დადიანად ვამიყ, ძმისწული ლევან დადიანისა და წარმოვიდა ალექსნდრე ნაშოვნითა მრავლითა და მოვიდა იმერეთს.

ხოლო განუყო ქუეყანა დადიანს: დაიპყრა უნაგირას აქეთი ალექსანდრე და უნაგირას ჩაღმართი დადიანს მისცა.

ხოლო ესე ვამიყ დადიანი იყო კაცი შეუფერებელი სიდიდისა და შეუგვანი. კუალად იყვნენ დადიანის ძმისწულები მამუკა და ლიპარიტ, ესენი არა უდებდენ თავსა დადიანსა და არცა მორჩილებდენ. რამეთუ არა თავს იდვეს დადიანობა მისი, წარვიდენ და შეეხუეწნენ ათაბაგს როსტომს ფაშასა და კუალად როსტომ მეფესაცა დაუწყეს ლაპარაკი და შემწედ იჴმიეს, რამეთუ მარიამ დედოფალი ახლოს ნათესავი იყო ამათი, და სთხოვეს ჯარი.

ხოლო როსტომ მეფემან გაატანა ავალიშვილი და ციციშვილები და სხუანი ჯარნი მრავალნი და როსტომ ფაშამანც გაატანა საათაბაგოს ჯარი. წარმოვიდნენ და ჩავიდნენ გურიას, და წაჰყვა გურიელი ქაიხოსრო თანა ჯარითა და მივიდნენ ოდიშსა და შემოყარნეს ოდიშარნიცა.

და ვითარცა სცნა საქმე ესე იმერეთის მპყრობელმან ალექსანდრე, შემოიყარა სპანი თჳსნი, წარვიდა და განვიდა ცხენისწყალსა. ხოლო მიქელაძე და ჭილაძე უწინაც ლევანს დადიანს ახლდენ და წარვიდნენ და მივიდნენ მამუკასა და ლიპარიტ[ი]სა თანა, და მოვიდნენ იგინიცა. და შეიყარნენ ბანძას და შეიბნენ მენ და იქმნა ომი ძლიერი. და გაემარჯუა მპყრობელსა იმერეთისასა. ალექსანდრეს და დაჴოცნა მრავალნი ოდიშარნი თავადნი. და მაშინ დანირჩინეს ქართლის თავადები და აზნაურ[ებ]ი და მესხნი და ყოველთავე და[ა]ჴსნევინა თავები, და, რომელნიც იყვნენ ოდიშარნი განდგომილნი, ყოველივე დაიმორჩილა და შემოირიგა. და კუალად მტკიცედ დაიპყრა ოდიში და დასუა მუნვე ვამიყ დადიანად. და მიადგა ქაიხოსრო გურიელსა და ვეღარ დაუდგა ქაიხოსრო გურიელი, მოვიდა და შემოეხუეწა იგიცა ალექსანდრეს. და შეირიგა გურიელიცა და მისცა შვილისშვილი ბატონის თეიმურაზის, ქეთევან, ცოლად გურიელს ქაიხოსროს და მოიმოყურა.

ესე ქაიხოსრო გურიელი იყო კაცი მჴნე და ახოვანი და ბრძოლასა შინა გამოცდილი.

ამას შიგან მოვიდა ბატონი თეიმურაზსა, და მას ჟამსა მიცვლილიყო ბატონი დედოფალი ხორაშან და არღარა ჰყვანდა რა, რამეთუ ერეკლე რუსეთს გაეშუა.

და ამა ჟამსა მოკუდა მეფე როსტომცა.

და ამა როსტომ მეფესა, ლუარსაბის შვილი რომ მოუკუდა, მას უკან მუხრანის ბატონის ვახტანგისათჳს მოეკიდნა ჴელი და ეშვილებინა, და უყუარდა როსტომ მეფეს დიდად. და იყო საქმის ჴელ-გამომავალი, მჴნე და ახოვანი და გამარჯუებული. მას. ჟამსა მოუძლურდა როსტომ მეფეცა და არღარა ეძლო შემოვლა ქართლისა და მაშინ გაგზავნა ვახტანგ მუხრანის ბატონი ყაენთანა და მისწერა წიგნი ყაენს. და უჯერებდა ყაენი დიდად როსტომ მეფესა და უშოვნა ჯანიშინობა ქართლისა.

და რა ჩავიდა ყაენთანა ვახტანგ, სცა დიდი პატივი და დიდად მიიჩნივეს. და შეუკუეთეს სჯული მაჰმადისა. და უთხრა პირველად ბევრი უარი, და არღარა ღონე ჰქონდა, მაშინ მორჩილ ექმნა. გაათათრეს და წარმოგზავნეს ჯანიშინად ქართლისა და მოვიდა ქართლსა.

მაშინ მოუძლურებულ იყო როსტომ მეფე და არღარა ეძლო და სრულიად სარეცელზედ მწოლარე იყო, ლხინობდა და განისუენებდა, ქართლს ესე არიგებდა.

ესე ვახტანგ იყო თესლი კოსტანტინე მეფისა: თჳთ კოსტანტინედამ თავიმეოთხე, რამეთუ კოსტანტინემ შვა დავით მეფე, გიორგი, მეფე ალექსანდრე, ბაგრატ და მელქისედეკ კათალიკოზი. ამან მეფემან დავით მისცა მუხრანი ძმასა თჳსსა ბაგრატს. და ამან ბაგრატ შეიპყრა ავ-გიორგი, და ამან ბაგრატ შვა ვახტანგ, აშოთან, მამა მოწამის ქეთევან დედოფლის და დედისიმედისა, რომელი იყო ცოლი ათაბაგისა, არჩილ და ერეკლე. ხოლო სამნი ესე ძმანი უძეო ესნენ, და ვახტანგ შვა თეიმურაზ და ქაიხოსრო, გამგებელი ქართლისა, ხოლო თეიმურაზ შვა ვახტანგ, რომელსა სპარსთა უწოდეს შანავაზ, და კოსტანტინე.

ხოლო როსტომ მეფემან განვლო სოფელი ესე დიდითა შუებითა და განცხრომითა, და მაშინ მოუძლურდა სიბერითა და სალმობიერ იქმნა. ხოლო ვახტანგ ჯანიშინმან წარავლინა კაცი და ამცნო ყაენსა სალმობიერება და მოუძლურება მეფისა როსტომისა.

ხოლო მას ჟამსა მომკუდარიყო შა-სეფი ყაენი და დაჯდა მის წილად ძე მისი შააბაზ. ამან შააბაზ წარმოავლინა კაცი და მოვიდა ტფილის[ს] და ნახა როსტომ მეფე მოუძლურებული და სალმობიერი.

და ამა ჟამსა შინა მოკუდა როსტომ მეფე, წაიღეს და დამარხეს ყუმსა. v
ხოლო დედოფალი მარიამ შეიყვანეს ტფილისის ციხეში ქრისტეს აქათ[...] ყაენის ბრძანებითა.

მაშინ მოვიდა ზაალ ერისთავი შეყრილი და დადგა ავლაბარში.

მას ჟამსა ეპყრა კახეთი მურთუზალ ყულიხანს და ზაალ ერისთავსა. და მურთუზალ ყულიხან იმისის ზურგით იდგა: ზაალ ერისთავის შეუკითხავი არა იქნებოდა რა კახეთში, რამეთუ როსტომ მეფეს დაედგინა იგი კახეთის გამგებელად და ეპყრა ზაალ ერისთავსა ერწო-თიანეთი.

ხოლო ქართლსა განაგებდა ვახტანგ, შანავაზ წოდებული, და ესე არიგებდა საქართველოსა.

ხოლო თათართა ეპყრა მონასტერი ალავერდი ციხედ და იყვნენ შიგა და სხუაცა მრავალი ადგილი კახეთისა დაეპყრათ, ბახტრიანი ციხედ ჰქონდათ. და მრავალი ელი ცოლშვილით ჩამოსახლდენ კახეთშია და მრავალსა ბოროტსა უყოფდენ მკჳდრთა კახეთისათა, რამეთუ ენებათ სრულიად კახეთი გასათათრებლად და ელის დასახლება. და ყარაღაჯში მურთუზული-ხან იჯდა.

და მას ჟამსა იდგა ზაალ ერისთავი შეყრილი ავლაბარში, რამეთუ ესე ვახტანგ მოყუარე იყო ზაალ ერისთვისა. ამა ვახტანგის ასული ზაალ ერისთვის ძის ზურაბისათჳს თხოვილი იყო, არამედ ვერცა მოყურობით მოიყენა და დიდად შურობდა და მტერ იყო საქართველოს გამგებლისა ვახტანგისა ზაალ ერისთავი.

ხოლო რაჟამს მიიცვალა როსტომ მეფე, გაგზავნა კაცი ვახტანგ, განმგებელმან საქართველოსმან, ყაენთანა და სთხოვა საქართველოს ბატონობა, მაშინ ზაალ ერისთავმანცა -- ძჳნად შურობდა მისა, -- წარგზავნა მანცა კაცი და ითხოვა თავისუფალ-ყოფა თჳსი ყაენისაგან, რამეთუ ჟამსა მას ფრიად მიემძლავრა საქართველო ყაენსა და ვერვის ძალ-ედვა თჳთფლობით პყრობა საქართველოსი, თჳნიერ ყაენისა.

ხოლო მოსცა ყაენმან ვახტანგს მეფობა საქართველოსი. ამას ჟამსა იყო ზაალ ერისთავი ფრიად განმდიდრბული და მორჭმული საუნჯითა. ამას შინა მოუვიდა ყაენისაგან რაყამი და ბატონობა ქართლისა შანავაზს. ხოლო რა ესმა საქმე ესე, წარვიდაჴევსა არაგჳსასა, განუდგა და არა მორჩილ ექმნა მეფესა შანავაზს.

შანაოზ მეფე

ხოლო ამა შანავაზ მეფესა ესუა ცოლად ასული ყაფლანისა, სახელით როდამ, ქალი ფრიად პატიოსანი და შემკული ყოვლითავე საქმითა კეთილითა, სრული სწავლითა სამღთოთა და საეროთა, შუენიერი და პირის-წყალი დედათა. ხოლო ოდეს უბოძა ყაენმან ქართლი მეფეს შანავაზს, მაშინ მოსწერა შერთვა მარიამ დედოფლისა და ვერღარა ურჩ ექმნა ყაენსა და არღარა ღონე ჰქონდა: შეირთო მარიამ დედოფალი. და ქმნეს ქორწილი სახელოვანი და ესუა ორივე ცოლად. რამეთუ ესხნეს როდამთანა ძენი და ასულნი.

და გაბატონდა შანავაზ. თჳთ ესე შანავაზ მეფე იყო კაცი საკჳრველი, ძლიერი საქმითა და გამარჯუებული. და ამას სჭირდა ოთხნი ესე საქმენი: ბრძენ იყო უპოველი, ბედნიერ იყო საკჳრველი, სარდალი და მამაცი უამხანაგო, პირად შეუბედავი და გულით მოწყალე უცხოდ.

და მისცნა ღმერთმან ძენი და ასულნი მსგავსნი მისნი: არჩილ იყო უხუცესი. ესე იყო კისკას, შუენიერ, მობურთალი, მოისარი. ყოველის კაცის ისარზედ ერთი ჴელის დადება ისარი უგრძე ჰქონდა. და არა იყო მსგავსი მისი. მეორე შვილი გიორგი ძლიერი გოლიათებრ, სამჴედროთა საქმეთა სრული და ჴელგამომავალი. და ასეთი სიტყუა ჰქონდა, მტერნი მოყურად შეცვალის.

და ალექსანდრე გაეზარდა ყაენსა. ესეთი იყო, რომ ყოველნი ყმანი ყაენისანი. ვითარცა ყაენსა, ეგრეთ პატივს სცემდენ.

ლევან იყო ბრძენი და მეცნიერი, შორდამნახავი საქმისა და განსწავლული სამეცნიეროთა წიგნითა. ლუარსაბ იყო მჴედრობის რიგის მცოდნე და სულეიმან კაცი პატიოსანი. მაგრამ ძმათა სიკეთე ჰფარევდა ასულთაგან: ანუკა ყაენმან ცოლად წაიყვანა და სულ ერანში მისი სიკეთე ასე განფენილიყო, რაც ქალი კარგს იქმოდა რასმე, იტყოდენ, ანუკა ბატონისშვილისაგან უსწავლიაო. და შუენიერი დიდად თამარი იყო მსგავსი დედისა, მოღუაწე, მართალი, ღმრთისა და კაცთა მოსაწონი, მაკეთებელი სამღთოსა და ეკლესიათა.

მაშინ, ვითარცა ესმა შანავაზ მეფის განძლიერება და წყალობა ყაენისაგან ზაალ ერისთავსა ეწყინა ფრიად და ყაენისაგანაც გულკლებულ იქმნა და შანაოზ მეფესაც შეუორგულდა, უკუდუდგა. და იყოფებოდა დუშეთსა, ეპყრა მტკიცედ საერისთო და განაგებდა კახეთსასა. და გული უთქმიდა მხოლოდ თჳთპყრობად კახეთისა, არა მრწმუნებელი მეფობასა შანავაზისასა. ხოლო ჟამსა ამას შინა მიიცვალა მპყრობელი ალექსანდრე და მოიყვანეს ძე მისი ბაგრატ, ნაშობი გურიელის ასულისა მიერ, რომელი ცილ-წამებულიქმნა მემრუშედ. ესე ბაგრატ იყო ოდიშს, მოიყვანეს იმერელთა და გააბატონეს.

ხოლო ბატონი თეიმურაზ დაშთა სკანდას ციხეში [...] ალექსანდრესი და დედის ნაცვალი ბაგრატისა. ამან დარეჯან მოიყვანა ძმიწული მისი ქეთევან, მამიდამან მისმან, და მისცა ბაგრატს, გერსა თჳსსა, და ისიძა. ამას ჟამსა შინა ქაიხოსრო გურიელი მოეკლა ყმასა მისსა მაჭუტაძესა, და გააბატონა განაყოფი მისი დიმიტრი გურიელი. და ძე ქაიხოსრო გურიელისა გიორგი ლტოლვილი წარვიდა ახალციხის ფაშას თანა და მუნ შეინახა ფაშამან და მისცა ბაგრატსა გერსა თჳსსა და იყვნენ მშჳდობით.

ხანსა რაოდენსამე უკანა მაშინ იმერლებმა დასჩხუბეს დარეჯან და გერი თჳსი ბაგრატ, და ჩამოუგდეს შური დიდი ურთიერთას. და რომელ[ნ]იმე იმერელნი მიერჩდეს დარეჯანს და რომელნიმე ბაგრატს, რამეთუ პირველად იმერელნი იყვნენ გულწრფელნი და ბატონისა თჳსისა ერთგული. და რაჟამს ჩავიდნენ კახნი იმერეთს, და იყოფოდეს მრავალჟამ მუნ. ხოლო კახნი ჩუეულებისაებრ იყვნენ ერთმანერთისა მეშურნენი და მტერნი და მრავლის ზაკჳსა და ჩხუბის მოქმედნი, ლაღნი და ამპარტავანნი, ტანთ-ჩაცმისა და სილამაზის გამომკიდენი და მოყუარენი, რამეთუ ესრეთცა იყო პირველითგან ჩუეულება მათი. და წაბაძეს მათ იმერელთაცა, ისწავეს კახთა წესი და კადეც გარდაამატეს. მიერითგან დამკჳდრდა იმერეთს ჩხუბი და დაუნდობრობა.

და ესრეთ დასჩხუბეს დარეჯან და გერი მისი ბაგრატ იმერელებმა, გმო ღმერთი დარეჯან. მოიპოვა ჟამი რამე, უღალატა გერსა და სიძესა თჳსა ბარგრატს: შეიპყრა და დასწვა თუალები. მოიყვანა შორეული ტომი ბატონის ალექსანდრესი ვახტანგ, რომელსა უწოდდენ ჭუჭუნასშვილად, და იგი შეირთო ქმრად.

ხოლო მას ჟამსა მოკუდა როსტომ ფაშა და დაჯდა ძე მისი ასლან ფაშა, რამეთუ ხონთქარი მით ჰკითხევდა და მათის შეკითხულობით იპყრობდა იმერეთს. და იგინი განაგებდენ და არიგებდენ. მაშინ წარმოემართა ასლან ფაშა ლაშქრითა და ჩამოვიდა იმერეთს. ვერვინ წინააღუდგა, წარმოიყვანა თანა ჭუჭუნაშვილი, ქეთევან და დარეჯან, მამიდა და ძმისწული. ესენი წარიყვანა ასლან ფაშამან და დააყენა ოლთის[ს] პატივითა დიდითა. ხოლო ბაგრატ თუალდამწვარი გააბატონა მუნვე იმერეთს.

და გამოჰჴდა ხანი რამე, მაშინ იმერლებმა დაუწყეს მეფეს შანავაზს ლაპარაკი და დადიანმანც, რამეთუ არა მორჩილ ექმნეს ბაგრატს, იქიდამ დადიანი მოუჴდა და დაიპყრა იმერეთი. ხოლო მეფე შანავაზ წარვიდა და მივიდა ფცისწყალზედა.

და მას ჟამსა ზაალ ერისთავი არა მორჩილებდა მეფესა შანავასს და იყო განდგომილ, ამისთჳს ვერღარა წარვიდა იმერეთს. ხოლო ძენი არაგჳს ერისთვის გიორგისა ოთარი ედიშერ და იასონ ახლდენ მეფეს შანავაზს თანა. ხოლო გიორგი, მამა ამ ოთარისა, ძმა იყო ზურაბ ერისთვისა. ესე გიორგი იყო კაცი ამაყი და უარშიო და არა მორჩილებდა ძმასა თჳსსა ხოლო შეიპყრა ზურაბ ერისთავმან და ბატონმან თეიმურაზ და დაკლებულ-ყო ორთავე თუალთაგან. ხოლო ამა გიორგის ესუა ცოლად და შანავაზ მეფის და ამა ქალისაგან ჰყვანდა გიორგის ძენი: ოთარი, ედიშერ, იასონ, პაპუა და დათუნა. ამათ მოაჴსენეს მეფეს შანავაზს: "ვინათგან ბიძა ჩუენი ესრეთ თქუენი ორგული დაურჩი არის და ჩუენთჳსაც მრავლის ავის მქნელი არის, დაგუჩაგრა და ჩუენის სამკჳდროს მამულის პური არ გუაჭამაო, გჳბოძე დასტური, წავალთ და მოვკლავთო. ხოლო მეფემან შანავაზ მისცა დასტური და მივიდნენ დუშეთს.

მაშინ უსჯულოთა აგარიანთა მიიმძლავრეს სრულიად კახეთი და მრავალსა ბოროტსა უყოფდენ მკჳდრთა კახეთისათა, მოაოჴრეს და განრყუნეს წმიდანი ეკლესიანი. მაშინ მგზავრი ვინმე ერთი კახი ხუცესი მარტო მივიდოდა გზასა თჳსსა კახეთში, ხოლო დამთხუევით შეემთხჳვა გზაზედა მღდელსა მას თათარნი რაოდენნიმე. და შეიპყრეს უსჯულოთა მათ ხუცესი იგი მტერთა მათ და მოშურნეთა ქრისტეს სჯულისათა. შეკრეს ხუცესი იგი მძლავრებითა და შეამთხჳეს საქმე სიბილწისა, რომელ არს ცოდვა სოდომურ და განუტევეს. ხოლო წარვიდა ხუცესი იგი და მივიდა დუშეთს. ზოგად ისხდენ ზაალ ერისთავი და ცოლი მისი, დაუჩოქა ხუცესმან და შესჩივლა:
"შენ ზაალ ერისთავი ხარო და კახეთის გამგებელიო, გააოჴრეს სრულიად კახეთი უსჯულოთა აგარიანთა და მე გზაზედ შემიპყრეს და შემამთხჳვეს საქმე უშუერი და ჴელშეკრულ განმხრწნეს და ყვეს ჩემ ზედა საქმე სათქმელადაც უშუერი. და აწ ამისი მაგიერი პასუხი ღმერთს შენ მიეც და შენ უნდა გასცე, ვინათგან უძნდა რწმუნებულ არს კახეთი".

ხოლო, რა ესმა საქმე ესე ზაალ ერისთავსა, დიდად მწუხარე იქმნა, და იყომას ჟამად ზაალ ერისთავი ყაენის მომდურავი. მაშინ შემოიფიცა ქსნის ერისთავი შალვა და ელიზბარ და კახი სუფრაჯი ბიძინა ჩოლაყაშვილი. და შემოიფიცეს მთის კაცნი თუშნი, რამეთუ შალვა ქსნის ერისთავი სიძე იყო მისი. ამათ გაატანა თანა ზურაბ, ძე თჳსი, და წარვიდენ ღამესა ერთსა. დაესსნენ თავსა სულტანსა ბახტრიანს და ამოსწყჳტეს, და მოსრნეს ბახტრიანის ციხეში მდგომნი ელნი, და რაც იყვნენ, მიჰყვნენ იქიდამე ჴოცითა, ჩავიდნენ ალავერდს და, რომელნიცა მუნ იყვნენ, თათარნი და ელი, რაც ესახლა, ყოველი მოსრეს პირითა მახჳლისათა. და ამოსწყჳტეს დედაწულითურთ და, აკუანში რომელნიც ყრმანი იწვნენ, იგინიცა დაჴოცნეს. სადაც კახეთს თათარი და ელი ესახლა, ყოველივე ამოსწყჳტეს და არა სადა დაშთა, რომ ყოველივე არ მოკლეს. და რომელნიმე ივლტოდეს. წარვიდეს და განაძეს. კახეთში თათარნი აღარსად იპოებოდენ, თჳნიერ ყარაღაჯისა. მაშინ ყარაღაჯს იჯდა მურთუზალი-ხან, და გაემარჯუათ და იშოვეს მრავალი საშოვარი. და განათავისუფლე კახეთი თათართაგან და არა სარა იპოვებოდა თათარი. წარმოვიდნენ და მოვიდნენ გამარჯუებულნი ზაალ ერისთავთანა.

ხოლო ესმა რა ესე ამბავი შააბაზს ყაენსა, იწყინა დიდად. მაშინ ყაენმანცა მოსწერა წაჴდენა და სიკუდილი ერისთვისა ზაალისა და, რომელნიცა ერივნეს თათართა სისხლსა შინა, იგინიცა დაჴოცეთო.

მაშინ ოთარი და მისი ძმები იმარჯუებდენ საქმესა და ცდილობდენ ღალატსა ზაალ ერისთვისასა. დღესა ერთსა იყო ზაალ ერისთავი დუშეთს, სუბად ფანჩატურში იჯდა, არავინ ახლდა. მოიპოვეს დრო და მივიდნენ. ერისთავი ნარდს შეექცეოდა. მაშინ უღალატეს ოთარმან და ძმებმან მისმან და მოკლეს ზაალ ერისთავი, ხოლო ძენი მისნი ივლტოდეს და წარვიდენ სამცხეს. ხოლო მეფემან შანავაზ გაუყენა უკანა კაცები. მოეწივნეს ტბისყურზედა, კაცები დაუჴოცეს და ორნი ძმანი, ზურაბ და ნაბერალი, შეიპყრეს და მოჰგვარეს მეფესა, და მან გაუგზავნა ყაენსა.

ხოლო შალვა ერისთავი და ელისბარ, ძე მისი, და სუფრაჯი ბიძინა ჩოლაყასშვილი არა მივიდეს მეფესა შანავაზთანა, არამედ წარვიდეს ყარაღაჯში მურთუზალყულიხანთანა. მან შეიპყრა და ყაენს გაუგზავნა.

ხოლო ზურაბ ძემან ზაალ ერისთავისამან დაჰყო რამე მცირედი ხანი ისპაანს და მოკუდა. უმცროსი ძმა მისი გაათათრა ყაენმან და ამყოფა თჳსთა თანა.

მაშინ ჩოლაყაშვილი ბიძინა, სუფრაჯი შალვა და ელისბარ ესენი მისცეს მკუდრის პატრონთა, ვითარცა წესი და ჩუეულება არს თათართა, რამეთუ მკულელს ჴელში მისცემენ მოსისხარსა, და ყვეს სამართალი ჩუეულებისაებრ მათისა. ხოლო დაჰპატიჟეს სჯული მაჰმადისა ბიძინა სუფრაჯს ჩოლაყაშვილსა და შალვასა და ელისბარს. მაშინ დიდად მჴნედ გამოჩნდეს სამნივე ესე მოწამენი და უმეტესად ბიძინა ჩოლაყაშვილი სუფრაჯი წადიერად იღუწიდა წამებისათჳს: განბასრეს მათ და გინებულ ჰყვეს სჯული მაჰმადისა. მაშინ ბიძინა ჩოლაყაშვილი განამჴნობდა შალვასა და ელისბარს, და ეტყოდა: "ნუ მოვმედგრდებით და ნუ შეუშინდებით, არამედ მივსცეთ თავი ჩუენი ქრისტესთჳს სიკუდილსა, რამეთუ სიკუდილი უნებელად თანაგუაც და ვერვინ წინააღუდგების სიკუდილსა. აჰა, ჟამი ესე არს შესვლად სასუფეველსა შინა" ერთჴმობით სამთავე აღიარეს ქრისტეს სარწმუნოება და უარჰყვეს სჯული მაჰმადისა, ხოლო მათ მახჳლებითა დაჭრეს იგინი ასოეულად და დაჴურიტეს რომელიმე თოფითა და რომელიმე მახჳლებითა დაჭრნეს. და აღსასრული სარბიელი წამებისა მიიღეს და იქმნეს, ვითარცა სხუანი პირველნი მოწამენი, გჳრგჳნოსან და აწ იხარებენ ზეცისა სასურველსა შინა.

ხოლო რაჟამს მოკლეს ზაალ ერისთავი, მაშინ მისცა ერისთობა ოთარსა მეფემან შანავაზ და მსაჯულობა საქართველოსი მისცა ედიშერს, ხოლო ქსნის ერისთობა მისცეს იესეს. და დაიპყრა მეფემან შანავაზ მტკიცედ საქართველო და იყვნენ დიდად ერთგულნი ოთარ ერისთავი, ედიშერ ქართლის მსაჯული, ქსნის ერისთავი იესე და სრულიად ქართლის დიდებულნი, და დაიერთგულნა სრულიად ქართველნი და მრავალსა კეთილსა უყოფდა მათ.

და ამათ ჟამთა შინა შერიგდენ მეფე შანავაზ და ვამიყ დადიანი: ამათ განიყვეს იმერეთი და დაანება ბუჯას გაღმართი დადიანს ვამიყს, და ბუჯას გამოღმართი თჳთ მეფემან დაიპყრა. და მეფობდა მეფე შანავაზ სამთავე სამეფოთა: ქართლსა, კახეთსა და იმერეთსა ზედა, ესრეთ განდიდნა და აღემატა მეფობა და სიმდიდრე მისი საქართველოსა შინა.

და განამდიდრნა ყოველნივე მკჳდრნი სამეფოთა თჳსთანი: უკეთუ ვინმე იყო გლახაკი და უპოვარი მონაგებთაგან, აღივსნეს უხუად წყალობითა და საჴმართა ბოძებითა მისითა, და უკეთუ იყო ვინმე ნაკლულოვან აგარაკთაგან, ანუ მონათაგან, ანუ საჭურჭლეთაგან, ყოველნივე განმდიდრდეს, და გარდაემატათ სიმდიდრე და მორჭმულობა მკჳდრთა საქართველოსათა.

და სადაცა იყო იატაკი მთათა შინა, ანუ ბართა უჴმად მყოფი, ყოველივე საჴმარად კაცთა შერაცხილ იქმნა: უშენნი აღშენდეს და მრავალნი დაბანი და დიდ-დიდნი თემნი შესძინნა სამეფოსა საქართველოსასა. და სადაცა იყვნენ თანამდებნი, მევახშეთაგან განათავისუფლნა.

და წმიდანი ეკლესიანი ზეშთა აღმატებულ-ყო შესაწირავითა აგარაკთა და ყოველთასამკაულთა მიერ განაშშენა, გლახაკთა და უღონოთათჳს ფრიად მოწყალე და ქველის-მოქმედი იყო: ტყუენი გამოჴსნილ იქმნეს.

ქურივთა და ობოლთა მოწყალე, მართლ-მსაჯულ და ძელის-ამპყრობელ, და იყო ყოველთათჳს მოსამართლე და მოწყალე, მსჯავრსა შინა პირ-უთნებელ, უქრთამო და სწორის სამართლის მოქმედ, უხჳ, უშურველ-უტყუარ, ერთგულთათჳს უხუად წყალობის მიმნიჭებელ, ურჩთა და ორგულთა ძლიერად შემრისხველ, დიდებისა და სახელის მეძიებელ, მტერთა მიმართ უძლეველ და ახოვნად წინა-განმწყობ, წინააღმდგომთა თჳთა უშიშრად შემმართველ, რაზმთა და წყობათა შინა კეთილად განმზრახი სარდალი, რაინდობათა შინა უებროდ მორბედი და ყოველსავე სამამაცოსა ზნეობასა შინა უსწორო. და ესრეთ კეთილად მართებდა სამთავე სამკჳდროთა სამეფოთა თჳსთა და თჳთ სუე-სრულობით მეფობდა და განაგებდა განსაგებელთა თჳსთა.
v და ამა ჟამსა შინა მიიცვალა კათალიკოზი ქრისტეფორე და დასუა მის წილად ბიძაშვილი თჳსი დომე[ნ]ტი, კაცი სრული საქმითა, რამეთუ ამან მატა სჯულსა და წესსა ეკლესი[ი]სასა.

ხოლო ეხსნეს ფრიად პატიოსნისა სჯულიერის მეუღლისა თჳსისა როდამისაგან ძენი ექუსნი და ასულნი ორნი. სახლი ასულთა მათ: ანუკა და თამარი, ხოლო ძეთა მათ სახელები: პირმშო და საყუარელი არჩილ, გიორგი, ლუარსაბ, ალექსანდრე, ლევან და სულეიმან.

აღზარდნა მეფემან ესენი დიდად სახელოვანნი და პატიოსანნი ძენი და ასულნი თჳსნი მრავლითა ფუფუნებითა და საჴელმწიფოსა სწავლითა და სიბრძნე-მეცნიერებითა. პირველად განსწავლნა სამღთოთა წერილთა სწავლა-თარგმანებათა და განმარტებათა მიერ, ხოლო უმეტესად საეროთა და სავაჟკაცოთა მჴედრობითა გამოცდილობითა ყოვლითურთ, სამამაკაცო ზნეობითა ესრედ სახედ, რომე არაოდეს არა აღზრდილ არს საქართველოსა შინა მათებრივ არცა ძენი მეფეთანი და არცა დიდებულთანი.

რამეთუ ჟამთა შინა მეფისა როსტომისათა ფრიად მიდრკა ქუეყანა ქართლისა სწავლისაგან სამღთოთა წერილთასა, რამეთუ კნინღა და თჳთ სამღდელონიცა კრებულნი და დასნი არღარა მზრუნველ და მეძიებელ იქმნეს სამღთოთა სწავლათათჳს,არამედ უფროსღა და უმეტეს აღმრჩეველთა საქმეთა მსოფლიოთა და ჴორციელებრთა მიერ უჴმარ და უდებ ყვეს სრულიად ღ(ვ)თივ-სულიერნი და სამღთონი სწავლანი, რომელ ესე ფრიად უმეტეს ჯერ-იყო შეწყნარებად და აჰა დატევებად, რამეთუ ამათ ჟამთა შინა კუალად იწყეს მოქცევად ბოროტისაგან და ქუეყნად კეთილისა: სწავლად და გულს-მოდგინედ წურთად ღ(ვ)თივ-სულიერთა საქმეთა მოქმედებად. და განშუენდეს წმიდანი ეკლესიანი და მონასტერნი და ყოველნივე წესნი ეკლესიათანი განმრავლდეს საქართველოსა შინა მიზეზითა ძეთა მეფისათა შანავასისათა ვითარმედ ესე სიტყუანი ძუელითგან თქმულ არს: "ჟამნი მეფენი არიანო". და დედოფალმან მარიამ შეამკო ეკლესიანი შესამოსლითა ხატითა, ჯუარითა და წირვის იარაღითა, ნაკერითა მარგალიტითა და თუალითა. და ედვა ამა დედოფალსა პატივი დიდი ყაენისაგან და ყოველთა საქართველოსა კაცთაგან და ქალთაგან, მთავართა და დიდებულთაგან, იყო ყოვლითურთ შემკული კეთილითა, რომლისა მსგავსი თამარ მეფისა შემდგომად არღარავინ [...]

[თა]მაზ სარდალი და სხუანიცა მივიდეს და დაეგნეს ნაზარალიხანს. ხოლო ჟამსა ამას დიდად მძლავრობდეს ლეკნი კახეთს და მტერობდეს ური[ცხჳთა] ავაზაკობითა და პარვითა, ამისთჳსცა განილაშქრეს მათ ზედა კახთა. და მისცა ქალბალიხანცა ნება და შეკრა სრულიად მკჳდრნი კახეთისანი და შეუჴდეს ჭარსა, ხოლო ლეკნიცა განეწყუნეს სიმაგრეთა შინა და დიდად იზღვივნეს კაცნი ლეკთა მიერ: მოისრნეს მრავალნი თავადნი, აზნაურნი და უფროსად გლეხნი, მოსწყჳდნე[ს] პირითა მახჳლისათა და იოტნეს იგინი და იავარ-ყვეს ხვასტაგნი და ქონებანი მათნი, და ესრეთ ოტებულნი წარმოვიდეს.

მაშინ ნაზარალიხან განაზრახა ქალბალიხანს და წარგზავნეს წინაშე ყაენისა მუხრანის ბატონი პაპუა, ქსნის ერისთავი დავით და სარდალი თამაზ ძისა თჳსისა მამუკათურთ. ხოლო ოდეს შთავიდეს ისპაანს პაპუა მუხრანის ბატონი და თამაზ სარდალი დაჴსნის ერისთავი, პყრობილნი წარგზავნეს ქირმანს, ხოლო ქაიხოსროს, ძმისწულსა მეფისასა, არა კეთილად შემწყნარებელმან ნაზარალიხან მიუღო დაბანი და მამულნი, რომელნიც ეპყრა მას, და ამისთჳს აღარ დაიმდაბლა თავი და წარვიდა წინაშე ყაენისა, რამეთუ თანაშემწედ აქუნდა ქალბალიხან, და მემანდრითა და პატივითა წარგზავნა იგი. და ვითარცა შთავიდა ისპაანს ქაიხოსრო, განიხარა ყაენმან და პატივ-სცა მამასაცა მისსა და თჳთ მასცა, ხოლო ერევნის ხანი და ქალბალიხან მოშურნე იყვნეს ურთიერთას და ამისთჳს განიზრახა ერევნის ხანმან და მოსწერა წიგნი მეფესა გიორგის, რათა პირობითა და თავდებობითა მისითა დაეგოს იგი ყაენსა, რამეთუ ეტეოდა, ვითარმედ: "არარა ბოროტი გიქმნიესო სპათა მისთა ყიზილბაშთა ზედა, ამისთჳსცა მე ვიყო თავსმდები შენი, რათა არა გეყოს შენა ზღუევა, არამედ უფროსად სარგებელი და წყალობა და მრავალწილად კეთილის ყოფა ყაენის მიერ". კუალად ამასვე პირობასა აღუთქმიდა და დიდად წადიერებით ეზრახებოდა მეფესა ქალბალიხან და იღუწიდა პირითა მისითა დაგებასა ყაენისასა, არამედ არა ინება მეფემან მის მიერ, არამედ მიერჩდა ერევნის ხანსა და იქმნა მეგობარ მისსა. ხოლო ერევნის ხანმან აუწყა ესე ყაენსა და განიხარა სიხარულითა დიდითა შაჰსულთან უსეინ ყაენმან დაგებად მეფისა გიორგისა და მისცა ერევნის ხანსა წყალობად თოფანჩგიაღასობა, რომელ არს ყოვლის მეთოფის ბატონობა და უფროსობა, და წაიყვანეს კარსა ზედა ყაენისასა მაშინ მეფემან გიორგი წარავლინა ზურაბ ზურაბიშვილი ყაენთანა და მივიდა თოფანგჩიაღასთანა. და ვითარცა შთავიდა ისპაანს, განიხარეს თჳთ მან ყაენმან და ყოველთავე დიდებულთა მისთა შთასლვა მეფის გიორგისა და მსწრაფლ აღუსრულეს ყოველივე სათხოველი მეფესა: და მოსწერეს რაყმები და წყალობა და წარმოგზავნეს მალემსრბოლი. და მოვიდა იმერეთს სახლსა შინა წერეთლისასა საჩხერეს და ერევნის ნაიბი და სხუანიცა დიდებულნი ყაენის ბრძანებითა წარმოგზავნეს, რათა მრავლითა დიდებითა და პატივითა ჴელმწიფურად ჴელისა წარმართებითა მსახურ ექმნენ მეფესა და მიართვიდენ შემსგავსებულსა ულუ[ფ]თა და სანოვაგეთა განწესებითა. და განემზადა წარსლვად.

მაშინ იყო ვინმე იმერელ ბატონის ბაგრატის ნაბიჭვარი და მას მიერთნეს რომელნიმე თავადნი იმერელთანი და აუწყეს ხვანთქრის ვეზირ-აზამსა და ქრთამითა მოიმადლეს იგი. და მისცეს ბატონობა და შეამოიყვანეს იგი და გააბატონეს, რამეთუ იყო ესე კაცი შეუგვარი და უღირსი ბატონობისა, ხოლო არჩილ მეფე გარდააგდეს. და მისცა აბაშიძემან გიორგი ცოლად ასული თჳსი, ცოლყოფილი ალექსანდრესი. და წარვიდა არჩილ მეფე ზრამა[გ]ას. ამას ზედა მოუვიდა მეფესა გიორგის მემანდარი ყაენისა და გარდავლო მთა და მივიდა ალს. მაშინ დაუტევა ქართლს სულაიმან ძმა თჳსი ცოლშვილითა და კათალიკოზი ნიკოლოზ, რამეთუ ჟამსა ამას შინა გარდაცვალებულიყო ამილახორი გივი, კაცი პატიოსანი ყოვლითურთ, იმერეთს, და ძე მისი ანდუყაფარ და ესენი ყაენის ბრძანებითია დააყენეს ქართლს, და წარიყვანა თანა ისპაანს არაგჳს ერისთავი გიორგი და წარვიდა მეფე და მოართუეს ყიზილბაშთა არმაღანი მრავალი და დიდისა დიდებითა შთავიდა ისპაანს.


დაბრუნება ისტორიის განყოფილებაში